საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ილია ჭავჭავაძე - წარსული და თანამედროვეობა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ინიციატივით, პანელური სესია, სახელწოდებით: "ილია ჭავჭავაძე - წარსული და თანამედროვეობა" გაიმართა. ღონისძიება „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორმა დავით ფრანგიშვილმა გახსნა.

 

„ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება და მისი საზოგადოებრივი აქტივობა არის ერთგვარი გეზის მიმცემი, თუ რა უნდა ვაკეთოთ ქართველებმა რათა ვიყოთ ჭეშმარიტად პროგრესული ერი, განათლებასა და წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოება. ... მნიშვნელოვანია ასეთ ორგანიზაციასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მჭიდრო ურთიერთობა, რადგან რეგიონული ცენტრი ხელს უწყობს და გზას უხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონში ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას“, - აღნიშნა პანელური სესიის გახსნაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ.

 

 ილია ჭავჭავაძე - საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში თანამედროვე, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ევროპელობის და საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ, პირველად, სწორედ ილია ჭავჭავაძის ნააზრევში გამოჩნდა. საგარეო საკითხებისადმი მიძღვნილმა მისმა წერილებმა მეტად დააახლოვა ქართული საზოგადოება დასავლეთსა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრნენ და კიდევ ერთხელ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას თსუ პროფესორებმა: დიმიტრი შველიძემ, მარიამ ხარატიშვილმა და ირაკლი ჩხეიძემ. ღონისძიების მოდერატორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელი აკაკი ჩიქობავა გახლდათ.

თარიღი: 26/12/2022