eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კინოს ენა - ამბავი, ხედვა, შემოქმედება (რეგისტრაცია სკოლის მოსწავლეებისათვის)

ისწავლე კინოს ენა და გადაიღე შენი პირველი კინემატოგრაფიული ისტორია!

გაინტერესებს, როგორ იქმნება კინო? გინდა ისწავლო ფილმების სიღრმისეული ანალიზი და თავად სცადო რეჟისორის, სცენარისტისა თუ ვიზუალური ამბის მთხრობელის როლი?

12-17 წლის მოზარდებს გიწვევთ 12-კვირიან საგანმანათლებლო-შემოქმედებით კურსზე, სადაც ქართული და მსოფლიო კინოს კლასიკის მაგალითებზე აღმოაჩენთ, თუ როგორ ლაპარაკობს კინო კადრის, სინათლის, მონტაჟის, ფერისა და მუსიკის საშუალებით!

რას გთავაზობს კურსი?

კინოჩვენება და დისკუსია: ფილმებისა და საკულტო ეპიზოდების განხილვა პროფესიულ დონეზე

ვიზუალური აზროვნება: პერსონაჟის, სიუჟეტის, განათების, დიალოგისა და მსახიობის თამაშის ანალიზი

პრაქტიკული დავალებები: ყოველკვირეული შემოქმედებითი სავარჯიშოები დაკვირვებისა და თხრობის უნარების გასავითარებლად

საბოლოო პროექტი: კურსის ბოლოს შექმნი შენს პირველ მოკლე მხატვრულ სცენას, დოკუმენტურ ჩანახატს ან ვიზუალურ ისტორიას და წარადგენ აუდიტორიის წინაშე!

დეტალები:

სამიზნე ჯგუფი: 12–17 წლის მოზარდები

დაწყება: 23 ოქტომბერი

ხანგრძლივობა: 12 კვირა

განრიგი: ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე

 

ადგილები შეზღუდულია!

მიეცი შენს შემოქმედებით იდეებს კინემატოგრაფიული ფორმა.

დარეგისტრირდი ახლავე: [ სარეგისტრაციო ბმული ]

დამატებითი ინფორმაციისთვის: junior@tsu.ge

 

 

 

I კვირა — რა არის კინო?
ფილმები: ჟორჟ მელიესი — „მოგზაურობა მთვარეზე“; ლუმიერების მოკლე ფილმები.
გარჩევა: კინოს დაბადება, პირველი ფილმები, კადრი და მოძრავი გამოსახულება; როგორ შეიძლება ამბის მოყოლა სიტყვების გარეშე.

დავალება:
გადაიღე ტელეფონით 3–5 კადრი, რომლითაც პატარა ამბავს სიტყვების გარეშე მოყვები.

II კვირა — როგორ გვიყვება კამერა ისტორიას?

ფილმი: ჩარლი ჩაპლინის „ბიჭუნა“ — შერჩეული ეპიზოდები.
გარჩევა:
კადრის ზომა, ხედვის წერტილი, მოძრაობა, მიმიკა, ჟესტი, ემოცია და ვიზუალური თხრობა.
დავალება:
ერთი ემოციის გადმოცემა მოკლე სცენით ისე, რომ სიტყვები არ გამოიყენო.

III კვირა — ადამიანი და გარემო ქართულ კინოში
ფილმი: მერაბ კოკოჩაშვილი — „დიდი მწვანე ველი“.
გარჩევა:
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, გარემოს როლი, პეიზაჟი, პერსონაჟი და რეჟისორის სათქმელი.
დავალება:
მოკლე ესე — რა როლს ასრულებს ბუნება ფილმში? შემდეგ გადაიღე ერთი კადრი, რომელიც შენთვის კონკრეტულ აზრს ან ემოციას გამოხატავს.

IV კვირა — რიტუალი, ტრადიცია და კინო
ფილმი: გიორგი შენგელაია — „ალავერდობა“.

გარჩევა:
რიტუალი, ტრადიცია, ადამიანი, მასობრივი სცენა, სიმბოლო, სივრცე და რეჟისორის ხედვა.
დავალება:
აირჩიე ერთი ქართული ტრადიცია ან რიტუალი და დაგეგმე მისი კინოში გადატანა.
ჩამოწერე მინიმუმ 5 კადრი, რომლითაც მას აჩვენებდი.

