საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოკონკურსი - "ჩემი ჩაცმულობა - ჩემი მესიჯია"

ფოტოკონკურსი - "ჩემი ჩაცმულობა - ჩემი მესიჯია"
ძვირფასო მეგობრებო, 
მოდით, ვიმსჯელოთ და შევეცადოთ დავადგინოთ - რას ნიშნავს მოხდენილად, მოდურად ჩაცმა? რა გვინდა, რომ ჩვენზე იფიქრონ სხვებმა - ჩვენმა ტოლებმა, უფროსებმა, უცნობებმა? როგორ ჩავიცვათ თანამედროვედ და მოდურად ისე, რომ ჩვენთვის სასურველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ ჩვენს გარემოზე? როგორ უნდა გვეცვას სკოლაში, მეგობრებთან შეხვედრის დროს, ექსკურსიაზე?
იყო დრო, როდესაც სკოლაში მოსწავლეს მხოლოდ ფორმაში ჩაცმულს შეეძლო მისვლა, ანუ ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირად გამოიყურებოდა. ეხლა ასეთი შეზღუდვა აღარ არსებობს, მოსწავლე თავისუფალია ტანსაცმლის შერჩევაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევა, ანუ საკუთარი გარეგნული სახის შექმნა არც ისეთი მარტივი ამოცანაა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლემ, გოგონამ და ბიჭმა, თავისი გარეგნული სახის შექმნისას ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს: სად, როდის, რა სიტუაციაში - რა ჩაიცვას. გასათვალისწინებლად უმთავრესი კი არის ცნობილი ფაქტი - ჩაცმულობა მესიჯია გარემომყოფებისთვის. ჩვენი ჩაცმულობით ჩვენ ვაძლევთ სხვებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ - ვაცხადებთ, თუ ვინ ვართ - მხიარული, დაფიქრებული, სპორტული, რომელიმე მუსიკალური მიმდინარეობის ფანი თუ სხვა. გარეგნული სახით იქმნება ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება, რომელიც, ჩვეულებრივ - ძალიან მყარია. ამიტომ არის ადამიანის გარეგნული სახე, მისი ჩაცმულობა ძალიან მნიშვნელოვანი. 
არ შეიძლება არ შევეხოთ ამ პრობლემის მნიშვნელოვან მხარეს - კარგად ჩაცმის ფასს, ანუ, უფრო კონკრეტულად - ტანსაცმლის ღირებულებას. მრავალი ადამიანის აზრით, კარგად ჩაცმული ნიშნავს - მოდურ, ბრენდულ ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანს, ეს კი ძვირი ღირს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ასეთ წარმოდგენებს, რადგან უგემოვნოდ, შეუფერებლად ჩაცმა ბრენდული ტანსაცმლით ისევე არის შესაძლებელი, როგორც შედარებით ბიუჯეტური ტანსაცმლით გემოვნებით და მოხდენილად ჩაცმა. მეტიც - თანამედროვე მოდა სპირალურად ვითარდება და იმეორებს განვლილი პერიოდების ტანსაცმლის სტილსა და ხაზებს, ასე რომ, კარგად მორგებულ ბებიის კაბაში ან ბაბუის ქურთუკში ჩაცმული მოზარდი შეიძლება მოდის პიკზე აღმოჩნდეს. სინამდვილეში მოდურად, მოხდენილად ჩაცმა ტანსაცმლის ფასზე ნაკლებადაა დამოკიდებული.    
გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ფოტოკონკურსში, რომელმაც უნდა გამოავლინოს გემოვნებიანი, მოხდენილად ჩაცმული გოგონები და ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ მოდურად ჩაცმა ისე, რომ შეარჩიონ საკუთარი თავის სწორად წარმომჩენი გარეგნული სახე, იყვნენ სწორად ჩაცმული ადგილის  და  დროის შესაბამისად და, ამავე დროს, შექმნან საკუთარი სტილი, იყვნენ ორიგინალურები, მოკლედ - მოსწონდეთ საკუთარი თავი და იყვნენ მაგალითი თავის ტოლებისათვის. 
ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეიძლება როგორც ღიად, საკუთარი სახელის, სახის ჩვენებით, ასევე ანონიმურად - როდესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფსევდონიმი, ხოლო სახე ნიღბით დაიფაროთ. 
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოგზავნოთ ერთფერ, ნეიტრალურ  ფონზე (მაგ. თეთრი, რუხი, ქვიშისფერი კედელი) გადაღებული 3 ფოტოსურათი:
ყოველდღიურ ჩაცმულობაში, რომელშიც სკოლაში დადიხართ; 
თავისუფალი დროისათვის განკუთვნილ ჩაცმულობაში;
ჩაცმულობაში, რომელშიც ძველი პერიოდის (70-იანი, 80-იანი, 90-იანი წლების ან უფრო ადრინდელი) ვინტაჟური ტანსაცმელი იქნება გამოყენებული.
ფოტოსურათები გამოგზავნეთ ელ. მისამართზე junior@tsu.ge  11 დეკემბრის 18 სთ-მდე. ფოტოსურათებს  დაშიფრული სახით (მაგ. ფოტოსურათს ექნება აღნიშვნა „15აბ“) გამოვაქვეყნებთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე. მათ შეაფასებს სპეციალური ჟიური და ასევე ყველა მსურველი „მოწონების“ მეშვეობით. გამოგზავნილი მასალის შეფასება ორ ეტაპად მოხდება:
ჟიურის მიერ გამოსაქვეყნებლად შერჩეული დაშიფრული ფოტოსურათები გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.
გამოქვეყნებული დაშიფრული ფოტოსურათები საბოლოოდ შეფასდება ჟიურისა და „მოწონებების“ საშუალებით.
შედეგები გამოქვეყნდება 18 დეკემბერს. ყოველ ნომინაციაში იქნება სამი გამარჯვებული და ასევე სამივე ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული „მოწონებების“ მეშვეობით. მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებს. 

თარიღი: 12/11/2020