საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბავშვო უნივერსიტეტის ალუმნი - საბა სამუშია

საბა სამუშია: „ჩემთვის თსუ საბავშვო უნივერსიტეტიდან იწყება“


საბა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. უკვე ექვსი წელია, რაც მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიას ასწავლის, ორი წლის წინ კი მათი მომზადება ფრანგული ენაშიც დაიწყო. მოსწონს კვლევის პროცესი, სამომავლოდ, დიპლომატიის სფეროში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, კარიერის აკადემიურ სფეროში გაგრძელებასაც ფიქრობს.
საბა: „კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე, ქართულად, ინგლისურად, რუსულად ვეცნობოდი სხვადასხვა სტატიებს. წარმატებით ვმონაწილეობდი ეროვნულ ოლიმპიადებში და ორჯერ საერთაშორისო დონეზე, ჩემი მოხსენებაც წარვადგინე. თუმცა, შემდეგ იყო „საბავშვო უნივერსიტეტი“... ვსწავლობდი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლაში და მახსოვს, „საბავშვო უნივერსიტეტის“ ლექციებზე მარტო პირველად წამოვედი, ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები. გვქონდა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი სალექციო კურსი, რომელიც ქალბატონი მარინა ლომოურის ორგანიზებით ტარდებოდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა შალვა საბაშვილის ლექცია მეორე კორპუსის „პლანეტარიუმში“, ასევ ბატონ დავით სორდიას, თეიმურაზ პაპასქირის, ლევან ლორთქიფანიძის ლექციები. დღემდე კარგად მახსოვს ჩემი პირველი პრეზენტაციის თემა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეხებოდა, რასაც საინტერესო დისკუსია და კითხვა-პასუხი მოყვა.
საბავშვო უნივერსიტეტში ლექციების მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ საქართველოში გავაგრძელებდი სწავლას, მხოლოდ და მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“
„ვეძიოთ, დავაკვირდეთ, ვისწავლოთ, მოვუსმინოთ საკუთარ თავს, რათა ავირჩიოთ ის პროფესია, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს“
საბა: „ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, რადგან ყოველთვის მინდოდა, ისტორიკოსი გავმხდარიყავი. საერთაშორისო ურთიერთობები რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიე: 1. ისტორია ახლაც და მაშინაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, მაგრამ მინდოდა დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ სხვა მიმართულებაზეც შევძლებდი ჩაბარებას. 2. შევაჯამე ჩემი შესაძლებლობები - ენების, ისტორიის ცოდნა და ინტერესები - საერთაშორისო ურთიერთობები, სადაც რეალიზებას შევძლებდი. არანაკლებ მნიშვნელოვანია კურიკულუმების გაცნობა, რაც ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს იმ დარგისა თუ დარგების შესახებ, რისი გაცნობა-შესწავლაც გვსურს. შესაძლებელია ბევრი საგანი მოგწონდეს, მაგრამ ყოველთვის არის ერთი, რომელსაც ინტერესის გამო შედარებით მეტ დროს ვუთმობთ. ვფიქრობ, აუცილებელია საკუთარი თავის მოსმენა იმისათვის, რომ მიხვდე რა პროფესია გჭირდება. შესაძლებელია ცოტა რომანტიკული მიდგომა მაქვს, მაგრამ უკეთესია აირჩიო ის, რაც გიყვარს, ვიდრე ის, სადაც მეტი ფული იშოვება. XXI საუკუნეა, გლობალიზაციის ეპოქა, რაც საშუალებას გვაძლევს იმ პროფესიითაც კი, რომელიც თითქოს, ერთი შეხედვით პოპულარული ან მოთხოვნადი არ არის, თავი დავიმკვიდროთ. ვფიქრობ, გამოწვევა შესაძლებლობაა, ასეთი მიდგომა დამეხმარა და რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრული დაფინანსებით გავაგრძელე. ასე რომ, მე აბიტურიენტებსაც ვასწავლი ისტორიას და ალბათ მათთვისაც კარგი რჩევა იქნება თუ ვიტყვი, რომ ნუ შეშინდებიან, თუ ბოლო ეტაპამდე არ აქვთ პროფესია არჩეული.“
„უნივერსიტეტში ყველაზე ფასეული - ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა ვისწავლე“
საბა: „ადამიანებთან ურთიერთობები ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია ნებისმიერი პროფესიული საქმიანობისას. საბავშვო უნივერსიტეტიდან უკვე ვიცნობდი საუნივერსიტეტო გარემოს, თუმცა სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტმა ცოდნასთან ერთად, ადამიანური ურთიერთობების კუთხითაც გამზარდა. კვლევის პროცესი ჩემმა ლექტორმა, თეონა მატარაძემ შემაყვარა. ამ დროისთვის ბატონ კონსტანტინე შუბითიძესთან ერთად ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კვლევით პროექტში ვმონაწილეობ. ვფიქრობ, სადაც არ უნდა წავიდე კვლევით პროცესს არასდროს ჩამოვშორდები. სკოლის პერიოდში ვფიქრობდი, რომ აუცილებლად ისტორიის მიმართულებას გავყვებოდი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩიე და არ შევმცდარვარ. საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკა და დიპლომატიის სფერო მაინტერესებს. სამომავლოდ მინდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი გავხდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, თეორიულ საკითხებთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც გავუზიარო ისევე, როგორც ახლა ამას ჩემი ლექტორები აკეთებენ.
ჩემთვის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ბევრს ნიშნავს ვსწავლობდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინდა ვთქვა, რომ ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ მოგვცემს აბსოლუტურ ცოდნას.
უნივერსიტეტი არის ბაზა, რომელიც მიმართულებებს გაძლევს და გასწავლის როგორ იმუშაო საკუთარ თავზე, რადგან თვითგანვითარების გარეშე კარიერული განვითარების მიღწევა, კონკურენტუნარიანობა ძალიან რთულია. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ერთი სემესტრი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი და ქართველი სტუდენტები დარგის ფუნდამენტური ცოდნით ნამდვილად გამოვირჩეოდით. რაც შეეხება უშუალოდ პრაქტიკულ უნარებს, უნივერსიტეტში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და ვფიქრობ, ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ თსუ-ს განვითარებაში - ეს ტრადიციაა, უნივერსიტეტი ზრდის მომავალ თაობას, რომელიც შემდეგ მის განვითარებაზე
ზრუნავს და ეს ასე უნდა გაგრძელდეს“.

თარიღი: 21/06/2024