საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №11226/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის პირველი მაისის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „დოქტორანტურის  მინიმალური  სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 14. გარდამავალი დებულებები


1. დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული პირობების შესრულება სავალდებულო იქნება წინამდებარე სტანდარტის ძალაში შესვლის შემდეგ შემუშავებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. მოქმედ აკრედიტებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე წინამდებარე სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო კომპონენტთან დაკავშირებული პირობების შესრულება სავალდებულო იქნება მათი რეაკრედიტაციის, ასევე პროგრამის სასწავლო კომპონენტის ცვლილებების შემთხვევაში.
2. 2018-2019 სასწავლო წლამდე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  2019-2020 სასწავლო წლამდე) ჩარიცხული დოქტორანტებისთვის დისერტაციის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაცია, რაც განხორციელდება უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტისა და ფაკულტეტების შესაბამისი დებულებებით, რომლებიც მოქმედებდა დოქტორანტების ჩარიცხვის მომენტისთვის.
3. 2021-2022 სასწავლო წლიდან შეეზღუდოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა  უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც ხელმძღვანელობს აქტიური სტატუსის მქონე 7-ზე მეტ დოქტორანტს.
4. იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის ამ დებულების მე-9 მუხლის ჩანაწერი გავრცელდება 2021 წლიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე. 2021 წლამდე ჩარიცხული  დოქტორანტებისთვის იურიდიულ ფაკულტეტზე სადისერტაციო ნაშრომების ინტერნაციონალიზაციისათვის საკმარისია ერთი სტატიის გამოქვეყნება დისერტაციის თემაზე სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც გამოდის უცხო ენაზე და რომელთა ჩამონათვალს ადგენს ფაკულტეტის საბჭო.
5.   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე   2019-2020   სასწავლო   წელს   და შემდგომ ჩარიცხულ დოქტორანტებს, რომლებიც დისერტაციას წარადგენენ არაუგვიანეს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, უფლება აქვთ ამავე დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად დისერტაციის დაცვის აუცილებელ წინაპირობად განსაზღვრული ორი პუბლიკაციიდან ერთ-ერთი გამოაქვეყნონ როგორც Scopus-ის ან Web of Science-ის ბაზებში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), ასევე ისეთ საერთაშორისო ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია ERIH PLUS-ის ბაზაში.“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე