თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, არაერთი პრემიის ლაურეატი, თსუ კურსდამთავრებული გივი შაჰნაზარი.
გივი შაჰნაზარმა დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).
მისი ძირითადი თარგმანებია: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). პოეტების გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და თბილისის ერთგულების ორდენით.