საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯუანშერ ჯეჯელავა: „არ შეიძლება ადამიანი „აკეთებდეს“ ფიზიკას, რომელიც არავის ესმის და არ უხსნიდეს ხალხს, მიახლოებით მაინც, რას აკეთებს...“

მაღალი ენერგიების  ფიზიკის შესწავლის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერმა, ჯუანშერ ჯეჯელავამ აღმოაჩინა, რომ მარტივი იდეებიდან რთულ შედეგებამდე მისვლა საკმაოდ იოლია და საბოლოოდ, ცერნის „კლასტერშიც“ ამოჰყო თავი. დღეს თავისი კვლევებით და „პოდკასტებით“ უკვე საზოგადოებას უმტკიცებს, რომ მეცნიერება ყველასთვისაა.

ჯუანშერი თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. ფიზიკის სფეროში მოგზაურობა მეოთხე კლასში დაიწყო, დღეს კი მეცნიერების ამ დარგში მოღვაწეობა მისი საყვარელი საქმეა.

კვლევისა და შემეცნების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება,  პარალელურად, ფიზიკის სიყვარულს  თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უზიარებს. ამბობს, რომ მეცნიერებას და მეცნიერულ ცოდნას ერთი ძალიან დიდი ძალა აქვს - მას შეუძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭოს.

„მე, ზოგადად, მაინტერესებს როგორ არის რაღაც მოწყობილი და როცა იწყებ ამაში ქექვას, აღმოაჩენ, რომ ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ისტორია და ა.შ. ერთდროულად საინტერესოა.  რადგანაც ფიზიკა უფრო კარგად გამომდიოდა, მასში ღრმად ჩაძრომა შევძელი. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც აინტერესებს და რისი კეთებაც გულით უნდა. ფული შეიძლება იშოვო, მაგრამ საყვარელი საქმის კეთებით თუ იშოვი ფულს, მაშინ იქნები არა მარტო ფულიანი, არამედ - ბედნიერიც. ადამიანი ორიენტირებული უნდა იყოს იმისკენ, რაც შიგნიდან ხდის ბედნიერს. მეცნიერად ყოფნა ბედნიერს თუ არ გხდის, მაშინ არ უნდა იყო მეცნიერი. მაგრამ უკვე მიღებული ცოდნით შეგეძლება, მაგალითად, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება, მატარებლების ეფექტური განრიგის შექმნა, მოკლედ  გადადი რაშიც გინდა და იყავი ბედნიერი.“

ახალგაზრდა მეცნიერი განსაკუთრებით დაინტერესებულია ნაწილაკების ფიზიკით. ჩვენი სამყაროს შექმნის შესახებ დასმული არაერთი კითხვის პასუხი სწორედ ელემენტარულ ნაწილაკებამდე მიდის. მარტივად გვიხსნის,  რომ ნაწილაკების ფიზიკა ელემენტარულ ნაწილაკებს და მათ შორის ურთიერთქმედებას სწავლობს. ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევები მეცნიერებს წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

„არსებობს ატომები, ატომებს შიგნით გვაქვს ბირთვები, ხოლო იმას, თუ რა ხდება ბირთვების შიგნით, სწავლობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. ეს გვაძლევს საშუალებას ჩავიხედოთ ძალიან ღრმად, თითქოს ბუნების სულში ჩაიხედეო. ანალოგი რომ მოვიყვანო, უბრალოდ კი არ იცი ადამიანის ანატომია, არამედ ზედმიწევნით ფლობ ინფორმაციას ორგანოების უჯრედების ფუნქციონირების შესახებ. სწორედ ეს განცდა მქონდა, როცა ნაწილაკების ფიზიკის თეორიაში ვმუშაობდი.“

ჯუანშერ ჯეჯელავამ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი სამჯერ მოიპოვა, ბოლო ექვსი წელია კი 6-6 თვით ცერნის ექსპერიმენტებში მონაწილეობს. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ლაბორატორიას წარმოადგენს. იქ მიმდინარე კვლევები სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის შესწავლას და მის შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოებას ემსახურება. ამ ტიპის კვლევებისთვის მეცნიერებს დეტექტორის შექმნა დასჭირდათ, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე გამოიყენება. იგი სინათლის სიჩქარემდე აჩქარებული პროტონების დაჯახების შედეგად წარმოქმნილ  პროცესებს აკვირდება.

