ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი, კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა და მასთან არსებული ლაბორატორია ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი შვეიცარიელი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, პროფესორ ალექს მიულერის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებს და მოწაფეებს.
პროფესორ ალექს მიულერს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, იყო მისი საპატიო დოქტორი 2007 წლიდან. ის 2006 წლიდან თანამშრომლობდა კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრასთან რომელსაც ხელმძღვანელობს მისი მოწაფე, პროფ. ალექსანდრე შენგელაია. იყო სამეცნიერო ნაშრომების თანაავტორი და ეხმარებოდა ლაბორატორიას სამეცნიერო აპარატურით აღჭურვის თვალსაზრისით. მონდომებით უწევდა მსოფლიოში პოპულარიზაციას ლაბორატორიის სამეცნიერო მიღწევებს, ეძებდა მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს და ეხმარებოდა მიღებული შედეგების დაპატენტების პროცესში. პროფ. ალექს მიულერი გამოირჩეოდა მისი პიროვნული თვისებებით, რაც მიმზიდველს ხდიდა მასთან ურთიერთობას ყველასთვის, როგორც ეს დამახასიათებელია დიდი პიროვნებებისთვის. უნივერსიტეტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიის თანამშრომლები მადლიერები არიან, რომ შესაძლებლობა მიეცათ ყოფილიყვნენ ჩართული პროფესორ ალექს მიულერის ღრმა და შორეული მომავლისკენ მიმავალი იდეების განხორციელების პროცესში. ყველა ეპოქას ჰყავს ადამიანები, რომელთა მიღწევები დიდ გავლენას ახდენენ არა მარტო მეცნიერების განვითარებაზე, არამედ მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაზე. პროფესორი ალექს მიულერი სწორედ ასეთი პიროვნებების გამორჩეულ ჯგუფს ეკუთვნოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ფიზიკის დეპარტამენტისა და კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის თანამშრომლებისთვის პროფესორი ალექს მიულერი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც დიდი მეცნიერი და ღირსეული პიროვნება.