თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მხატვრებისა და სტუდენტების მონაწილეობით პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიხსნა, რომელიც ცნობილი ქართველი მეცნიერისა და მხატვრის დავით კაკაბაძის დაბადებიდან 135-ე წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წარმოადგენენ მოხსენებებს მსოფლიო სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ასპექტზე, გაიმართება სამუშაო შეხვედრა მხატვრებისთვის და მასტერკლასი სტუდენტებისათვის. სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე, მოეწყო ქართველი მხატვრების, თსუ ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტებისა და წარმომადგენლების ნახატების გამოფენა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით, სიმპოზიუმზე თემატურად მრავალფეროვანი მოხსენებებია წარმოდგენილი. „სიმპოზიუმის პროგრამა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც დავით კაკაბაძის შემოქმედება. ღონისძიებაზე მოისმენთ საინტერესო მოხსენებებს დავით კაკაბაძის შესახებ, ასევე მოხსენებებს ქართული და მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა ასპექტზე“,-განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლევან სილაგაძის ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების სწავლებას თსუ-ში 30-წლიანი ისტორია აქვს და ის ყოველთვის ეყრდნობოდა მხატვრობის პრაქტიკულ-შემოქმედებითი უნარების და თეორიული ცოდნის დაბალანსებულ ურთიერთკავშირს. მნიშვნელოვანია, მხატვრების, მეცნიერების, და სტუდენტების ერთად ყოფნა, რადგან სიმპოზიუმის სინთეზური ხასიათი - სამეცნიერო კონფერენცია და მხატვრულ-შემოქმედებითი აქტივობა განაპირობებს სწორედ მის ღირებულებას და სამომავლო პოტენციალს“, - აღნიშნა ლევან სილაგაძემ.
სიმპოზიუმის მიზანია ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია; სახელოვნებო დარგში პოპულარული ტენდენციების გაცნობა და გავრცელების ხელშეწყობა;სხვადასხვა თაობის მეცნიერებსა და მხატვრებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მხატვართა როლის გამოკვეთა; ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან, მხატვრებთან კავშირების გაღრმავება და სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროებში მიღწევების გაზიარება; მხატვრობაში თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების წარმოჩენა და განხილვა.
საერთაშორისო სიმპოზიუმში ქართველ მეცნიერებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ სპეციალისტები გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან.