საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 23 დეკემბრის №34616/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 24 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:


ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“;


ბ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6 და დანართი №7 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7).


გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 25 პუნქტები:


„21. სავალდებულო სასწავლო პედაგოგიური დატვირთვა აკადემიური პერსონალის -პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისათვის, გარდა ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული პედაგოგიური დატვირთვისა, მოიცავს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობას (კვირაში 2 საათის შესაბამისი კოეფიციენტირებით).


22. იმ შემთხვევაში, თუ პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი არ ხელმძღვანელობს დოქტორანტ(ებ)ს 21 პუნქტში მითითებული დატვირთვის შესრულება შეუძლია შემდეგი შინაარსის ალტერნატიული აქტივობებით (შესაბამისი კოეფიციენტირებით): სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის ხელძღვანელობა, სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს/რიდერის შექმნა; უნივერსიტეტის აკადემიური/წარმომადგენლობითი/სადისერტაციო და ფაკულტეტის საბჭოს წევრობა; პროგრამის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა/კოორდინატორობა; საბაკალავრო/სამაგისტრო/სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრობა; სტუდენტის კონფერენციისათვის მომზადება, სტუდენტთა მომზადება ოლიმპიადებისათვის, იმიტირებული პროცესებისა და სხვა სახის შეჯიბრებებისათვის; სეზონური სკოლის ორგანიზება/ხელმძღვანელობა; დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმღები კომისიის წევრობა; საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ლექციების წაკითხვა.


23. ამ წესის 21 და 22 პუნქტებში მითითებული თითოეული აქტივობა საათობრივ ნაწილში გამოითვლება შესაბამისი კოეფიციენტით: 


ა) დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა: 1 აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი -კვირაში 1 საათი; 2 და მეტი აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი - კვირაში 2 საათი;
ბ) სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის ხელძღვანელობა - თითოეული ნაშრომი კვირაში 0.5 საათი;
გ) სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს შექმნა - კვირაში 2 საათი;
დ) სასწავლო კურსის რიდერის შექმნა - კვირაში 0.5 საათი;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური/წარმომადგენლობითი/სადისერტაციო და ფაკულტეტის საბჭოს წევრობა - კვირაში 0.5 საათი;
ვ) პროგრამის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა/კოორდინატორობა - კვირაში 0.5 საათი;
ზ) საბაკალავრო/სამაგისტრო/სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრობა - კვირაში 0.5 საათი;
თ) სტუდენტის კონფერენციისათვის მომზადება, სტუდენტთა მომზადება ოლიმპიადებისათვის, იმიტირებული პროცესებისა და სხვა სახის შეჯიბრებებისათვის - კვირაში 1 საათი; 
ი) სეზონური სკოლის ორგანიზება/ხელმძღვანელობა - კვირაში 1 საათი; 
კ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმღები კომისიის წევრობა - კვირაში 0.5 საათი;
ლ) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ლექციების წაკითხვა - კვირაში 1 საათი; 
მ) ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა სასწავლო პედაგოგიური დატვირთვა, ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით. 


24. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის მიერ ამ წესის 21 პუნქტში მითითებული დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა ასახულია დატვირთვის სქემაში, მასზე არ ვრცელდება ამ დადგენილების 21 და 22 პუნქტების მოთხოვნები. 


25. პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელიც ვერ შეასრულებს 21 და 22 პუნქტებში მითითებულ სავალდებულო სასწავლო პედაგოგიურ დატვირთვას (კვირაში არანაკლებ 2 საათი), ვალდებულია მომდევნო სემესტრში (დანაკლისი საათების ოდენობით) დამატებით აანაზღაუროს წინა სემესტრის შესასრულებელი პედაგოგიური დატვირთვა შემდეგი აქტივობებით: ლექცია; სემინარი; პრაქტიკული მეცადინეობა; სამუშაო ჯგუფი; ლაბორატორიული მეცადინეობა; სასწავლო/საველე/პროფესიული პრაქტიკა.“.


2. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის მე-10 პუნქტი და №6 დანართის მე-7 პუნქტი მოქმედებს მხოლოდ ამ დადგენილების გამოცემისას ასისტენტის თანამდებობაზე უკვე დასაქმებული პირების მიმართ და მოქმედებას წყვეტს ამ პირთა შრომითი ხელშეკრულებების ვადის გასვლისთანავე. ამასთან, ასისტენტის თანამდებობაზე უკვე დასაქმებულ პირთა შრომითი ურთიერთობების მიმართ არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების №2 და №6 დანართების სხვა დებულებები.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე