სამაგისტრო პროგრამის დასახელება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (MA in Public Health)
სწავლების ძირითადი დარგი/სპეციალობა:საზოგადოებრივი ჯანდაცვა
პროგრამის მოცულობა კრედიტებით - 120 ECTS კრედიტი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ნატა ყაზახაშვილი, MD PHD, თსუ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
სამაგისტრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება:
საზოგადოებრივი ჯანდაცვა წარმოადგენს შედარებით ახალ, ძალზე სწრაფად მზარდ დისციპლინას. იგი შეისწავლის თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები; აგრეთვე ჯანდაცვის სისტემის მოწყობის და მართვის საკითხებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის უმნიშვნელოვანეს საკითხებში მაგისტრანტთა ღრმა და საფუძვლიანი სწავლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავება, კერძოდ: საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული და სოციალური მიმართულებების, ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის, ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიული გეგმის, ჯანდაცვის პრიორიტეტების, სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოწყობის, სისტემის სტრუქტურის, პირველადი ჯანდაცვის სისტემის მართვის, ჰოსპიტალური მენეჯმენტის, მოსახლეობის სპეციფიკური ჯგუფების ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობის საჭიროების შეფასების, სამედიცინო სერვისების სამედიცინო ბაზარზე მიწოდების, სამედიცინო მომსახურების შესყიდვის, ჯანდაცვის კანონმდებლობის და სხვათა შესახებ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრანტები დაეუფლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაზისურ თეორიულ, მეთოდოლოგიურ და კვლევით პრინციპებს; გაეცნონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ და კონტექსტუალურ საკითხებს.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (დიპლომი). უმაღლესი სამედიცინო, ეკონომიკური, იურიდიული განათლება და სხვ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდა და გამოცდა სპეციალობაში (იხილეთ თანდართული ფაილი).
სამაგისტრო პროგრამის შედეგი:
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრისათვის:
ზოგადი ხასიათის კვალიფიკაციები და უნარები:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრს ექნება ცოდნა, რომელიც დაეფუძნება და გააღრმავებს პირველ საფეხურზე მიღებულ განათლებას და კვლევის კონტექსტში უზრუნველყოფს იდეის ორიგინალური განვითარების და/ან გამოყენების საფუძველს ან შესაძლებლობას;
- შეეძლება ცოდნის და პრობლემების გადაჭრის უნარის გამოყენება ახალ ან უცნობ გარემოში თავის სპეციალობასთან დაკავშირებულ ან მომიჯნავე (მულტიდისციპლინურ) კონტექსტში;
- შეეძლება ცოდნის ინტეგრირების უნარი, თავი გაართვას სირთულეებს და არასრულ ან შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბოს მოსაზრებები, რომლებშიც მისი ცოდნისა და მოსაზრებების გამოყენებასთან დაკავშირებული სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობებიც აისახება;
- შეეძლება თავისი დასკვნების საჯაროდ წარმოდგენა, მისი მკაფიო დასაბუთება შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით, როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალისტებთან;
- გამოუმუშავდება სწავლის ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც დამოუკიდებლად სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.
სამაგისტრო პროგრამის სრულყოფილად და კეთილსინდისიერად შესწავლის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრს ექნება დარგობრივი (სპეციფიკური) კომპეტენცია:
- მაგისტრანტი შეიძენს საფუძვლიან ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის არსის, თეორიული მიდგომების, მეთოდების შესახებ;
- გაიღრმავებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ჯანდაცვის ორგანიზაციის და მენეჯმენტის ფუნდამენტურ საკითხებში;
- მაგისტრანტი შესძლებს: მაღალკვალიფიციურ, პროფესიულ დონეზე წარმართოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან, სამედიცინო ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებულ კვლევებში;
- შეიძენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურებში და სამედიცინო დაწესებულებებში მენეჯერული საქმიანობის წარმართვის უნარ-ჩვევებს;
- გამოუმუშავდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების, შედეგების ანალიზის და კვლევისადმი მეცნიერული მიდგომის უნარები;
- განუვითარდება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, შეეძლება მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, ანალიზი, დასკვნების გაკეთება და პროგნოზირება;
- შეძლებს პრევენციული განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას;
- ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შესწავლას;
- შეძლებს დაგეგმოს და განახორციელოს ადეკვატური ინტერვენცია და იმუშაოს როგორც კომპეტენტურმა პროფესიონალმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
მაგისტრანტთა დასაქმების სფეროები
ახალმა კორონავირუსმა რადიკალურად გარდაქმნა ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმოდგენები ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობაზე და მის მჭიდრო კავშირზე როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ და სახელმწიფო განვითარების სფეროებთან. პანდემიამ ახალი სიმწვავით დააბრუნა ჯანდაცვის სფეროს და მისი ეფექტური მართვის საკითხები საჯარო თუ პოლიტიკურ ველში. ამის პარალელურად და გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფო დონეზე სხვადასხვა ტიპის რეფორმა დაანონსდა, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას მოიცავს.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტი მომზადებული იქნება დამოუკიდებელი შრომითი საქმიანობისათვის, მის მიერ სწავლის პერიოდში შეძენილი უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს დასაქმდეს სახელმწიფო ან კერძო სექტორში. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ, რეგიონულ ან ცენტრალურ სტრუქტურებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის აქტივობის არეს წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, რაიონულ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე ის სტრუქტურები, სადაც ხდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავება (მაგ. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, საპარლამენტო კომისიები), საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე ფოკუსირებული არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, კვლევითი ორგანიზაციები,სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სარეაბილიტაციო ცენტრები. მაგისტრის ხარისხის მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები შეძლებენ მუშაობას კვლევით, სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მკვლევარის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონსულტანტის და ასისტენტის თანამდებობებზე, მაგისტრატურის პერიოდში სამეცნიერო მუშაობის წარმართვის უნარ-ჩვევების განვითარება მათ ასევე საშუალებას მისცემს სწავლა გააგრძელონ დოქტორანტურაში.