საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქალის სტატუსი სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში - კვლევა ისტორიის უკეთ გააზრებისთვის

ქალის სტატუსი საბჭოთა კავშირში (1936-1953წწ)“ - სადოქტორო კვლევა ამ სახელწოდეიბთ რუსთაველის ფონდის გამარჯვებულთა რიგებშია. მისი ავტორი  ნანი მანველიშვილი პროფესიით ისტორიკოსია. ბაკალავრის და მაგისტრის წოდება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. ამჟამად, მოწვეული ლექტორია სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ადმინისტრაციის თანამშრომლის პოზიციას იკავებს. მიმდინარე სემესტრში ერასმუს+  გაცვლითი პროგრამით, რომელიც სადოქტორო საფეხურზე კვლევას ითვალისწინებს, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში მუშაობს. იქაც ქალთა თემას იკვლევს - ცდილობს ერთმანეთს შეადაროს ქალთა მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთი მხრივ, სსრკ-ში, მეორე მხრივ, კი იტალიაში ბენიტო მუსოლონის დიქტატურის დროს. თავის სადოქტორო თემაზე, კონკრეტული პერიოდის არჩევაზე და მიზნებზე იგი უფრო დეტალურად გვესაუბრება:

 

საკვლევი თემა

ქალთა სტატუსმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სტალინის მმართველობის პერიოდში. ჯერ კიდევ სამაგისტრო საფეხურზე დავიწყე ამ საკითხის შესწავლა. პირველი ბიძგი მომცა ერასმუს+ გაცვლითმა პროგრამამ ათენის კაპოდოსტრიას სახელობის უნივერსიტეტში. იქ სწავლის პერიოდში სტატია დავწერე ამ საკითხზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ჩემს ხელმძღვანელთან, პროფესორ თეიმურაზ პაპასქირთან ერთად, გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაშრომი ამ თემაზე იქნებოდა. ამგვარად, ქალის სტატუსის ცვლილება 1922-1935 წწ. იქცა ჩემს სამაგისტრო ნაშრომად. სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შემდგომ, საკვლევი თემის პერიოდული ჩარჩო გავაფართოე. ამჟამად, ქალის სტატუსს საბჭოთა კავშირში 1936-1953 წლებში ვიკვლევ. 1936 წლამდე ქალთა ემანსიპაცია მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობდა სსრკ-ში. 1936 წლიდან კი აშკარად იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა. სსრკ-მ 1936 წ. ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. ახალმა კონსტიტუციამ სცნო ქალის თანასწორი უფლებები შრომითი, კულტურული თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ქალებს შეეძლოთ ანაზღაურებადი სამსახური შეეთავსებინათ დედობასთან, ესარგებლათ ანაზღაურებადი დეკრეტით, ასევე, დედათა სახლების თუ საბავშვო ბაღების საშუალებით აღეზარდათ ბავშვები. მიუხედავად ამისა, იმავე წლის 27 ივნისს გამოვიდა „კანონი ბედნიერი დედობის“ შესახებ, რომელმაც აბორტი არალეგალურად გამოაცხადა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დედის მდგომარეობა იყო საფრთხეში. ქალთა უფლებების კუთხით, ეს აშკარა უკუსვლა იყო. ასევე, აიკრძალა დაურეგისტრირებელი ქორწინებები. ამას თან დაერთო მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომმა საფუძვლიანად შეცვალა ქალთა მიმართ დამოკიდებულება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩამოყალიბდნენ „ახალი ტიპის“ ქალები, რომლებსაც  დროებით უნდა ჩაენაცვლებინათ ფრონტზე წასული მამაკაცები. ამგვარად, ამ პერიოდში გენდერული როლების გარკვეულწილად ცვლილება მოხდა. ქალთა დატვირთვა კი გაორმაგდა. ეს პერიოდი მრავალმხრივადაა საინტერესო ქალთა ისტორიის კუთხით.

 

