საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტში (საფრანგეთის რესპუბლიკა).

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში მეორე სემესტრის პროგრამაზე არიან/იქნებიან რეგისტრირებული.

 

სწავლების ენა: ინგლისური

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:


1. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი და 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა) მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური (სწავლების ფორმა - დასწრებული).

 

2. GPA-ის მინიმალური ზღვარი: 3.0

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია;
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხილეთ წინაპირობებში მოცემული ინფორმაცია);
  8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1
  10. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე გაეგზავნება ელექტრონული რეკომენდაციის ბმული);
  11. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 12 მარტის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 

გაცვლითი პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

 

  • უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ევროკომისიის მიერ დაწესებული ლიმიტის ფარგლებში)
  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის, ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევისა და ყველა სხვა შესაძლო (მათ შორის, Covid-19 პანდემიით დადგენილი რეგულაციების შესრულების) ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

  1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (12 მარტის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; ასევე, არ რეგისტრირდება არასრული სააპლიკაციო პაკეტი. სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ. სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  2. აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
  3. მოცემული პროექტით, რომლის ხანგრძლივობაა 2021-2023 წწ., სულ გათვალისწინებულია არაუმეტეს 5 სტუდენტური მობილობისა;
  4. საფრანგეთის რესპუბლიკის მიმდინარე რეგულაციების თანახმად, პირი, რომელიც კვეთს საფრანგეთის რესპუბლიკის საზღვარს ქვეყანაში შესვლის მიზნით, ვალდებულია, წარადგინოს Covid-19 ნეგატიური ტესტის (PCR) პასუხი. პირი ასევე ვალდებულია, საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიის კვეთისთანავე გადავიდეს 7 დღიან თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც განმეორებით უნდა ჩაიტაროს ტესტირება. Covid-19 პანდემიით გამოწვეული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად გასატარებელი ღონისძიებათა ხარჯები არ იფარება გაცვლითი პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტით.
  5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;