ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი თავისი მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობით, საერთაშორისო ავტორიტეტითა და აღიარებით ფილოლოგიურ და ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მის ფარგლებს გარეთაც.
რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფართოა და მოიცავს როგორც ვიწრო დარგობრივ, ისე ფართო ჰუმანიტარულ პრობლემატიკას, რომლის კვლევის დროსაც ავტორი მთელი რიგი სამეცნიერო პრობლემატიკის სრულიად ახლებურ გააზრებას გვთავაზობს და თავისი ნოვატორული მიდგომებით როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ბერძნული ცივილიზაციის ისტორია, ბერძნული მითოლოგია, ჰომეროლოგია, ბერძნული ენათმეცნიერება, ეგეისტიკა, მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობები.
რისმაგ გორდეზიანი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-მდე წიგნის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და უკრაინაში. მისი წიგნები გამოცემულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. რისმაგ გორდეზიანის მონოგრაფია "Проблемы гомеровского эпоса" დღემდე გამოიყენება ანტიკური ლიტერატურისა და ჰომეროლოგიის სახელმძღვანელოდ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ხოლო გერმანიაში დასტამბული მისი ნაშრომები ჰომეროსის მკვლევართა სარეკომენდაციო ყველა საერთაშორისო ბიბლიოგრაფიაშია შესული.
რისმაგ გორდეზიანმა, როგორც მკვლევარმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას ჰომეროსის პოემების ცალკეულ საკამათო საკითხთა ახლებური და დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული გადაწყვეტა შესთავაზა. ასევე ნოვატორულია მისი ხედვები და ჰიპოთეზები მედიტერანულ-ქართველური მიმართებების სფეროშიც.
რისმაგ გორდეზიანის წყალობით ქართულ საუნივერსიტეტო საზოგადოებას და უბრალოდ ქართულ ინტელექტუალურ წრეებს საშუალება აქვთ, რომ მშობლიურ ენაზე გაეცნონ ელინისტიკის სფეროში მის მიერ შექმნილ ორიგინალურ სახელმძღვანელოებს, რომლებშიც გათვალისწინებულია კლასიკური ფილოლოგიის უახლესი საერთაშორისო მიღწევები და ცალკეულ შემთხვევებში პრობლემათა ორიგინალური ხედვაც არის წარმოდგენილი (მაგალითად, იხ.: ბერძნული ცივილიზაცია, კლასიკური ფილოლოგიის შესავალი, ბერძნული ლიტერატურა, ძველი და ახალი ბერძნული ენების შედარებითი გრამატიკა, ბერძნული მითების სამყარო და სხვ.).
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს რისმაგ გორდეზიანის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელებული ინტერდისციპლინური პროექტი „ანტიკური კავკასია“, რომელიც ქართულ საზოგადოებას უპრეცედენტო მასშტაბის ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური პროფილის უახლეს ენციკლოპედიას სთავაზობს.
რისმაგ გორდეზიანს 40-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც (საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკია, ჩეხეთი და სხვ.).
რისმაგ გორდეზიანის პედაგოგიური საქმიანობა 45 წელზე მეტს ითვლის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა (სადაც იგი 1967 წლიდან სხვადასხვა სტატუსით მოღვაწეობდა), როგორც მოწვეულ პროფესორს მას სასწავლო კურსები და საჯარო ლექციები წაკითხული აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (საბერძნეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, რუსეთი, ნორვეგია და სხვ.).
რისმაგ გორდეზიანის პედაგოგიურ საქმიანობას ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოარჩევს: იგი არის 40-მდე დისერტანტის ხელმძღვანელი და ელინისტთა რამდენიმე თაობის აღმზრდელი. იგი თანაბრად ზრუნავდა როგორც თავის სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაზე, ისე ახალგაზრდა, პერსპექტიულ მკვლევართა პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათ ინტეგრაციაზე, რაც საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წინაპირობა უნდა მივიჩნიოთ.
რისმაგ გორდეზიანი იყო არა მხოლოდ მრავალმხრივი და პროდუქტიული მკვლევარი და განსაკუთრებული პედაგოგიური ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებული ლექტორი, არამედ გამორჩეული ორგანიზატორი, არა ერთი შესანიშნავი იდეის ავტორი და განმახორციელებელი. სხვადასხვა დროს იგი იყო თსუ ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე, თსუ პრორექტორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ფუძემდებელი და მისი დირექტორი.
რისმაგ გორდეზიანის თაოსნობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებას - ახალ ბერძნულ ფილოლოგიას. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ასევე რისმაგ გორდეზიანის მიერ დაარსებული საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“, რომელმაც არსებობის მანძილზე 200-ზე მეტი სახელმძღვანელო, მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალი, თარგმანი და ლექსიკონი დაბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ რისმაგ გორდეზიანის ხელმძღვანელობით დაიწყო პოსტ-საბჭოთა პერიოდში მოქმედი ერთსაფეხურიანი სისტემის ეტაპობრივი გადასვლა ორსაფეხურიან სისტემაზე, რაც იმ დროისათვის მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული და პროგრესული ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, თსუ-ში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებით რისმაგ გორდეზიანმა შემოგვთავაზა ფაკულტეტის მოწყობის ახლებური ხედვა, სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოდელი, რომელიც მოგვიანებით მთელი ფაკულტეტის მასშტაბით დაინერგა როგორც ძალიან მოქნილი და ეფექტური სტრუქტურული ერთეული.
რისმაგ გორდეზიანის სამეცნიერო და ორგანიზაციული მოღვაწეობის ერთგვარი სინთეზია მისი სარედაქციო საქმიანობა. სხვადასხვა წლებში იგი იყო მის მიერ დაარსებული საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალების „ფაზისისა“ და „კავკაზიკის“ რედაქტორი, ჰუმანიატრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალ „სპეკალის“ სარედაქციო საბჭოს წევრი, ჟურნალ „რელიგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, გერმანულ სამეცნიერო ჟურნალ „ფილოლოგუსის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
რისმაგ გორდეზიანის მრავალმხრივი ინტელექტუალური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღიარებული და დაფასებულია როგორც ქართული საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. იგი არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ნაშრომებისათვის ჰომეროლოგიასა და ეგეისტიკაში მინიჭებული აქვს თსუ პირველი, რესპუბლიკური და საკავშირო პრემიები; დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით და პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით.
რისმაგ გორდეზიანის დიდ საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი არის საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, Collegium Europeum-ის წევრი (გერმანია). გარდა ამისა, იგი არის საბერძნეთის ღირსების ორდენის ერთადერთი ქართველი კავალერი.
რისმაგ გორდეზიანის, როგორც დიდი მეცნიერის, ფილოლოგთა მრავალი თაობის აღმზრდელი მასწავლებლის და ჭეშმარიტი უნივერსიტეტელის სახელი მარად დაუვიწყარი იქნება.