საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზია წერეთელი: “განათლების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დღეს სამეცნიერო აზრის მიტანა განათლების სისტემის პრაქტიკოსებთან...”

როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ფსიქიკა, რატომ და როგორ ვიქცევით, როგორ ვსწავლობთ და რა მექანიზმები განაპირობებს ამას? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხების ძიებამ გადააწყვეტინა თსუ ფსიქოლოოგის ფაკულტეტის პროფერორს, მზია წერეთელს, აერჩია მომავალ პროფესიად ფსიქოლოგია. უკვე სწავლის პერიოდში, როგორც თავად ამბობს, მისი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც მშობლებს, რომლებიც ასევე მეცნიერები იყვნენ, ასევე მის პედაგოგებს, განსაკუთრებით კი პროფესორ დალი ფარჯანაძეს, რომელიც დღესაც თსუ-ში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ღვაწლმოსილი მეცნიერია.

მეცნიერის ძირითად მიმართულებას განათლების ფსიქოლოგია წარმოადგენს. ამ სფეროსადმი დიდი ინტერესი მოღვაწეობის პირველივე ეტაპებიდან იღებს სათავეს. მისი ერთ-ერთი პირველი კვლევა დაკავშირებული იყო სწორედ მეხსიერებასთან, ინფორმაციის გადამუშავების მექანიზმებთან და სემანტიკური ინფორმაციის შენახვასთან. “დღევანდელი გაგებით ფსიქოლოგიაში სწავლა არ არის ვიწრო პროცესი, ეს არის გამოცდილების შეძენა. ჩემი შრომაც ამას ეხებოდა, თუ როგორ იძენს ადამიანი გამოცდილებას და როგორ იყენებს შემდგომ მას.”
გარდა ამისა, მზია წერეთელი მრავალ კვლევაში იყო ჩართული როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მათ შორისაა სახელმწიფო შეფასებები, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სხვადასხვა საგნების სწავლის შემოწმებას. იხსენებს, რომ სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მის პროფესიაში და თავისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებისათვის ფართო არეალი ამ სფეროში დაინახა. “ჩემი ძირითადი ინტერესის სფერო, ზოგადად, არის განათლების ფსიქოლოგია: მასწავლებელი, მოსწავლე, სკოლა, ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩართულია განათლების მიღებაში. ეს მოიცავს არა მხოლოდ საშუალო სკოლას, არამედ უმაღლეს განათლებასაც”-აღნიშნავს იგი.

დღეს მისი ყურადღება მიპყრობილი აქვს ახალი სწავლის მეთოდებსა და თვითრეგულირებად სწავლას, რაც განსაკუთრებით დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. მიიჩნევს, რომ მის მიერ ჩატარებული ყველა კვლევა თავისებურად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამჟამად გამოარჩევს ყველაზე აქტუალურ თემებს: მშობლის როლი და მათ ჩართულობა განათლების მიღების პროცესში, ასევე, აკადემიურ წარმატებაზე მოქმედი კოგნიტური და არაკოგნიტური ფსიქოლოგიური ფაქტორები.

როგორ იღებს ჩვენი გონება გარკვეულ ინფორმაციას? როგორ ამუშავებს და ინახავს მას? ამ საკითხებს პასუხობს მზია წერეთლის ერთ-ერთი ნაშრომი “ინფორმაციის შენახვის ფორმები და მექანიზმები მეხსიერებაში”. მისი თქმით, არსებობს კლასიკური კანონები ფსიქოლოგიაში, რაც გვეხმარება მასალის უკეთ დამახსოვრებაში. “მრავალ ფაქტორს შორის აღსანიშნავია რამდენიმე: მოცულობა - მნიშვნელოვანია რომ მასალა დაიყოს ნაწილებად, რათა უკეთ დავიმახსოვროთ იგი; მოტივატორული ფაქტორი - მოკლე დროში ნასწავლი მალევე გვავიწყდება; განზრახვა - იმის გაცნობიერება, თუ რისთვის გვჭირდება ამა თუ იმ საკითხის სწავლა და ინტელექტუალური გადამუშავება - რაც უფრო ღრმად არის ინფორმაცია გადამუშავებული, მით უფრო კარგად აღიბეჭდება გონებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა დროს მიღებული ცოდნა დაუკავშირდეს ერთმანეთს და შეიქმნას ერთიანი კოსტრუქცია,”-ამბობს მეცნიერი.

“დღევანდელმა ეპიდსიტუაციამ განათლების ფსიქოლოგია დააყენა მრავალი გამოწვევის წინაშე. კიდევ უფრო რეალური გახადა სწავლაზე ორიენტაცია და არა სწავლებაზე. მოსწავლე და მსწავლებელი უნდა განვიხილოთ ერთად, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კონტექსტში. ამის გათვალისწინებით, უნდა დაიგეგმოს ინდივიდუალური სწავლება საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, დავინახეთ ტექნოლოგიების აუცილებლობა და მათი ცოდნა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. პრობლემას წარმოადგენს ემოციური უკუკავშირიც, რომელიც ონლაინ სწავლების პირობებში თითქმის არ არსებობს. როგორც სცენაზე მსახიობს სჭირდება მაყურებლის ემოციები, ასევეა საჭირო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორისაც წარმოიშვას ემოციური უკუკავშირი და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა,”-აღნიშნავს მკვლევარი.
თსუ სამეცნიერო გრანტის ფარგლებში მზია წერეთელს ჩატარებული აქვს საინტერესო კვლევა იმის შესახებ, იცვლება თუ არა განათლების მნიშვნელობა თაობებს შორის. კვლევამ აჩვენა, რომ ახალი თაობისათვის განსვავებული აღმოჩნდა როგორც განათლების ზოგადი კონცეფცია, ასევე იმის აღქმა, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ცოდნა და სწავლის მიზნები. “ახალ თაობას მიაჩნია, რომ ცოდნის დემონსტრირებაც არის მნიშვნელოვანი, რაც ძველ თაობაში ნაკლებად იყო მიღებული”;

მეცნიერი კვლევითი მოღვაწობის გარდა პედაგოგიური საქმიანობითაცაა დაკავებული. “მიყვარს როცა ვასწავლი. ყველაზე მეტად კი მიყვარს როცა ვხედავ, რომ ისწავლა. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი. მაქსიმალურად ვცდილობ განათლების ფსიქოლოგიაში დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და სწავლის პროცესი სასიამოვნო და საინტერესო გავხადო ჩემი სტუდენტებისთვის”.

თარიღი: 12/04/2021