თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ისტორია“ (A History of Georgia) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან: თსუ რექტორი, აკადემიკოსი, თსუ პროფესორი ჯაბა სამუშია და თსუ პროფესორი დიმიტრი შველიძე.
საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით ჯაბა სამუშიას ავტორობითაა მოცემული, ხოლო მე-19 მე-20 საუკუნეების ისტორიის ავტორი დიმიტრი შველიძეა. თსუ რექტორის თქმით, ინგლისურენოვანი წიგნი სპეციალურად შეიქმნა ლონდონისა და პარიზის წიგნის მსოფლიო ბაზრობებისთვის. „საჭირო გახდა საქართველოს ისტორიის ერთიანი წიგნის შექმნა, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან. საზღვარგარეთ ხშირად ყოფილა ისტორიკოსების მცდელობა ამა თუ იმ საკითხის სხვაგვარად წარმოჩენისა. ამ წიგნით ინგლისურენოვან მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საქართველოს რეალურ ისტორიას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ პროფესორმა დიმიტრი შველიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წიგნში აღწერილი ფაქტები და მოვლენები ინგლისურენოვან მკითხველს საქართველოსთან აკავშირებს და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებთან მათ ლოგიკურ კავშირს წარმოაჩენს. თსუ რექტორის ინფორმაციით, თსუ-ში უახლოეს პერიოდში შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს თსუ მეცნიერების ნაშრომების ინგლისურ ენაზე თარგმნას, გამოცემასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას. დაგეგმილია თსუ გამომცემლობის კავშირების დამყარება ევროპულ საგამომცემლო სახლებთან, რაც მნიშვნელოვანია თსუ-ის გამოცემების ევროპულ ბაზარზე გავრცელებისთვის. ილუსტრირებულ წიგნში „A History of Georgia“ ქრონოლოგიურადაა აღწერილი საქართველოს ისტორია ანტიკური პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე. გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის ერთგვარ სრულყოფილ შეჯამებას, დაწერილია მარტივი ენით, გასაგები პოპულარულ-სამეცნიერო სტილით. საქართველოს ისტორიული რეგიონების მიმოხილვების შემდეგ, მკითხველი ეცნობა საქართველოს ისტორიას ქვის ხანიდან დაწყებული, ძველი ქართული სახელმწიფოების ისტორიას, რომაელთა ლაშქრობებს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, შუა საუკუნეების მოვლენებს, რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების შეერთებას, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს, საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებას, სტალინური რეპრესიების ეპოქას, ანტისაბჭოთა დისიდენტურ მოძრაობას, საბჭოთა კავშირის დაშლას. წიგნში თხრობა სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამბით.