“თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ადგილი აერთიანებს ხარისხიან განათლებას, პრაქტიკულობასა და თანამედროვე მიდგომებს”,-მარიამ ხმიადაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024 წლის კურსდამთავრებულია.
მარიამი დღესაც აგრძელებს სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მუშაობს “საქართველოს ბანკში” ბიზნეს კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე. ცოტა ხნის წინ დააფუძნა უცხო ენების სწავლების ცენტრი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ექვსი ყველაზე მოთხოვნადი უცხო ენა თანამედროვე შრომის ბაზარზე.
პროფესიული პროგრამა “ღონისძიების ორგანიზება” მის ძირითად საქმიანობასთან პირდაპირ კავშირში არ იყო, თუმცა ახალი პროფესიის შესწავლის ინტერესმა გაუმართლა მოლოდინი. აქ მიღებულ ცოდნას და უნარებს მარიამი წარმატებით იყენებს არაფორმალური განათლების სფეროში, სადაც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
“ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით მიღებული გამოცდილება არის მყარი საფუძველი პროექტების ეფექტიანი მართვისთვის — დაწყებული დაგეგმვიდან, ლოჯისტიკით და კომუნიკაციით, დასრულებული დროული და ხარისხიანი იმპლემენტაციით. გარდა ამისა, სწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დეტალებზე ზრუნვასა და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას – ეს უნარები განსაკუთრებით მეხმარება სტრესულ ან დატვირთულ გარემოში მუშაობისას. რაც მთავარია, გავიუმჯობესე გუნდთან მჭიდრო კოორდინაციის უნარი, რაც ჩემი სამსახურის განუყოფელი ნაწილია”,-განაცხადა მარიამ ხმიადაშვილმა.