საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“

ქართველმა სპეციალისტებმა, მკვლევრებმა ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან წაიკითხეს მოხსენებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციის „ანისი გზაჯვარედინზე“ გახსნაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი  გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი  ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი  ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი  დავით ლორთქიფანიძე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები. 

თსუ რექტორის  გიორგი შარვაშიძის განცხადებით,  „ღონისძიების ფორმატი ძალიან საინტერესოა - აქ თავს იყრის პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობა. შემთხვევითი არაა, რომ კონფერენცია რომელიც ეძღვნება ანისს - უნიკალურ მრავალკულტურულ გარემოს - ტარდება თბილისში. ანისის მსგავსად თბილისიც საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ გზაჯვარედინს წარმოადგენდა. ანისის მრავალფეროვან გარემოში ქართველთა კვალის გამოყოფა და, საერთოდ, ამ გარემოს შექმნაში საქართველოს, როგორც აქტიური მონაწილის წარმოჩენა აუცილებელია.“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის  ნიკოლოზ ანთიძის თქმით,  „კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კულტურულ მემკვიდრეობას საზღვრები არ აქვს. სადაც კი რაიმე იკვეთება ქართული კულტურის განვითარებისთვის, ცოდნის ამაღლებისთვის, მეცნიერული კვლევისთვის - სწორედ, ამას ემსახურება მსგავსი კონფერენციები. ვფიქრობ რომ მომავალი თაობისთვის ეს იქნება მაგალითი, თუ  როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა იცნობდე და იცავდე კულტურულ მემკვიდრეობას.“

„ანისი ასწლეულების მანძილზე გამორჩეული იყო თავისი ბუნებით, თავისი ხასიათი. იქ თავს იყრიდა სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კულტურულ-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, აღმსარებლობითი გზები. ამიტომაც ჰქვია კონფერენციას „ანისი გზაჯვარედინზე“. მნიშვნელოვანია კონფერენციის პროგრამაც, რომელიც აერთიანებს საისტორიო წყაროების კვლევას, არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, ეპიგრაფიკის შესწავლას,“- აღნიშნა თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  ზაზა სხირტლაძემ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ორი გამოფენა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინება თურქი ფოტოხელოვანის, ვედათ აკჩაიოზის ფოტოები, რომლებზეც ანისის ძეგლებია აღბეჭდილი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კი წარმოდგენილი იქნება ანისის ნაქალაქარის ამსახველი ძველი ფოტოები მუზეუმის კოლექციებიდან. 

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტი „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც ანისის ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ისახავს მიზნად. პროექტის დაფინანსებაში ასევე მონაწილეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

თარიღი: 26/11/2019