„ცერნში როცა ხვდები, ტექნიკურ სამუშაოს გაკეთებინებენ. დეტექტორიდან მოდის ციფრული სიგნალი, რომელიც ალგორითმით უნდა დაამუშაო და აღადგინო ფიზიკური სიდიდეები. ეს ნაწილი საერთოდ არ ვიცოდი. მეგონა, რომ თეორია განყენებულად არსებობს;  ვფიქრობდი, რომ თეორეტიკოსებმა  ისედაც იციან ყველაფერი  და ექსპერიმენტატორები რაღაცას თავისთვის წვალობენ. აღმოჩნდა, რომ არა - ასე არ არის. იმდენად დაიყო ფიზიკა თეორიად, ექსპერიმენტად და შემდეგ დამუშავებად, რომ შეიძლება საერთოდ მოწყდნენ ერთმანეთს და ვერ ვხვდებოდეთ, რა პრობლემის წინაშე დგას ერთი ან მეორე. ცერნში განსაკუთრებით ის მომეწონა,რომ  ამ პროცესს სრულად აკვირდები. ჯგუფი დიდია და, ასევე, დიდია შანსი რომ დაიკარგო; მაგრამ პატარა ჯგუფში თუ მოხვდი, სადაც აქტიური ხელმძღვანელი გყავს და გიჩიჩინებს, რომ მეტი და მეტი გააკეთო, ძალიან კარგია. საერთოდ, საზღვარგარეთ წასვლა და უცხოელ სპეციალისტებთან მუშაობა, მათ შორის ქართველებთან, ცოდნის გაზიარების კარგი საშუალებაა. ადრე მითხრეს და არ მჯეროდა - ადამიანი წიგნით არ სწავლობს, ადამიანი სწავლობს ადამიანისგან და თავისი გამოცდილებით. წიგნით ვერ ისწავლი იმას, რასაც სხვა გასწავლის.“

ჯუანშერ ჯეჯელავას ახალი ტიპის კვლევის  ჩაატარება უნდა. ამბობს,რომ ეს აქამდე არავის გაუკეთებია. იგი ცერნის მონაცემების შემოწმებით ჩვენ ირგვლივ არსებული სივრცის შესწავლას აპირებს.

„მინდა ვნახო შეიძლება თუ არა ცერნში არსებული მონაცემებით მიკროსკოპულ მასშტაბებზე შევამოწმო ის,თუ როგორ არის მოწყობილი სივრცე. რაიმე ანომალია ხომ არ არის ჩვენს სივრცეში ისეთი, რომელიც შეიძება გაპარულიყო რუტინული შემოწმების დროს.“

ცოდნის მიღებისა და კვლევა-ძიების პარალელურად, ცდილობს საკუთარი გამოცდილება მოსწავლეებს, სტუდენტებს და საზოგადოებას გაუზიაროს. აქვს პოდკასტები, ატარებს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს, ჰყავს ერთგული გამომწერები და მსმენელები, რომლებსაც ფიზიკასთან ერთად, სხვა თემებზეც ესაუბრება. თუმცა, ყველა მათგანი პირდაპირ თუ ირიბად, მეცნიერებას უკავშირდება.

„პოდკასტების მიზანია, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო, რომელიც სულ მაწუხებს. არ შეიძლება ადამიანი „აკეთებდეს“ ფიზიკას,რომელიც არავის ესმის და არ უხსნიდეს ხალხს, მიახლოებით მაინც, რას აკეთებს. თუ ადამიანს ელემენტარულ ცოდნას მივცემ, მაშინ ის იგივე ინფორმაციას  ძალიან ბევრ სხვას ადამიანს მიაწვდის რამდენიმე წუთში. ჩემი პოდკასტის მიზანია, რომ იდეების დონეზე მაინც გაზიარდეს ეს ცოდნა. პოდკასტები ჯერ აუდიო ფორმატში გვაქვს.  განთავსებულია ასევე სალექციო კურსები და 40-ზე მეტი ეპიზოდი. ბევრ ხალხთან მაქვს ჩაწერილი გადაცემა, მათ შორის, ანდრია როგავასთან, ირაკლი მინაშვილთან და ა.შ. თემები მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ფიზიკაზე და ამავდროულად, death black metal-ზეც.“

სწავლების პროცესი განსაკუთრებით სიამოვნებს. ფიზიკის დარგში ცოდნის შეძენა და შემდგომ გადაცემა კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმ საერთაშორისო პროექტებისა და ექსპერიმენტების ფონზე, რომელშიც ჯუანშერ ჯეჯელავა წლებია მონაწილეობს. ამბობს, რომ დღეს მეცნიერებაში საოცრებები ხდება. სტუდენტებთან კი ყველაზე ხშირად სწორედ ამ საოცრებებზე საუბარი უყვარს.

„ჩვენ ვისწავლეთ მძლავრი აპარატების გაკეთება, რომლებიც გააზრებულ პასუხებს გვაძლევენ. სწორედ აქედან დაიწყო გარღვევა მეცნიერების ისეთ დარგებშიც კი, რომლებიც ადრე მკვდარი გვეგონა. ვფიქრობდით, რომ ვერ დავამუშავებდით ზღვა მონაცემებს. დღეს უკვე შეგვიძლია ეს და სხვა ბევრი საოცრების კეთებაც. ყველაზე უკეთ სტუდენტის თვალებში ჩანს, გაიგო თუ არა ეს ყველაფერი. ოცი სტუდენტიდან თუნდაც 2-3 -ს რომ გაუნათდება თვალები, ეგრევე ვხვდები,  რას გრძნობს -  როგორი კარგია, როცა არ იცოდი რაღაც და ახლა ბევრად  მეტი იცი...“

პოდკასტი შეგიძლიათ იხილოთ:  https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

 

თარიღი: 13/01/2021