საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ და ეროვნული მუზეუმი პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შექმნიან, რომლის პრაქტიკული ნაწილი  ვანის მუზეუმში განხორციელდება. შეთანხმებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  ვანის არქეოლგიურ მუზეუმში ერთობლივი კვლევების და საზაფხულო სკოლების პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი პროგრამა კიდევ მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, „ძალიან ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მუზეუმთან ერთად,  ეს ითვალისწინებს ადგილობრივი კადრების გადამზადებას, ერთობლივ კვლევას, ერთობლივ სადოქტორო პროგრამას, საზაფხულო სკოლების მთელ პროექტს, რომელიც ამ რეგიონში ჩამოყალიბდება.“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.  მისივე განცხადებით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან. კერძოდ, მუზეუმის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადება და აიმაღლონ კვალიფიკაცია სწორედ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის საშუალებით. ამასთან, პროგრამაზე სწავლა შეეძლება კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომლებიც საველე პრაქტიკას სწორედ ვანის მუზეუმში გაივლიან. კურსდამთავრებულები  აკრედიტებულ პროგრამაზე ისწავლიან და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ  სერტიფიკატს.

 

 „ეროვნულ მუზეუმს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ბუნებრივია ვანის მუზეუმი იქნება ამის ნაწილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ეს პლატფორმა გამოყენებული იყოს მეცნიერების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფესიების განვითარებისთვის. ვანი წარმოადგენს რეგიონალურ ცენტრს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულს და სამეცნიეროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიების განვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუზეუმთან და სწორედ ამაში დაგვეხმარება ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

 

თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  ვანში მომზადდება საუკეთესო კადრები, როგორც მუზეუმში, ისე შემოგარენში.  ამასთან ერთად, ვანის მუზეუმი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში.  

 

 

 

თარიღი: 28/10/2020