“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,
I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ყოფილი ფილიალის კურსდამთავრებულთა და/ან სტუდენტთა კრედიტების დაანგარიშება განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. კრედიტების აღიარება განხორციელდეს სტუდენტის პირად საქმეში და სასწავლო ბარათში წამოდგენილი ინფორმაციის (საგნების დასახელება, შეფასებები, საკონტაქტო საათების რაოდენობა ან კრედიტი, გადმოყვანის ბრძანებების, ე. წ. დაჩქარებული სემესტრის ან სხვა უწყისების) საფუძველზე;
2. ქვემო ქართლის ფილიალში სწავლის პერიოდში მოპოვებული კრედიტები აღიარებულ იქნას სრულად;
3. ქვემო ქართლის ფილიალში გადმოყვანამდე მოპოვებული კრედიტები აღიარებულ იქნას სრულად;
4. თუ სასწავლო ბარათში საგნები არ არის მოცემული კრედიტების მიხედვით და მითითებულია მხოლოდ საკონტაქტო (სააუდიტორიო) საათები, მათი გაანგარიშება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ ფაკულტეტებზე მოხდეს შემდეგნაირად: 30 საკონტაქტო საათი ჩაითვალოს არა ნაკლებ 2, არა უმეტეს 5 ECTS კრედიტად, 45 საკონტაქტო საათი – არა ნაკლებ 4, არა უმეტეს 7 ECTS კრედიტად. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაანგარიშება მოხდეს დანართში მოცემული სქემის მიხედვით (დანართი N1).
5. სასწავლო ბარათში მოცემული 1 კრედიტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ ფაკულტეტებზე აღიარებულ იქნას არა ნაკლებ 1,2, არა უმეტეს 1,5 ECTS კრედიტად;
6. თუ სასწავლო ბარათში არ არის ინფორმაცია საკონტაქტო საათების ან კრედიტების შესახებ, მაშინ ერთ სემესტრში გავლილი საგნები მიჩნეულ იქნას 30 კრედიტად, ხოლო ერთი კურსის განმავლობაში გავლილი საგნები – 60 კრედიტად.
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი