საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტოგო გუდავა -100

2022 წლის  20 დეკემბერს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტის  ორგანიზებით გაიმართა  პროფესორ ტოგო გუდავას დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. პროფ. ტოგო გუდავას ყოფილმა სტუდენტებმა და მოწაფეებმა, თსუ პროფესორ-მასწავლებლებმა საენათმეცნიერო საზოგადოებას წარუდგინეს ახალი ლინგვისტიკური კვლევები და პროფ. ტოგო გუდავას სამეცნიერო შრომათა სრული ბიბლიოგრაფია. შეხვედრა  ჰიბრიდული — დასწრებული და ონლაინფორმატით წარიმართა.

 

ტოგო გუდავამ 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ბოთლიხური ენის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები“ და იმავე წელს  დაიწყო მუშაობა ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერი-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1950 წლიდან იგი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია,  1966 წლიდან კი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი.  ტოგო გუდავა ავტორია 80-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ხუთი საეტაპო მნიშვნელობის მონოგრაფიისა: „ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი" (1959), „ბოთლიხური ენა. გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი" (1963), „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964), „ბაგვალური ენა" (1971), „დიდოურ ენათა კონსონანტიზმის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“ (1979).

 

ტ. გუდავას გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ კვლევას. მან მეცნიერულად პირველმა შეისწავლა დაღესტნის  რამდენიმე უმწერლობო ენა (ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური). მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები. მისმა ნაშრომებმა უდავოდ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარების საქმეში. ტ. გუდავას გამოკვლევების შედეგები ფართოდაა ცნობილი უცხოეთის სამეცნიერო წრეებში. იგი წლების მანძილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა საენათმეცნიერო დისციპლინაში („ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკა", „ხუნძური ენა"...); ტ. გუდავამ დიდი როლი შეასრულა დაღესტან-საქართველოს სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების განმტკიცებაში.

თარიღი: 20/12/2022