საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო ჩიხლაძე: „პაციენტის ავტონომიის პატივისცემა, ინფორმირებული თანხმობა და კონფიდენციალობა - წარმოადგენენ სამედიცინო ეთიკის იმ პრინციპებს, რომლების ქმნიან პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის საფუძველს.“

“სამედიცინო ეთიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება სამედიცინო საქმიანობის ქვაკუთხედი. ექიმის სრულფასოვანი აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ეთიკური აზროვნებაა. სამედიცინო ეთიკა წარმოადგენს მორალური პრინციპების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს სამედიცინო პრაქტიკას. პაციენტის ავტონომიის პატივისცემა, ინფორმირებული თანხმობა და კონფიდენციალობა-წარმოადგენს სამედიცინო  ეთიკის იმ პრინციპებს, რომლებიც ქმნიან პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის საფუძველს.“

ნინო ჩიხლაძე თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორია და მისი მნიშვნელოვანი საკვლევი თემა არის სწორედ სამედიცინო ეთიკა. მისი თქმით, დღეს სამედიცინო მომსახურების პროცესში გადაწყვეტილების მიღება მეტად რთული და კომპლექსური ფენომენია.  პროფესიონალი მედიკოსები ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში აწყდებიან მრავალფეროვან ეთიკურ დილემებს. “თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე და სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვით, რაც სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს,”-ამბობს პროფესორი. 

ამასთან, ექიმის მთავარ მოვალეობაზე საუბრისას შემდეგ ძირითად პრინციპებს გამოყოფს:  “ექიმის უზენაესი მოვალეობა არის ინდივიდის, ოჯახის, მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამასთანავე განსაკუთრებული ზრუნვა ექიმმა უნდა აღმოუჩინოს საზოგადოების დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს. პროფესიული ცოდნის განახლება და სრულყოფა, შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწა, ექიმის ყოველდღიური საზრუნავია მთელი მისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე, ხოლო კლინიკური საქმიანობის აღსრულებისას ექიმის გზამკვლევი ყოველთვის უნდა იყოს პროფესიული სტანდარტები და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო ეთიკის პრინციპები.“

მეცნიერი თვლის, რომ ამ მოვალეობების აღასასრულებლად, თანამედროვე ექიმის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ემპათია, თანადგომა, სამართლიანობა, უანგარობა, ზრუნვა დაუცველ  ადამიანებზე,  მიუკერძოებლობა,  პატიოსნება,  ჰუმანიზმი და, რაც მთავარია, სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა. “საქართველოში 2017 წელს განახლდა მედიცინის პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც მოიცავს მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულის მინიმალურ კომპეტენციებს. 13 დარგობრივ უნარს შორის ერთ-ერთი სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენების აუცილებლობა. სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს გააცნობიეროს ექიმის უზენაესი მოვალეობაა, იზრუნოს თითოეული პაციენტის და საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ეთიკური პრინციპების დაცვით  და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,”-აღნიშნავს ნინო ჩიხლაძე.

პროფესორის თქმით, სამედიცინო ეთიკის სფეროში პროფესიული განვითარების სირთულეები უკავშირდება უწყვეტი პროფესიული განვითარების სათანადო პროგრამების არარსებობას. ამ მხრივ მნიშვნელოვან მიღწევად ასახელებს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სამედიცინო ეთიკის კათედრის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უმაღლეს სამედიცინო განათლებას საქართველოში 100 წელზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს, თუმცა, სამედიცინო ეთიკის სწავლება დაახლოებით ორი დეკადის განმავლობაში მიმდინარეობს. 
“წარმატებად მიგვაჩნია მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის სამედიცინო ეთიკის სახელმძღვანელოს თარგმანის მომზადება და დაბეჭდვა თსუ გამომცემლობაში, ასევე რამდენიმე ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შემუშავება, კერძოდ: ბიოეთიკა და ადამიანის უფლებები ჯანდაცვაში, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება ეთიკური გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გამოიცა ლიდსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ეთიკის კომიტეტები ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
რომელიც გამოიცა რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებით,”- ამბობს მეცნიერი.

