საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021"

ძვირფასო კონკურსანტებო, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ დაანონსებული შეხვედრა აბასთუმანში 14 სექტემბერს არ გაიმართება. შეხვედრა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გაიმართება. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ თემას და გთავაზობთ პროექტს "კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021".

ძვირფასო მეგობრებო,
დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენ კონკურსში მონაწილეობისათვის. ძალიან ვაფასებთ და გვიხარია, რომ ინტერესი გაქვთ ისეთ საკითხებზე დასაფიქრებლად, როგორიც ჰიპოთეტურ უცხოპლანეტელებთან ჰიპოთეტური კონტაქტია. ზოგჯერ წარმოუდგენელი მოვლენებიც ხდება და უცხო ცივილიზაციასთან შესაძლო კონტაქტი ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეზაა. თუ ასეთი რამ მოხდა, მასობრივი იქნება ადამიანების დაბნეულობა, შიში, პანიკა და, გამორიცხული არ არის რეალური ეკზისტენციალური საფრთხეც - მრავალგვარი სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ასეთ ვითარებაში ადამიანების არსებობა, რომლებსაც გააზრებული აქვთ მოვლენების ანალოგიური განვითარება და, მაშასადამე, არ (ან ნაკლებად) დაიბნევიან - უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს თქვენ ბევრნი არ ხართ, მაგრამ მცირე ძლიერი ჯგუფი დიდი ძალაა - პანიკურ ვითარებაში თითოეულ ადამიანს უზარმაზარი როლი ეკისრება.
საზოგადოდ - კრიზისის დაძლევას და ცივილიზაციის გადარჩენას ერთეულები განაპირობებენ.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და, როგორც წესი, ის აქტიურად ებმება უცნობის შესწავლაში - ყველა დიდი აღმოჩენა ამის მაგალითია - თუნდაც კოლუმბის მოგზაურობა გავიხსენოთ. ამიტომ ცდილობენ დღეს მკვლევარები, NASA, კოსმოსის ევროპული კვლევის ცენტრები, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პერსონალურად და კიდევ მრავალი სხვა, არსებული ტექნოლოგიების შესაძლებლობის მაქსიმალური გამოიყენებით კოსმოსის რაც შეიძლება შორეულ სივრცეებს მისწვდნენ.
ეს ინტერესი გინდაც იმითია გამართლებული, რომ კოსმოსური ექსპედიციები პირველ რიგში დაზვერვითი ხასიათისაა და ჩვენი ცივილიზაციისათვის სავარაუდო საფრთხის შემცველი კონტაქტის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით გვინდა შემოგთავაზოთ შემდეგი:
განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა როგორც კოსმოსური ექსპედიციის მოსამზადებელი პროექტი, ხოლო თქვენ - ამ ექსპედიციის მონაწილე მკვლევარები. ასეთი მნიშვნელოვანი ექსპედიციის მომზადება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა, ამიტომ უნდა დავიწყოთ ექსპედიციის ყველა ასპექტთან დაკავშირებული საკითხების სერიოზული, მეცნიერულ ინფორმაციაზე დაფუძნებული შესწავლა.

მუშაობის პროცესში შემოგთავაზებთ მეცნიერებთან, მკვლევარებთან დისტანციურ შეხვედრებს, განხილვებს, დარგის სპეციალისტების ლექციებს. საინტერესო იქნება ასევე ფანტასტ მწერლებთან შეხვედრა. ჯგუფის წევრებს ვთხოვთ გაეცნონ ამა თუ იმ სამეცნიერო ნაშრომს თუ მხატვრულ ნაწარმოებს, გავმართავთ დისკუსიებს წინასწარ შერჩეულ თემებზე. ამავე დროს, ჩვენი მუშაობა გარკვეულ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს. იმედი გვაქვს, ამ მიდგომას თქვენც გაიზიარებთ.
მაშ ასე, კოსმოსური ექსპედიციის წევრები თანხმდებიან მასზედ, რომ:
• განიხილება მხოლოდ მეცნიერულად დასაბუთებული და/ან მეცნიერულ
დასაბუთებაზე დაყრდნობილი ფაქტები, მოვლენები, დაკვირვებები, ჰიპოთეზები;
• კოსმოსური ექსპედიციის წევრები მზად არიან გარკვეული დავალებების
შესასრულებლად, მათ შორის: ფიზიკური მომზადების გასაუმჯობესებლად,
თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად, დაკვირვებითი ამოცანების შესასრულებლად;
• ექსპედიციის მომზადების პროცესში რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები არ განიხილება, რადგან რელიგია ყველას პირადი საქმეა, ხოლო რელიგიასთან დაკავშირებული მოსაზრებები მეცნიერულ დასაბუთებად ვერ ჩაითვლება;
• მუშაობის პროცესში ექსპედიციის წევრებს მოუწევთ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი ფორმულირება. ამ დროს სავალდებულოა აკადემიური მნსჯელობის ეთიკისა და კრიტიკული ანალიზის წესების დაცვა; ყველა გამოყენებული ტერმინის შინაარსის ცოდნა; დამოწმებული ფაქტის ან მეცნიერის და სხვ. შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მოწოდება;
• ჯგუფის ყოველი წევრი თავისუფალია საკუთარი მოსაზრების გამოხატვის და დაცვის მხრივ, საინტერესო ნაშრომები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე;

ჩვენ პროექტს ეწოდება „კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021“ .
გთხოვთ, თქვენი თანხმობა ან უარი „კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021“ პროექტში მონაწილეობის შესახებ, 12 სექტემბრამდე შეგვატყობინოთ.
პირველი დისტანციური შეხვედრა 14 სექტემბერს, 15.00 სთ-ზე ჩატარდება.
შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ: junior@tsu.ge , ან - 577 24 45 24, მარინა ლომოური.
გვჯერა, რომ „კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021“ პროექტში მონაწილეობა
გააფართოვებს თქვენ თვალსაწიერს, საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის.

საუკეთესო სურვილებით,

მარინა ლომოური, ავიაკოსმოსური მედიცინის დოქტორი
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი

თარიღი: 06/09/2021