V კვირა — ქალაქი, ადამიანი და ყოველდღიურობა

ფილმი: ოთარ იოსელიანი — „იყო შაშვი მგალობელი“.
გარჩევა:
ყოველდღიური ცხოვრების კინო, ქალაქი როგორც კინოსივრცე, დაკვირვება, იუმორი, ირონია, დეტალი, მუსიკა და ხმა.
დავალება:
გადაიღე ერთი ჩვეულებრივი ადგილი ან სიტუაცია ისე, რომ მაყურებელს მასში საინტერესო რამ დაანახო.

VI კვირა — პერსონაჟი, არჩევანი და კონფლიქტი
ფილმი:პიტერ უირი- „მკვდარი პოეტების საზოგადოება“.
გარჩევა:
მთავარი პერსონაჟი, პერსონაჟის განვითარება, კონფლიქტი, თავისუფლება, არჩევანი, ურთიერთობები და დიალოგი.
დავალება:
შექმენი საკუთარი პერსონაჟი

VII კვირა — ადამიანი და სოციალური რეალობა

ფილმი: ვიტორიო დე სიკა — „ველოსიპედების გამტაცებლები“.

გარჩევა:
ნეორეალიზმი, რეალური გარემო, ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია, სოციალური პრობლემა, ბუნებრივი თამაში და ემოციური თხრობა.
დავალება:
მოიფიქრე რეალური ყოველდღიური ამბავი, რომელიც შეიძლება ფილმის საფუძველი გახდეს. დაწერე მისი მოკლე სინოფსისი.

VIII კვირა — იდეიდან სცენარამდე
ფილმი: ჟან ვიგო — „ნული ყოფაქცევაში“ შერჩეული ეპიზოდები.
გარჩევა:
იდეა, სიუჟეტი, სცენა, პერსონაჟი, კონფლიქტი, დიალოგი და თავისუფალი კინემატოგრაფიული ფორმა.
დავალება:
მონაწილეები შეიმუშავებენ საკუთარი ვიდეოჩანახატის ან კინემატოგრაფიული კონტენტის იდეას და მოამზადებენ მოკლე სცენარს ან სცენარის ჩანახატს.

IX კვირა — რეჟისორის სამყაროს შექმნა
ფილმი: ფედერიკო ფელინი — „8½“ , ასაკისთვის შესაბამისი შერჩეული ეპიზოდები.
გარჩევა:
რეჟისორის პირადი ხედვა, რეალობა და წარმოსახვა, ვიზუალური მეტაფორა, პერსონაჟის შინაგანი სამყარო, მუსიკა და გამოსახულება.
დავალება:
მოიფიქრე საკუთარი მოკლე სცენის იდეა, რომელშიც რეალური და წარმოსახვითი სამყარო ერთმანეთში იკვეთება.

X კვირა — იდეიდან გადაღებამდე
ფილმი: ინგმარ ბერგმანი — „მეშვიდე ბეჭედი“ , ასაკისთვის შესაბამისი შერჩეული
ეპიზოდი.
გარჩევა:
რეჟისორის მიერ სცენის აგება, კადრის კომპოზიცია, სივრცე, კამერის პოზიცია და მოძრაობა, მსახიობის მოქმედება, სინათლე და ჩრდილი.
პრაქტიკული ნაწილი:
საკუთარი პროექტის საბოლოო მომზადება

XI კვირა — კადრი, მოძრაობა და დაძაბულობა
ფილმი: ალფრედ ჰიჩკოკი — „თოკი“ , ასაკისთვის შესაბამისი შერჩეული ეპიზოდები.
გარჩევა:
კამერის მოძრაობა და მისი როლი თხრობაში; უწყვეტობისა და ერთიანი სივრცის განცდა;
კადრის შიდა მოძრაობა; პერსონაჟების განლაგება და გადაადგილება; დაძაბულობის შექმნა; დროისა და სივრცის გამოყენება; როგორ შეუძლია რეჟისორს მაყურებლის ყურადღების მართვა გამოსახულებითა და კამერის მოძრაობით.
პრაქტიკული დავალება:
მონაწილეები გადაიღებენ საკუთარი პროექტის მოკლე სცენას ან ვიდეოჩანახატს,
რომელშიც გამოიყენებენ კამერის მოძრაობას, პერსონაჟების გადაადგილებასა და
კადრის ცვლილებას კონკრეტული ემოციის ან დაძაბულობის შესაქმნელად.

XII კვირა — ჩვენი კინოკონტენტი
საბოლოო ნამუშევრების ჩვენება, პრეზენტაცია და განხილვა.
მონაწილეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და ისაუბრებენ იდეაზე, სათქმელზე, გადაღების პროცესსა და გამოყენებულ კინემატოგრაფიულ ხერხებზე.

თარიღი: 12/10/2026