საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ფილოსოფია და თანამედროვეობა"- საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა" გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, პროფესორები, ვახტანგ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 

ვახტანგ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ფილოსოფოსის დარგის განვითარებაში შეტანილ მის წვლილზე გაამახვილა ყურადღება თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში საუბრობდა ქართველი ფილოსოფოსი ადამიანის ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებაზე, როგორიც არის თავისუფლება. იგი იყო „იდეოლოგიების მკვლევარი“ და მისი მონოგრაფია „ერი და იდეოლოგია“ მეტად აქტუალურია.
 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ვახტანგ ერქომაიშვილის შემოქმედების მნიშვნელობა და წვლილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. 
 

,,იუნესკო აღნიშნავს მსოფლიო ფილოსოფიის დღეს. თსუ უკვე 18 წელია აღნიშნავს ამ დღეს. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ქართული ფილოსოფიური სკოლის ნათელ წარმომადგენელს ვახტანგ ერქომაიშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილოსოფიური სკოლის განვითარებაში,“  აღნიშნა თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ.
 

ორდღიანი კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები საუბრობენ ფილოსოფიის, როგორც დარგის მნიშვნელოვნებასა და მისი განვითარების ისტორიაზე, იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის პოლიტექნიკური  უნივერსიტეტის,  თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფოსებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ იტალიელი, ლატვიელი, ლიეტუველი ფილოსოფოსები. კონფერენციის მეორე დღე მთლიანად სტუდენტების მოხსენებებს დაეთმობა. 

 

თარიღი: 17/11/2022