საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ელი სამხრეთ კორეაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალი კურსდამთავრებული ჰყავს, ვინც სხვადასხვა სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თავის სათქმელი უკვე თქვა ან ახლო მომავალში  იტყვის.  მათ შორის 2007 წელს  ევროკავშირის მიერ დაარსებული  თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებიც არიან. ერთ-ერთი,  37 წლის დიპლომატი, სამართალმცოდნე, ევროპისმცოდნეობის მაგისტრი თარაშ პაპასქუაა, რომელიც ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის რანგში 2022 წლის ნოემბრიდან წარმოადგენს. კორეულს ახლა სწავლობს და ფიქრობს, შემდეგი სამი წლის შემდეგ, სასაუბრო დონეზე მაინც ეცოდინება. ამავე დროს, იმედი აქვს, რომ მასზე უკეთ, კორეულ ენას მისი  ორი შვილი  ისწავლის, რომლებიც მასთან და მეუღლესთან ერთად სეულში ცხოვრობენ.  

 

თარაშმა 2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხით (საერთაშორისო სამართლის მიმართულება) და უნივერსიტეტშივე ევროპული კვლევების ინსტიტუტის IES ინგლისურენოვანი პროგრამის ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.

 

თსუ კურსდამთავრებულმა პრაქტიკული საქმიანობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.  კორეის რესპუბლიკაში ელჩობამდე ეკავა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის III, II და I მდივნის თანამდებობები; მუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად; ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მრჩევლის თანამდებობებზე; 2019-2022 წწ. გახლდათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.  

 

რამ განაპირობა ზოგადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით და კერძოდ, ევროპული კვლევების ინსტიტუტით (IES-ით) თარაშ პაპასქუას დაინტერესება? რამდენად შეუწყო ხელი მის კარიერულ წინსვლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და აქ შეძენილმა კავშირებმა? ამ და კიდევ სხვა საკითხებზე თარაშ პაპასქუა თავად მოგვიყვება.

 

2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი გაცვლითი პროგრამით, სადაც დავასრულე საშუალო განათლება. სწავლის გაგრძელება და უმაღლესი განათლების მიღება იქვე მსურდა, რისი ყველა წინაპირობაც მქონდა. თუმცა, სხვადასხვა გარემოების გამო, უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში მომიწია. მისაღები გამოცდების წინ, ამერიკიდან ახალჩამოსულს, საერთაშორისო სამართლის სპეციალობისადმი გამოკვეთილი ინტერესი გამაჩნდა და სხვა არჩევანზე არც მიფიქრია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართლაც, გამორჩეულია თავისი ისტორიით და ტრადიციით. ამ მხრივ, მისი უცხოენოვანი სექტორი კი ჩემს ინტერესებთან შესაბამისი იყო.

 

უნივერსიტეტში ჩამომიყალიბდა და განმიმტკიცდა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობის სურვილი. სწორედ ამან დამაკავშირა ევროპული კვლევების ინსტიტუტთან და მის ორწლიან, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამასთან, რომელიც  ძალზე საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა ჩემთვის. მოხარული ვარ, რომ ევროპული კვლევების ინსტიტუტი დღესაც წარმატებით აგრძელებს მუშაობას და მას შემდეგ არაერთი პროგრამა და მოდული დაემატა, მათ შორის, სადოქტოროც. ვფიქრობ, ამით  ინსტიტუტს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის ევროპული ღირებულებების განმტკიცებაში.

 

თსუ-ში ჯერ იურიდიული ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტში მიღებულმა ცოდნამ   წარმატებული დასაბამი მისცა ჩემს კარიერულ წინსვლას და უდიდესი წვლილი შეიტანა პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით დავამთავრე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ კონკრეტულ დარგში მიღებული საფუძვლიანი განათლება და შემდგომ, ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობა  წარმატების საწინდარია.

