საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაქცინაცია - ინფორმირებული გადაწყვეტილება. რა უნდა ვიცოდეთ ვიზიტის დანიშვნამდე?

SARS-CoV-2 პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სამწუხაროდ, არა კარგს და საუკეთესოს შორის, არამედ ნაკლები ზიანის და მეტი სარგებლის მომტან არჩევანზე გვიწევს შეჩერება. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენთვის არის მარტივი, წარმოიდგინეთ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ახალი ინფექციის გავრცელების პირობებში, მოკლე დროში ვირუსის მიერ გამოწვეული როგორც ახლო, ასევე შორეული შედეგების პროგნოზირება და გამოწვევების მართვა. ამასთანავე, ჩვეულებრივ პირობებში მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიიღონ გაცნობიერებული, ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას. ხშირ შემთხვევაში, იშვიათ გართულებას, ან გვერდით მოვლენას პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ, უფრო ხშირად მათთვის ხშირი ან საშუალო სიხშირის გვერდითი მოვლენები, თუ გართულებებია საყურადღებო. დღეს კი იმ ფონზე, როდესაც არ გვაქვს უნივერსალური სამკურნალო საშუალება ვირუსის წინააღმდეგ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საბედნიეროდ შეგვიძლია, საზოგადოებას შევთავაზოთ ვაქცინა (Pfizer-BioNTech, Moderna, Johnson&Johnson’s Jansse, AstraZeneca, და სხვა. იხ. ბმული: https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/covid-19-vaccines), რომელთა ეფექტურობა მერყეობს 62%-დან 95 %-მდე (სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. იხ. https://www.statnews.com/2021/02/02/comparing-the-covid-19-vaccines-developed-by-pfizer-moderna-and-johnson-johnson/).

 

ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

 

1. ვაქცინის შემადგენლობა (ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას, ვინაიდან შესაძლოა რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გქონდეთ (მაგ. PEG, ან პოლისორბატ-80-ის მიმართ. გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას: https://acaai.org/news/acaai-updates-guidance-risk-allergic-reactions-covid-19-vaccines);

 

2. სამედიცინო პერსონალს აუცილებლად შეატყობინეთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (მაგ. არსებული სიმპტომები, ჩივილები (თუნდაც უმნიშვნელო), წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციები, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კოვიდ-ინფექცია, რამდენი დღეა გასული თქვენი ინფიცირებიდან). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებობს მწარმოებლების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, თუ რა შემთხვევაში არ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია (დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას: https://www.anaphylaxis.org.uk/covid-19-advice/pfizer-covid-19-vaccine-and-allergies/);

 

3. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს როგორც სხვადასხვა ტიპის ალერგიის, ასევე ანაფილაქსიური რეაქციის და შოკის მართვისთვის. იმისთვის რომ თავი უფრო დაცულად იგრძნოთ, შეგიძლიათ მომსახურების გამწევთან წინასწარ დააზუსტოთ ეს ინფორმაცია (მაგ. ადრენალინის შესაბამის დოზაზე დროული წვდომა). გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი უფლებაა;

 

4. თქვენი ოჯახის ექიმის, ან ჯანდაცვის სპეციალისტის დახმარებით შეარჩიეთ ვაქცინა, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის წარსულში ალერგიული რეაქციის გამომწვევი კომპონენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

5. გთხოვთ, ვაქცინაციის შემდეგ 30-45 წუთის განმავლობაში არ დატოვოთ დაწესებულება (https://www.bmj.com/content/372/bmj.n120).

 

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა.

 

როგორც მოგეხსენებათ, იმისთვის რომ ვაქცინაციას ჰქონდეს შედეგი, აუცილებელია მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია. დამეთანხმებით, რომ იმ ფოზე, როდესაც არ არსებობს კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც იქნება “პანაცეა” ყველა ასაკის, თანმხლები ქრონიკული დაავადებების თუ გართულებების მქონე პაციენტისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გავაკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი და მივიღოთ არსებულ სიტუაციაში საუკეთესო შედეგის მომტანი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ ინფიცირებულების, გართულებების და სიკვდილიანობის (მსოფლიოში სამ მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა) კლებას გულისხმობს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, მოგვცემს საშუალებას გვქონდეს თავისუფალი საწოლ-ფონდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. სამედიცინო პერსონალს მეტი დრო ექნება სწორი მართვისთვის, არ მოხდება მათი “პროფესიული გადაწვა”, ხელმისაწვდომი იქნება როგორც აღჭურვილობა, ასევე სიმპტომების მართვის მედიკამენტები, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ნაკლები დაძაბულობის და სტრესის მიზეზი ექნებათ, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეძლებენ აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებენ ცხოვრების პრე-პანდემიურ კალაპოტში დაბრუნებას, ვიზრუნებთ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, და არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით ყველაზე მეტად დაზარალებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამისთვის კი არა მხოლოდ, პირბადის ტარება (შესაბამისი წესების დაცვით), ხელების ჰიგიენა და ფიზიკური დისტანცია, არამედ ვაქცინაციაც დიდ როლს თამაშობს. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია (მაგ. ბცჟ (BCG), ტდ (Td)–ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა, დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ (DPaT+HepB+Hib+IPV), აპვ (HPV)– ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და სხვა). მედიცინის და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას შეუძლია უამრავი სიცოცხლის გადარჩენა ან  სიცოცხლის უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა. ამდენად, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ვიზრუნოთ არამხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი შვილების, მშობლების და ასაკოვანი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე.

 

ვინაიდან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, გაიაროთ კონსულტაცია სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან და ყველამ ერთად შევიტანოთ ჩვენი წვლილი ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულებაში.

 

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პანდემიის ფონზე კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა, ეთიკის პრინციპების (არ ავნო, ავტონომია, სარგებლიანობა, სამართლიანობა და სხვა.), ინფორმირებული თანხმობის, თანადგომის, ემპათიის, პაციენტის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობა და როლი.

 

ჩემი კოლეგების სახელით, ვინც უკვე აიცრა შემიძლია გითხრათ #მე ვიცავ!

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ნატო ფიცხელაური

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თსუ ასოცირებული პროფესორი

თარიღი: 26/03/2021