ქეთო ქურთიშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია. ის წარმატებით მუშაობს სარეკლამო კომპანიის “კრეატორსი” გენერალური პროექტ-მენეჯერის პოზიციაზე. პარალელურად, პრომო აქსესუარების მარაგების კომპანიის “სტოკერსი”კომუნიკაციების მიმართულებას ხელმძღვანელობს. რაც არანაკლებ საინტერესოა, ქეთო საკუთარ ივენთ-კომპანიას აყალიბებს და მალე ოფიციალურად შეუდგება ღონისძიებების ინდუსტრიაში საქმიანობას.
ქეთო ქურთიშვილი ღონისძიების ორგანიზატორის პროფესიის შესწავლას ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ეს არის ის სფერო, სადაც საკუთარი თავი წარმოედგინა. “ვიცოდი რომ მხოლოდ აქ შეიძლებოდა იმ პროფესიის შესახებ სიღრმისეული, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომელზეც მთელი ცხოვრება ვფიქრობდი და სადაც ყოველთვის წარმომედგინა საკუთარი თავი”, - აღნიშნა მან პროფესიულ პროგრამაზე “ღონისძიების ორგანიზება” საუბრისას.
პროგრამაზე სწავლა მნიშვნელოვანი აღმოჩნა მისი კარიერული განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წარმატებით საქმიანობდა სხვა სფეროში, დღეს საკუთარი კომპანიის დაფუძნება შეძლო, რაშიც სწავლისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარა.
“იმაზე მეტი რამ ვისწავლე ვიდრე მეგონა, გავიცანი ძალიან კომპეტენტური ადამიანები ამ სფეროში. წელს ვაპირებ ოფიციალურად დავარეგისტრირო კომპანია და პროფესიონალურად მივუდგე საქმეს. არსებულ სამსახურშიც საკმაოდ ხშირად ვიყენებ მიღებულ ცოდნას, სამუშაო პროცესში ყველაფერი ბევრად უფრო გამიმარტივდა და მომეცა თავდაჯერებულობაც, ამის შედეგია საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩემს საქმიანობაში”,-განაცხადა ქეთომ.