თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ყოველ წამოწყებაში, პროექტსა თუ იდეაში, რომელიც ქიმიას უკავშირდება გვერდით გვიდგას ქიმიის დოქტორი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე ელიზა მარქარაშვილი. თუ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში სამეცნიერო ტურზე, მასთან აუცილებლად გექნებოდათ სახალისო ექსპერიმენტების ხილვის შესაძლებლობა. ქალბატონმა ელიზამ ბავშვებისათვის გამოსცა სამი საბავშვო წიგნი რომლის შესახებაც თავად გვიყვება.
"ლექსების წიგნში ძირითადად დაწერილია ლექსები ბავშვებისათვის. ვფიქრობ მარტივი და ყველასათვის გასაგები ენით. ნაწილი ლექსების ქიმიის თემატიკაზეა. მის საფუძველზე შესაძლებელია ქიმიის არსის გაგება. გარდა ამისა ლექსების ნაწილი ეხება ბუნებას, მცენარეებს, ცხოველებს და სამშობლოს. წიგნი ვფიქრობ დააინტერესებს განსაკუთრებით მოსწავლეებს და პედაგოგებს. წიგნი „მოგზაურობა ქიმიის ზღაპრულ სამყაროში“ შემეცნებითია და განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. მასში ზღაპრების სახითაა გადმოცემული ქიმიასთან დაკავშირებული მარტივი მოვლენები და ფაქტები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მუდმივად ვსარგებლობთ ისეთი საგნებითა და ნივთიერებებით, რომლებიც ქიმიური გარდაქმნების შედეგად არის მიღებული, ანუ ვმონაწილეობთ ქიმიური რეაქციების ჩატარებაში. წიგნი ბავშვებს დააფიქრებს ქიმიის მნიშვნელობაზე".