საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სალომე სიგუა - თსუ წარმატებული სტუდენტი სამართლის სფეროში

სალომე სიგუა თსუ წარმატებული დოქტორანტია, რომელიც იკვლევს იმ საკითხებს, რაც საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს. ის იმედოვნებს, რომ მისი კვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციები გააჯანსაღებს სიტუაციას არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ინტერნეტის და ონლაინპლატფორმების მოზღვავების ეპოქაში.


„ვმუშაობ სსიპ - საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში მკლევრის პოზიციაზე და, ამავდროულად, ვარ მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ამჟამად, როგორც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ვიმყოფები გერმანიაში სადოქტორო კვლევითი სტიპენდიით.


სკოლის პერიოდში ინტერესი სამართლის სფეროს მიმართ საერთოდ არ მქონია. თუმცა, დაახლოებით მე-10 კლასში ყოფნისას, გაკვეთილების შემდეგ თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარებული ტრენინგების შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. მოგვიანებით, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსით, მსგავს გაკვეთილებს უკვე თავად ვატარებდი.


უმაღლესი სასწავლებლის ასარჩევად კი ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მისი ისტორიისა და სიდიადის გათვალისწინებით, ზუსტად ვიცოდი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგა პროფესიულ ზრდასა და წინსვლაში, რადგან ლექცია/სემინარებს მიტარებდნენ ლექტორები, რომლებიც იყვნენ და დღესაც არიან პრაქტიკოსი იურისტები. შესაბამისად, თეორიულ ცოდნასთან ერთად მუდმივად მქონდა პრაქტიკული რეალობა, რაც სხვადასხვა საკითხის უკეთ გაგებასა და გააზრებაში მეხმარებოდა. არავისთვის იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიან ლექტორები. რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სხვადასხვა პოზიციაზე არიან დასაქმებულები, შესაბამისად, მათთან კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ჩემი პირველი სტაჟირებაც სწორედ ამგვარ კონტაქტს უკავშირდება.

 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, სამწუხაროდ, მონაწილეობა არ მიმიღია გაცვლით პროგრამაში, თუმცა, უნივერსიტეტის მხრიდან იყო შემოთავაზებული სხვადასხვა პროგრამა.“

 

პირველად დოქტორანტურის პირველ წელს წავიდა გერმანიაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით. მოგვიანებით, როგორც დოქტორანტმა მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) გრძელვადიანი სტიპენდია, და ახლაც ამ პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კვლევას გერმანიაში, კერძოდ, შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

 

როგორც სალომე განმარტავს, როდესაც დოქტორანტურის საფეხურზე მკვლევარს სურს სადოქტორო კვლევა გააგრძელოს საზღვარგარეთ, ერთ-ერთ სირთულეს მასპინძელი უნივერსიტეტისა და პროფესორის მოძიება წარმოადგენს. როგორც წესი, უცხოელ პროფესორებს მკაცრად აქვთ გაწერილი აქვთ სამუშაო პერიოდი და ძირითადად უარს ამბობენ ხოლმე საერთაშორისო სტუდენტების მიღებაზე. როდესაც მსგავსი პრობლემის წინაშე სალომეც დადგა, მასპინძელი პროფესორის მოძიებასა და შემდგომ ურთიერთობაში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა დაეხმარა.

 

„გერმანიაში ყოფნის პერიოდში, მოწვევა მივიღე პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტის პროფესორისგან. მოწვევის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში კვლევით საქმიანობას პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევით ცენტრში (CREDOF) ვეწეოდი. რამდენიმე კვირის წინ კი დავბრუნდი შვედეთიდან, სადაც მონაწილეობა მივიღე კურსში „მდგრადი ელექტრონული მთავრობა, მდგრადობა და ინოვაციები დამოკრატიული საჯარო მმართველობის პროცესში“. კურსის ფარგლებში გავეცანი შვედეთის ელექტრონულ და ციფრულ მმართველობას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი შვედეთის საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს და მიმეღო საუკეთესო გამოცდილება.“

 

სადოქტორო ნაშრომის თემა: „ბავშვთა პერსონალური მონაცემების დამუშავების თავისებურებები ონლაინ პლატფორმებსა და მობილურ აპლიკაციებში“

 

„ბუნებრივია, ციფრული რევოლუციის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა ინტერნეტს და ონლაინ პლატფორმებს, რომლებიც საკმაოდ დიდი აქტუალობით სარგებლობს საზოგადოებაში და ძირითადად, დაცული არ არის პირის პერსონალური მონაცემები.

 

ონლაინ ინდუსტრიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მზარდი საფრთხე ბავშვთა და არასრულწლოვანთა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით. ერთის მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიები და ზოგადად ინტერნეტი, უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ბავშვებს მათი ფუნდამენტური უფლებების განსახორციელებლად. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, განათლების უფლება, პიროვნული განვითარების უფლება და ა.შ. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებელია, წარმოიშვას მნიშვნელოვანი რისკები, როგორიცაა, ბავშვის პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, ე.წ. ბულინგი, შანტაჟი და ა.შ. შესაბამისად, კვლევის განმავლობაში მოძიებული იქნება სხვა ქვეყნის პრაქტიკა, თუ როგორ ებრძვიან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებას და რა მექანიზმებით უზრუნველყოფენ ბავშვების მონაცემების დაცულობას. ამასთან, შესწავლილი და დამუშავებული საკანონმდებლო აქტებისა და ლიტერატურის შემდეგ, გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, ონლაინ პლატფორმების მომხმარებლების, ონლაინ პლატფორმებისა და მობილური აპლიკაციების შემქმნელებისათვის და ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისთვის. პროექტის მნიშვნელოვანი მიგნება იქნება არასრულწლოვანის მიერ გაცემული თანხმობის ნამდვილობის პირობების დადგენა. კერძოდ, როდის გვექნება თანხმობა სახეზე და შესაძლებელია თუ მშობლის მიერ გაცემული თანხმობით, ონლაინ პლატფორმამ (მობილურმა აპლიკაციამ) დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები, გაავრცელოს, აგრეთვე არასრულწლოვანზე, როდესაც მშობელი მისი ნებით აძლევს კონკრეტული აპლიკაციის ან პლატფორმით სარგებლობის საშუალებას.

