საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალფრედ ადლერის ნაშრომის „ადამიანის ბუნების შეცნობისთვის“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალფრედ ადლერის ნაშრომის „ადამიანის ბუნების შეცნობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე ფსიქოთერაპიის შემქმნელი „დიდი სამეულის“ ნაკლებად ცნობილი წევრის კლასიკური ნაშრომი ფსიქოლოგმა, თსუ-ს კურსდამთავრებულმა თამარ ბოგვერაძემ თარგმნა. წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა.

„მისი სახელი ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ გუსტავ იუნგის, თუმცა თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომების უმრავლესობა ადლერის იდეებს იყენებს. რომლებიც ბევრ სხვა თეორიას დაედო საფუძვლად.ის 1911  წელს ჩამოშორდა ფსიქოანალიზს და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ დაარქვა, რადგან პიროვნებას ერთ მთლიანობად განიხილავდა, ჩართულს სოციალურ კონტექსტში“, – აღნიშნა წიგნის პრეზენტაციაზე თამარ ბოგვერაძემ.

"1970-1990-იანი წლებიდან ფსიქოლოგიაში ძირითად მიმართულებად იქცა ობიექტთან ურთიერთობის თეორია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა  სხვა ტერმინებით გადმოცემული  ადლერის  თეორია, ანუ ჩვენ ადამიანის განვითარების განხილვა სოციალური კონტექსტის გარეშე არ შეგვიძლია. ამავე დროს, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს,  რომ  ეს წიგნი დაწერილია მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ ცოდნის შესაბამისად რაც, მაშინ არსებობდა“, – განაცხადა წიგნზე საუბრისას თსუ პროფესორმა, ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა.

„დიოგენე“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გამომცემლობებს შორის, რომელიც ქართულ ენაზე არამხატვრულ ტექსტებს გამოსცემს და, მათ შორის არის კლასიკური შრომები ფსიქოლოგიაში. ალფრედ ადლერი უდავოდ  განეკუთვნება მათ რიცხვს. ძალიან გამიხარდა, რომ თარგმანზე თამუნა ბოგვერაძემ იმუშავა. ვფიქრობ, ყველა ფსიქოლოგისა და, ზოგადად, დაინტერესებული მკითხველისთვის ალფრედ ადლერის წიგნის „ადამიანის ბუნების შეცნობისთვის“ გამოცემა მნიშვნელოვანი სიახლეა“, – აღნიშნა შეხვედრაზე  გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ.

თარიღი: 05/12/2022