- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- კონტაქტი
- გვერდის რუკა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში – FORGE-AI“, რომლის ფარგლებში პროექტის პირველი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა, რომ FORGE-AI წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს კვლევითი და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას, ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას: “დღეს შევაფასებთ განვლილი წლის საქმიანობის შედეგებს და დავსახავთ სამომავლო გეგმებს, რათა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობით შევძლოთ ამ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენს გვერდით იმყოფება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე კვლევით და განვითარების პროცესებში“, – აღნიშნა თეიმურაზ დოჭვირმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტ FORGE-AI -ის სამუშაო ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგები და რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებასაც განათლების სისტემა პრაქტიკაში ეფექტიანად შეძლებს.
ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე ორგანიზაციებმა პირველი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის, განხორციელებული აქტივობების შედეგები და სამომავლო ხედვა წარადგინეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის მესამე სამუშაო პაკეტის – „ეროვნული კვლევითი პრაქტიკისა და დაფინანსების ინსტრუმენტების კორექტირება“ – ფარგლებში მიმდინარე საქმიანობები. მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციებზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობას, ინტერსექტორული კარიერული განვითარების მექანიზმების გაძლიერებასა და ეროვნული დაფინანსების ინსტრუმენტების გაუმჯობესებას.
FORGE-AI პროექტი Horizon Europe-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევისა და ინოვაციების სისტემის გაძლიერებას, ახალგაზრდა მკვლევრებისა და კვლევითი მენეჯერების შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო და სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ ახალი საგრანტო პროექტის „FORGE-AI: ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) – განხორციელებაში. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2025 წლის 3-4 ივლისს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სასტარტო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია და ინსტიტუტის მეცნიერები, უცხოელი მკვლევრები გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრიდან და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს (GITA) და ორგანიზაციის - „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) წარმომადგენლები.
FORGE-AI პროექტის მიზნებისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მოხსენებით წარდგა სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ახალგაზრდა მკვლევართა კარიერის გასაძლიერებლად მდგრადი პირობები უზრუნველყოს. დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების („ტალანტების“) ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, სექტორთაშორისი მობილობა, ასევე, ეროვნული ინოვაციების მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება.
საგრანტო პროექტის განხორციელების მიმართულებებზე ისაუბრა გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, ანდრეი გირენკომ. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - HORIZON EUROPE-ის დაფინანსების მოპოვების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების აქტიურ პოზიციონირებაზე ყურადღება გაამახვილეს „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ჯობავამ და COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა, დოქტორმა ინგა დადეშიძემ.
სასტარტო შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.