 

დისკუსია, როგორც შემეცნებითი პროცესი და საერთაშორისო პრაქტიკა

 

სწავლის პერიოდში ყოველთვის აქტიური ვიყავი. მიუხედავად იმისა, ვიცოდი თუ არა ზუსტი პასუხი, არასდროს გავურბოდი დისკუსიის წამოწყებას, რადგან დინამიკური, ინტერაქციული სასწავლო პროცესი მიზიდავდა. ვფიქრობ, საშუალო თუ უმაღლესი განათლების მიღების ეტაპი - შემეცნებითი პროცესი, სხვების თუ საკუთარი შეცდომების ანალიზი, საბოლოო, სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, ის ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც ყოველთვის არ გეძლევა ცხოვრებაში. ამიტომ ეს შანსი რაც სასწავლო დაწესებულებაში გეძლევა  ნაყოფიერად უნდა გამოიყენო.

 

ჩემი სტუდენტობისას უნივერსიტეტს ძალიან საინტერესო, ფართო სპექტრის გაცვლითი პროგრამები ჰქონდა და დღეს, რამდენადაც ვიცი, კიდევ უფრო მეტი აქვს. თსუ-ში სწავლისას გამოვყოფდი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესებში  მონაწილეობას. ჩვენი ჯგუფიდან მონაწილე ოთხი სტუდენტისთვის ეს მართლაც საინტერესო გამოცდილება იყო.

 

ასევე, სტაჟირების შესაძლებლობა მქონდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის,  გოჩა ლორთქიფანიძის აპარატში.

 

კონტაქტების დამყარებისა და შემდგომი ურთიერთობებისთვისაც უნივერსიტეტი და ევროპული კვლევების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ყოველდღიური შეხება გვქონდა უმაღლესი რანგის აკადემიურ პერსონებთან და გამოცდილ, პრაქტიკოს საჯარო მოხელეებთან. რომლებიც იმ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებდნენ, შემდგომში კი დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი დიპლომატიური კარიერის დაწყებაში. მინდა  გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ ლექტორებს, რომელთა უმეტესობასთან დღეს პირადი მეგობრობა და სამსახურებრივი ურთიერთობა მაკავშირებს.

 

ელჩის  სამომავლო გეგმები  და თსუ

უნივერსიტეტი ჩემთვის მშობლიურია. აქვე დიდი სიამაყით და კმაყოფილებით მინდა გავიხსენო 2012-2014 წწ. თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურზე ინგლისური ენის მიწვეული ლექტორის რანგში მუშაობა. თსუ-ს მიმართ კეთილგანწყობა და მასთან  თანამშრომლობის სურვილი ყოველთვის მექნება. მართალია ამ ეტაპზე ეს აკადემიური საქმიანობის სახით ვერ ხერხდება, მაგრამ  ახლანდელ ფორმატში შესაძლებელია,  უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია და  გარკვეული ხელშეწყობა, რისთვისაც არ დავიშურებ  ძალისხმევას.

 

გასულ წელს საქართველო-კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდაათი წლისთავი აღინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის მეტად ნაყოფიერი და ახლო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაშიც ჩემს წინამორბედებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.

 

 საქართველო-კორეას შორის პარტნიორული ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავების დიდი პოტენციალი გვაქვს. ამის საფუძველი ჩვენი საერთო ღირებულებები და დემოკრატიული ფასეულობებია. ჩემი სურვილი და მიზანია,  საგრძნობი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. განსაკუთრებით გამოვყოფდი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, საინვესტიციო, ტექნოლოგიების და ინოვაციების დარგში თანამშრომლობას, ასევე გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიის, განათლების, კულტურული გაცვლებისა და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალს.საქართველოს ღვინის სააგენტოსთან ერთად, საელჩო ასევე ჩართულია კორეაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. ამ მიმართულებით, საქართველოს, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია როგორც ღვინის სამშობლო, თავისი 8000 წლიანი უწყვეტი და უნიკალური ღვინის წარმოების ისტორიით, კორეულ ბაზარზე უდიდესი პოტენციალი აქვს.

