ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველად მოიპოვა ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრის (Jean Monnet Excellence Center) პრესტიჟული სტატუსი ERASMUS + პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ჟან მონე აქტივობების უმაღლესს საფეხურს.
ცენტრი წარმოადგენს ძირითად ინტერდისციპლინურ ჰაბს, როგორც თავად უნივერსიტეტის მასშტაბით, ასევე - მის გარეთ. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და კოორდინაცია გაუწიოს აკადემიურ ჩართულობას, საქართველოში მდგრადი დემოკრატიის განვითარებასა და ასოცირების ხელშეკრულებით მოთხოვნილი შესაბამისი ცვლილებებისა და პოლიტიკის გატარებისთვის ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესებაში პროექტი ორიენტირებულია, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სხვადასხვა სფეროების სწავლებისა და კვლევით საქმიანობას.
ცენტრის მუშაობაში ჩართული იქნება თსუ-ს რვა მაღალკვალიფიციური და გამოცდილი აკადემიური პერსონალი სხვადასხვა ფაკულტეტიდან, რომლებსაც შესაბამისი მიმართულებებით გააჩნიათ მრავალწლიანი ექსპერტული გამოცდილება, როგორც - სწავლების, ასევე კვლევის: აკადემიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია, პროფესორი ირინე ქურდაძე (პროექტის ავტორი და კოორდინატორი); პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, ასოცირებული პროფესორი მაია ბითაძე, პროფესორი მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე-ექსპერტი/მკვლევარი, ასისტენტ- პროფესორი მარიამ კევლიშვილი, ასისტენტი თამარ ალექსიძე. ცენტრს უხელმძღვანელებს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე.
ცენტრი ორიენტირებულია ცნობიერების ამაღლებაზე სამიზნე ჯგუფებში (ახალგაზრდები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება), განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც დეზინფორმაციის საშიშროება ყველაზე მაღალია (მაგ. თანასწორობა, ევროინტეგრაცია) ან არსებობს პირველადი ინფორმაციის ნაკლებობა პროექტის ძირითად საკითხებთან მიმართებაში (მაგ. მიგრაციის პოლიტიკა, გარემო და კლიმატის ცვლილება). აქტივობები განსაკუთრებულად იქნება მიმართული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე (საქართველოში მცხოვრები ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები). გარდა ამისა, ცენტრის მიერ დაგეგმილია აკადემიური კვლევითი ნაშრომების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობს, ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკისა და რელევანტური ქართული კონტექსტის უკეთ გაგებას. პროექტის მეორე ფაზა კი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისათვის, რადგან ცენტრი უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში, მათ გადამზადებასა და სამეცნიერო რესურსებით აღჭურვას.