მრავალი სამეცნიერო კვლევიდან, რომელშიც იგი მონაწილეობდა, ნინო ჩიხლაძე გამოარჩევს მედიცინის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევას, რომელიც ეხებოდა ბოსამედიცინო კვლევების  ეთიკურ  ასპექტებს.  აღნიშნული  კვლევის,  რომელსაც  მანამდე ანალოგი არ ჰქონდა, მიზანი იყო საქართველოში ბიოსამედიცინო კვლევებში ცხოველთა გამოყენების ეთიკური ასპექტების შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და სოციალურად მისაღები ბიოსამედიცინო კვლევების სამეცნიერო-ეთიკური პრაქტიკის მოდელის გამოვლენა. “ჩვენი კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბიოსამედიცინო კვლევებში ცხოველთა გამოყენება მისაღებია საზოგადოებისთვის. თუმცა, ამავე დროს, რესპონდენტების უმრავლესობისთვის საერთაშორისო  რეგულაციების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს ბიოსამედიცინო კვლევებში ცხოველების გამოყენების მიმართ რეგულაციებისა და ეთიკური პრინციპების შექმნას საერთაშორისო მოთხოვნების  შესაბამისად,  როგორც  სახელმწიფო,  ასევე  ინსტიტუციურ დონეზე,”-აღნიშნავს მკვლევარი. 

თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, დღეს სამეცნიერო კვლევები სწავლების პროცესთან ერთად სამედიცინო განათლების განუყოფელი ნაწილია. თსუ მედიცინის ფაკულტეტი ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო და კვლევით პროექტში. სტუდენტების მონაწილეობა კი ამ სახის საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი შედეგის მომცემია. პროფესორი სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობითაც და მიიჩნევს, რომ კვლევით პროექტებში სტუდენტთა ჩართულობა უზრუნველყოფს მათ მიერ არა მხოლოდ დარგობრივი ცოდნის, არამედ კვლევითი უნარ-ჩვევების დასხვადასხვა სახის ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც.

მეცნიერი საერთაშორისო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის აიოვას უნივერსიტეტთან (აშშ), ტრომსოს უნივერსიტეტთან (ნორვეგია), ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტთან (რუმინეთი) და სხვა. “განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის ერაზმუსის პროექტის ფარგლებში რენეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ეთიკის სასწავლო კურსის მომზადებასა და წარმართვაში მონაწილეობა, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე სწავლებისა და შეფასების მეთოდების გაუმჯობესებისათვის,”-ამბობს იგი.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ პანდემიამ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა  და მათ შორის მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში შექმნა კრიზისული მდგომარეობა. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იქნა რთული  ეპიდემიოლოგიური  სიტუაციების  დროს,  მიაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი  ფუნდამენტური  ეთიკური  პრინციპები,  როგორიცაა:  არ ავნო (შეზღუდვების დაწესება ემსახურებოდა ზიანის  თავიდან აცილებას დამიღებული ზომები იყო  ზიანის პროპორციული), სამართლიანობა (ვაქცინაციის სქემა დაპრიორიტეტული ჯგუფები წინასწარ იყო  ცნობილი მოსახლეობისათვის), პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის დაცვა და ხელშეუხებლობა. “თუმცა, დამატებით მინდა ავღნიშნო, რომ გადაუდებელი მდგომარეობების დროს გარდა უშუალოდ ჯანდაცვის სისტემისა, მნიშვნელოვანია უშუალოდ  საზოგადოებრივი ჩართულობა, მზაობა თანამშრომლობისათვის, როდესაც მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან საკუთარი ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვას და მაქსიმალურად იცავენ პრევენციულ ღონისძიებებს,”-გვეუბნება მეცნიერი.

იგი ასევე განგვიმარტავს, რომ უფრო მართებული იქნება თუ ვისაუბრებთ ზოგადად გადაუდებელი მდგომარეობების დროს ვაქცინაციის ეთიკურ პრინციპებზე,  რომელიც  მიესადაგება  ასევე   კოვიდ-19  პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესსაც.
აღნიშნულ გარემოებებში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი განაწილების, ინფორმირებული თანხმობის საკითხებს.  
საერთაშორისო დონეზე არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლის თანახმად ნებისმიერ ქვეყანაში პანდემიის გეგმა და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ეთიკურ პრინციპებსა და საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებს. რეკომენდაციები ეხება პანდემიების დროს შეზღუდული რესურსების პირობებში პრიორიტეტების განსაზღვრასაც. გადაუდებელი მდგომარეობების დროს მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის განაწილების და პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს წინასწარ განსაზღვრულ წესებს, რაც საზოგადოებაში უზრუნველყოფს რესურსების განაწილებას სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით და ინფორმირებული თანხმობის უზრუნველყოფით.

თარიღი: 19/03/2021