საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვა შედარებით ახალგაზრდა მეცნერებაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნება სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს, მაგრამ როგორც მეცნიერება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრდა. მას თავდაპირველად სოციალური ჰიგიენას უწოდებდნენ. 1903 წელს გერმანიაში მოღვაწეობდა ექიმი გროტიანი, რომელმაც დააარსა ჟურნალი „სოციალური ჰიგიენა“. 1905 წელს გერმანიაში, ბერლინში დაარსდა სოციალური ჰიგიენისა და სამედიცინო სტატისტიკის სამეცნიერო საზოგადოება. 1912 წელს ბერლინში ჩამოყალიბდა საკვალიფიკაციო კურსი სოციალურ ჰიგიენაში. 1920 წელს ბერლინის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალური ჰიგიენის კათედრა. 

 

საქართველო რომ ევროპული ტიპის ქვეყანაა იმითაც დასტურდება, რომ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კვალდაკვალ  1919 წელს პროფ. სიმონ ამირეჯიბის თაოსნობით თსუ მედიცინის ფაკულტეტზე დაარსდა ჯერ ბაქტერიოლოგიის, ხოლო შემდეგ ზოგადი ჰიგიენის (1920) კათედრები, მისი ხელშეწყობით დაარსდა მიკრობიოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე (1919). ს.ამირეჯიბის  ავტორობით გამოცემულ იქნა  სამედიცინო მიკრობიოლოგიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 

 

მოგვიანებით, 1926 წელს თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნა სოციალური ჰიგიენის კათედრა, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესორი ივანე ელიაშვილი. პროფ. ი.ელიაშვილი იყო ცნობილი ჰიგიენისტი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. იგი მუშაობდა ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატში სტატისტიკის განყოფილების უფროსად. 30-იან  წლებში  საგანი „სოციალური ჰიგიენა“ არამარქისტულად იქნა მიჩნეული, ვინაიდან კომუნისტური იდეოლოგიის ავტორები თვლიდნენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე სოციალურ ფაქტორებს ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო, არ აღიარებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე გენეტიკური და  ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას. აღნიშნულის გამო კათედრას სახელი შეეცვალა და ეწოდა „ჯანდაცვის ორგანიზაციის“ კათედრა. პროფ. ივანე ელიაშვილის შემდეგ თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სოციალური ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. გიორგი ელიავა, 1927 წლიდან გიორგი ელიავა განაგებდა თსუ-ს ჰიგიენის კათედრას, ხოლო 1929 წლიდან მიკრობიოლოგიის კათედრას. გასული საუკუნის 1929-1930  სასწავლო წელს უნივერსიტეტს მედიცინის ფაკულტეტი გამოეყო და დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 

 

1995 წელს უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაპირველად მედიცინის სპეციალობის სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე.  მედიცინის ფაკულტეტი, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისისს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს 2000 წლიდან.  ამავე პერიოდში გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო აწ განსვენებული რამაზ ურუშაძე, ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფ. პაატა იმნაძე.
 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაშია 2 კათედრა:

 

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დეპარტამენტი და მისი აკადემიური პერსონალი ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა: გრძელდება მუშაობა  სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში,  მზადდება  მაგისტრანტები და დოქტორანტები, ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მომზადდა  არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა მაღალრეტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში.