ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
თანამშრომლობის ფარგლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრი და №53 საჯარო სკოლა ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს, საჯარო ლექციებს და სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და №53 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბურჯალიანმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, უნივერსიტეტის და საჯარო სკოლის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი 150“ ჩვენება გაიმართა. სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ თსუ ბიბლიოთეკას და მუზეუმს, სადაც უნივერსიტეტის და მისი დამფუძნებლების შესახებ საინტერესო ისტორიული ექსპოზიცია დაათვალიერეს.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.