საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, კანცლერი ლაშა საღინაძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს თსუ რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა და პროგრამების წარმატებით დასრულება მიულოცა.

 

„კურსდამთავრებულები, რომლებიც პანდემიის დროს ეუფლებოდნენ პროფესიას, დღეს პროფესიულ საქმიანობაში შესვლას აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეძენილი ცოდნა და უნარები აუცილებლად გამოადგებათ ნებისმიერ სფეროში. უმაღლესი თუ პროფესიული განათლებით თსუ არის მზად, რომ უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოს სწავლა-სწავლების პროცესი,“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

 2021-2022 წლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრს 386 კურსდამთავრებული ჰყავს. თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

 

ღონისძიებაზე თსუ პროფესიული პროგრამების თეორიული და პრაქტიკული ნაწილის თავსებადობის, საჭირო ინფრასტრუქტურის, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ ისაუბრა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა. მისი თქმით, „ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია პროფესიული განათლება. ამ მიმართულების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და პროფესიულ პროგრამებს მხარდაჭერა გამოუცხადა.“

 

დღეისთვის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.

 

„მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უნივერსიტეტს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის, რომელიც ამ დროის განმავლობაში შემძინა. ეს ცოდნა გამომადგა არა მარტო პროფესიულ საქმიანობაში არამედ ცხოვრებაში. ამ პროგრამის დამსახურებაა ის, რომ მისი დამთავრების შემდეგ ძალიან დიდი წინსვლა მქონდა ცხოვრებაში,“- განაცხადა თსუ პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზების“ კურსდამთავრებულმა სოფიო კვაშილავამ.

 

2022 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

თარიღი: 28/04/2023