საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბავშვო უნივერსიტეტის ალუმნი - მარიამ ჯახუა

მარიამ ჯახუა: „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გაძლევს ცოდნას, გიყალიბებს აკადემიურ ჩვევებსა და პროფესიულ არჩევანს“
მარიამ ჯახუა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სტაჟიორი 2022 წელს გახდა, აქტიურად მონაწილეობს სისხლის სამართლის მიმართულებით გამართულ პროექტებში, საჯარო ლექციებში, ტრენინგებსა თუ აქტივობებში ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, პრევენცია, კრიმინოლოგია... დაახლოებით ერთ თვეში თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ერთ-ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული გახდება, სწავლის გაგრძელებას ისევ თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე გეგმავს.
მარიამის პროფესიული განვითარება, 2016 წელს, თსუ საბავშვო უნივერსიტეტიდან იწყება...
„ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური სტუდენტობა მქონდა, რაშიც, უპირველესად, თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი,“ - იხსენებს მარიამი - „საკმაოდ ადრეულ ასაკში ავირჩიე იურისტის პროფესია, კერძოდ, სისხლის სამართალი მაინტერესებდა. ვეძებდი პროექტებს, სიახლეებს, სადაც ამ მიმართულების შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებდი. 14 წლის ვიყავი, როდესაც საბავშვო უნივერსიტეტის შესახებ გავიგე, სისხლის სამართლის ლექციებზე სიარული დავიწყე და მომდევნო 4 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი პროფესიულ არჩევანში. ჩვენმა ლექტორმა, რომელიც სისხლის სამართლის ლექციებს გვიკითხავდა, შეძლო ძალიან კარგად და გასაგებად აეხსნა როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური საკითხები, კიდევ უფრო შეეყვარებინა ეს სფერო ჩვენთვის“.
მარიამის გამოცდილებით თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ლექციები სკოლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გარდამავალ ეტაპსაც აიოლებს: „იურიდიულ ფაკულტეტზე ბევრი საგანი საკმაოდ რთული, მოცულობითია, ახალია გარემოც. თუმცა, საბავშვო უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ გამიადვილა ადაპტაცია, მაღალ ქულებზე დავხურე პირველი და მეორე კურსის საგნები, ახლაც საკმაოდ მაღალი GPA მაქვს, უნივერსიტეტს წითელი დიპლომით ვასრულებ. არც ერთხელ არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება არჩეული პროფესიის ან უნივერსიტეტის შესახებ. რა თქმა უნდა, იურიდიული ფაკულტეტი თავისი სპეციფიკით და სირთულით გამოირჩევა, თუმცა სწავლის ხარისხი, გარემო, საქმის სიყვარული ამ პროცესს თავისთავად აადვილებს.

ზოგადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი განათლება მომცა, შემიწყო ხელი, რომ მაქსიმალურად კომპეტენტური ვყოფილიყავი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, პრაქტიკულად შევისწავლე ჩემი პროფესიის არსი. ასევე, დღემდე ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში, აქტიურად ვარ ჩართული ტრენინგებში, რომლებიც სისხლის სამართლის მიმართულებას ეხება, ეს იქნება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, პრევენციული თუ კრიმინოლოგიური საკითხები. ხშირად ვსტუმრობ საქართველოს პროკურატურა სადაც, ასევე, დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებ“, - ამბობს მარიამი.

თარიღი: 18/06/2024