კვლევის მიზანი და მთავარი სიახლე

პროექტი მიზნად ისახავს XX საუკუნის 3040 იანი წლების საბჭოთა კავშირში შექმნილი სოციალური, პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობის ფონზე საბჭოთა ქალების სტატუსის შეფასებას. საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული ცვლილებების საზოგადოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. სტალინის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული „ახალი ტიპის ქალების“ იდენტიფიცირებას და მათ შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. პროექტის მიზანია საბჭოთა ქალების როლის გამოკვლევა და შესაბამისად, მათი დამსახურების წინ წამოწევა საბჭოთა ხელისუფლების დროს. აქ განსაკუთრებული ნიშნულია მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა, რამაც მეტწილად განსაზღვრა ქალთა სტატუსის ცვლილება. კვლევის სიახლეს წარმოადგენს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ქართულ საარქივო სივრცეში არსებული დოკუმენტების მოძიება და დამუშავება. როგორც აღვნიშნე, ქალის როლის ცვლილება საგარეო ფაქტორითაც იყო განპირობებული. მკვლევართა ერთი ნაწილის ვარაუდით, ქალის სტატუსის ცვლილება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეორე მსოფლიო ომით გამოწვეულ ვითარებასთან. სტალინს სჭირდებოდა ახალი ტიპის ქალი, რომელიც იქნებოდა პირველ რიგში, სამაგალითო დედა, თუმცა, ამავე დროს მზად იქნებოდა როგორც ომისთვის, ისე ინდუსტრიაში აქტიური ჩართულობისთვის. სწორედ ამიტომ, 30იანი წლებიდან იწყება პროპაგანდა ქალი-ტრაქტორისტების, ქალი-სნაიპერებისა თუ ქალი-ავტობუსის მძღოლების შესახებ. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დაწყება, ომისთვის მზადება გავლენას ახდენდა საბჭოთა სახელწიფოს პოლიტიკაზე ქალების მიმართ. სწორედ ამიტომ კვლევის ძირითადი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ემთხვევა და ომით გამოწვეულ ცვლილებებს იკვლევს. პროექტს ღირებულებას მატებს საბჭოთა კავშირში ქალთა სტატუსის კვლევა ქართული საარქივო დოკუმენტების მიხედვით. იმდენად, რამდენადაც საბჭოთა კავშირში ქალთა სტატუსის შესახებ ცოტა რამ არის დაწერილი ქართულ ისტორიოგრაფიაში. საარქივო დოკუმენტების, პრესის მასალების დიდი ნაწილი ამ კუთხით შეუსწავლელია. შესაბამისად, ხსენებული კვლევა გვაძლევს საშუალებას სწორი წარმოდგენა შევიქმნათ საბჭოთა წარსულზე და მეცნიერული შეფასება მივცეთ ამ ყოველივეს.

 

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევისას გამოვიყენებ ისტორიულ-შედარებით მეთოდის. ასევე, ვფიქრობ, კონტენტ-ანალიზი დაგვეხმარება კვლევის სწორად წარმართვაში. აუცილებელია წყაროების კრიტიკული შესწავლისა და ანალიზის მეთოდი. ხსენებული მეთოდის საშუალებით, შესაძლებლობა გვექნება გამოვიკვლიოთ თუ რა იყო საბჭოთა დიქტატორის მცდელობის რეალური მიზეზი შეექმნა თანაბარუფლებიანი სამუშაო გარემო, და მიენიჭებინა სსრკ-ის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის ახალი ფუნქცია-მოვალეობები. კრიტიკული მეთოდის საფუძველზე შევძლებთ შევაფასოთ გატარებული ცვლილებების პოზიტიური და ნეგატიური შედეგები ფართო საზოგადოებისთვის. გავაანალიზო, ქალების მდგომარეობის ცვლილება და პროცესები რომლებიც თან ახლდა მას.  

 

ისტორიული გაკვეთილები მომავლისთვის

აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდია ფართო საზოგადოების ინტერესი ქალთა უფლებრივი ისტორიის შესახებ. ჩვენდა სამწუხაროდ, ქალთა მდგომარეობა თანამედროვე საქართველოში არცთუ სახარბიელოა.  როგორც ამბობენ, „ისტორია გვასწავლის რომ ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ“. ეს შეიძლება ასეცაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება არ გვაწყენდა. გარდა ამისა, ფაქტი, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა ქალი უფლებრივად აღემატებოდა ბევრი ევროპული სახელმწიფოს ქალ-წარმომადგენლებს, კვლევის თემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ქართულ ისტორიოგრაფიაში ქალის როლი საბჭოთა კავშირის დროს ოჯახში, სამსახურსა და ქორწინებით კავშირში დღემდე არ არის ბოლომდე შესწავლილი. ვფიქრობ, საბჭოთა წარსულის კვლევა  თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი გამოწვევაა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ წარსული გამოცდილების შესახებ. ხსენებული კვლევა პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება როგორც, საბჭოთა პერიოდის საქართველოს შესწავლის საქმისთვის, ასევე, ზოგადად, ქალთა მდგომარეობის ისტორიის შესწავლისთვის. საკვლევი თემა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ქალთა დღევანდელი უფლებებისა და საზოგადოებაში მათი სტატუსის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ ისტორიული პირველადი წყაროების განხილვის საფუძველზე. ხსენებული პროექტი კი სწორედ პირველად საარქივო მასალებს და შემდეგ მასზედ შექმნილ ლიტერატურას დაეფუძნება.  ქალთა ისტორიის კვლევა საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული საკითხია, რომელზეც სიამოვნებით ვმუშაობ.

 

მათთვის, ვისაც მეცნიერება აინტერესებს...

ვერავის  მოვუწოდებ დაკავდეს მეცნიერებით. ეს წმინდად ინდივიდუალური სურვილია. ალბათ, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, რა არის მოსაწყენი და რა  არა. თუმცა, მათ, ვისაც კვლევა აინტერესებს, შემიძლია  ვუთხრა, რომ კვლევა, სამეცნიერო საქმე, ძალიან დიდი თავგადასავალია და თუ მზად ხართ ამისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე ღიაა და არაერთ საინტერესო პროექტს გთავაზობთ.

თარიღი: 24/11/2021