 

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, სამართალსაც სჭირდება განვითარება ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის ფეხის ასაწყობად. რაც დრო გადის, მით უფრო იჩენს თავს სამართლის ახალი სფეროები, რომლებიც შეუსწავლელია, შესაბამისად, თანამედროვე სამყაროს სჭირდება თანამედროვედ და პროგრესულად მოაზროვნე იურისტები, რომლებიც განვითარების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ განავითარებენ
სამართლის სხვადასხვა დარგს.

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ყოფნისას, საფრანგეთსა და შვედეთში ვიზიტის გარდა, შესაძლებლობა მქონდა გამომექვეყნებინა სტატია ბრიტანულ სამართლის ჟურნალში „პერსონალური მონაცემები დაკონფიდენციალობა“.


რატომ თსუ?


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესოა, რადგან აქ სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ საუკეთესო ლექტორებისგან, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ გაცვლით და სტაჟირების პროგრამებში და ა.შ. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეძენილი კონტაქტები სტუდენტს გამოადგება არა მხოლოდ სწავლის საბაკალავრო, არამედ სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურებზეც და შემდეგ სამომავლო საქმიანობაშიც.


როგორც უკვე აღვნიშნე, ვარ მოწვეული ლექტორი იურიდიულ ფაკულტეტზე. ძალიან მიყვარს ეს საქმე და რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, ჩემი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა დავუკავშირო თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტს და მის იურიდიულ ფაკულტეტს. უახლოესი გეგმა, რაც მაქვს შესასრულებელი არის სადოქტორო ნაშრომის წარმატებით დაცვა.“

 

სალომეს გერმანიაში ყოფნის პერიოდი ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს დაემთხვა...


„ძალიან საამაყო და სასიამოვნო იყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვცდილობ ეროვნული ნაკრების თამაშებს დავესწრო. რადგან ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ტარდებოდა, რა თქმა უნდა, აქაც ჩემი ქვეყნის ნაკრების გვერდში ვიყავი. უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი მათ იმ ემოციისთვის რაც პირადად მე და მთელ საქართველოს აჩუქეს. მინდა აღვნიშნო, რომ გერმანელები საკმაოდ დადებითად იყვნენ განწყობილი ჩვენი ნაკრებისადმი და თამაშების შემდეგ უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინეს ზოგადად საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ერთ-ერთი თამაშის დროს მატარებლით მგზავრობა მომიწია ინგლისელ სპორტულ
ჟურნალისტთან ერთად, რომელმაც მითხრა რომ საქართველოს ნაკრების თამაში მხოლოდ ეკრანიდან ჰქონდა ნანახი, თუმცა, ამ ეკრანიდანაც ჩანდა ქართველი ხალხის გულშემატკივრობა, ამიტომ თამაშზე მიდიოდა უფრო მეტად იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ენახა ქართული გულშემატკივრობა. როგორც საუბრის დროს მითხრა, ჟურნალისტები საკმაოდ გაკვირვებულები იყვნენ საქართველოს ნაკრების თამაშითა და ხალხის მათდამი სიყვარულით.


სახალისო ფაქტი იყო, როდესაც საქართველო-პორტუგალიის თამაშის შემდეგ, ერთ-ერთმა გერმანელმა გულშემატკივარმა, რომელიც პორტუგალიას გულშემატკივრობდა, თამაშის შემდეგ პორტუგალიის დროშა ქრთული დროშით ჩაანაცვლა და საქართველოს ძახილი დაიწყო. როდესაც ვკითხე ეს რატომ გააკეთე- მეთქი. ასე მითხრა, მე საქართველოს არ ვიცნობდი, ამის შემდეგ საქართველოს დროშით ვივლი თამაშებზე და მუდმივად თქვენი გულშემატკივარი ვიქნებიო. “


პრაქტიკული რჩევები სტუდენტებს


„იმისათვის, რომ სტუდენტებს საზღვარგარეთ გაუმარტივდეთ ადაპტაცია, სანამ დაიწყებენ მზადებას საზღვარგარეთ წასასვლელას, შეარჩიონ სავარაუდო ქვეყანა/ქალაქი და, პირველ რიგში, უნივერსიტეტის დონეზე მოიძიონ ვინმე პიროვნება, ვინც უკვე იყო ამავე პროგრამით ან იმავე ქვეყანაში სასწავლებლად, რათა სწორედ მისგან მიიღონ კონკრეტული რჩევები. განსხვავებული წესები მოქმედებს ასევე სწავლის პერიოდის მიხედვით, 3 თვემდე უფრო მარტივი პროცედურებია, ხოლო 3 თვეზე მეტი ვადით უკვე სხვა პროცედურების გავლა საჭირო. ჩემი პირადი გამოცდილებით, ყველა ქვეყანას განსხვავებული წესები აქვს, ამიტომ ერთი უნივერსალური წესი არ არსებობს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საუკეთესო გზა მარტივად გაიარო ადაპტაცია საზღვარგარეთ არის ის, რომ იმ ადამიანისგან მიიღო კონკრეტული რჩევები, ვინც უკვე ნამყოფია სასწავლებლად იმავე ქვეყანაში/ქალაქში და მაქსიმალურად მოიძიონ ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს სტიპენდიის გამცემ ორგანიზაციას.“

თარიღი: 14/08/2024