 

კორეის ეკონომიკური განვითარება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საოცრად შთამბეჭდავია. კორეის რესპუბლიკა, რომელიც აზიაში მეოთხე ადგილზეა  ეკონომიკის განვითარების მხრივ ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის შემდეგ, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას და ბაზარს წარმოადგენს და ჩვენი სურვილია კორეასთან, უახლოეს მომავალში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გავაფორმოთ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო უკვე ჩატარებულია და ვფიქრობ, მომავალ წელს შევძლებთ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას.

 

აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე (საუბარია ორდინალურ პასპორტებზე) და ვიმედოვნებ, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხერხდება.

 

განათლების დარგი, კერძოდ, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, სამეცნიერო და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა,  კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც ვმუშაობთ.  საელჩომ აქტიური როლი ითამაშა და ხელი შეუწყო წელს, 19-20 ივნისს, თსუ-ში საქართველო-აზერბაიჯანი-კორეის სამეცნიერო, არქეოლოგიური კონფერენციის ორგანიზებას, რომელშიც სამი ქვეყნის 30-ზე მეტი პროფესორი და მეცნიერი მონაწილეობდა.

 

რაც შეეხება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს (IES), რომელიც 2007 წელს ევროკავშირის მიერ დაარსდა, ამჟამად აქ უკვე 6 პროგრამა ფუნქციონირებს:   1. ევროპისმცოდნეობაში ჟან მონეს ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ინგლისურენოვანი კომპონენტებით; 2. ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში;  3. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში; 4. ინგლისურენოვანი სამაგისტრო რეგიონული პროგრამა დემოკრატიზაციასა და ადამიანის უფლებებში (ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის მომცველი რეგიონისა და აზიის რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად); 5. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ევროპისმცოდნეობაში, საერთაშორისო და ევროპულ სამართალში); 6. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ვიძემის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (ევროპისმცოდნეობაში, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში).

 

როგორც თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი აღნიშნავს, „პროგრამები დაარსებულია ევროკავშირის მხარდაჭერით; აქ ასწავლიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი აკადემიური პერსონალი. IES-ში ტრადიციულად ინტერკულტურული გარემოა: საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩვენთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ. მრავალი წელია ყოველსემესტრულად ვმასპინძლობთ ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერაზმუს+ კრედიტ მობილობითა და სხვა გაცვლითი ხელშეკრულებით ჩამოსულ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა თუ მკვლევრებს. ამავე დროს, ჩვენს სტუდენტებსაც აქვთ უამრავი შესაძლებლობა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლონ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ხოლო ვინც საქართველოში დარჩენას ამჯობინებს, მათ არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ვთავაზობთ, რომ სურვილის მიხედვით სტაჟირება გაიარონ სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო სექტორში. სასიამოვნო სიახლეა, რომ ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ სიმულაციაში ოფიციალურად ჩავერთეთ, რომლის ფინალური ეტაპი აკადემიური წლის ბოლოს ბრიუსელში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების გუნდებთან ერთად მონაწილეობით დასრულდება ხოლმე. უნდა აღინიშნოს, რომ IES-ის ევროპისმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტთა გუნდს ძალიან წარმატებული დებიუტი ჰქონდა ევროპარლამენტის ევრო-სიმულაციაში,  რაც პირველ რიგში იმითი გამოიხატა, რომ ორივე კომიტეტის, - როგორც  პოლიტიკური კომიტეტის, ასევე, ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელებად ჩვენი სტუდენტები აირჩია მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან შემდგარმა სტუდენტთა საბჭომ. რა თქმა უნდა, მათთვის ნდობის გამოცხადება  IES მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ლიდერული თვისებების დამსახურებით მოხდა, რაც უდაოდ საამაყო ფაქტია სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის “.

თარიღი: 06/11/2023