საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლია მაჭავარიანი: „გეოგრაფს, ცოდნასთან ერთად, ობიექტების საკუთარი თვალით ხილვა და შეგრძნება სჭირდება. ასეთი კომბინაცია მეცნიერების იმ კარს შეგიღებს, საიდანაც გამოსვლა აღარ მოგინდება“...

ერთ მშვენიერ დღეს, ვარაზის ხევის აღმართის ავლის დროს, დღეს უკვე თსუ პროფესორმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ლია მაჭავარიანმა გადაწყვიტა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. მისი ეს სურვილი, თსუ პირველი კორპუსის ყოველი დანახვისას, უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ზუსტად იცოდა, რისი შესწავლაც უნდოდა, რამაც ყველაფერი გაამარტივა. ასე ახდა ორი ოცნება ერთად და წლების წინ თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელის სტატუსი მიიღო. ახლა ის სტუდენტებს თავად ასწავლის და “თეთრი შენობის” დანახვის პირველ წამებს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს. ეს ამაღელვებელი ემოცია დღემდე უცვლელად მოჰყვება.

“...ბავშვობიდან, როგორც კი ვარაზის ხევს ავივლიდით, გული სხვანაირად მიცემდა. ვხედავდი უნივერსიტეტს და ზუსტად ვიცოდი, რომ აქ, ამ შენობაში უნდა მესწავლა. ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. არაჩვეულებრივი პედაგოგებისა და სტუდენტების გარემოცვაში გავატარე სტუდენტობის წლები და დღემდე ასე გრძელდება”.

საკუთარ თავს ჯარისკაცს უწოდებს, სწავლის დასრულების შემდეგ ყოველდღიურად დადიოდა კათედრაზე, არ წყვეტდა პროფესორებთან და უნივერსიტეტთან კავშირს. შესაბამისად, დარგში არსებულ სამეცნიერო კვლევებში აქტიურად იყო ჩართული, სახელშეკრულებო თემების ფარგლებში.

“როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, არც მიფიქრია კვლევით ინსტიტუტებში, ან სკოლაში წასვლაზე. კათედრაზე ერთი დღეც რომ არ გამოვჩენილიყავი, მეკითხებოდნენ – სად ვიყავი. უნივერსიტეტში მუშაობა ლაბორანტის პოზიციიდან დავიწყე, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, მასწავლებელი გავხდი, მერე დოცენტი, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი, უკვე რეფორმირებულ უნივერსიტეტში – ჯერ ასოცირებული, შემდეგ სრული პროფესორი”.

გეოგრაფები ამბობენ, რომ მეცნიერების ეს დარგი ყველას აინტერესებს და იზიდავს. ჩვენს ყოველდღიურობაში ხომ ხშირად ვინტერესდებით იმ საკითხებით, რასაც გეოგრაფია სწავლობს – ზოგიერთი ჩვენგანისთვის დარგის მრავალფეროვანი შინაარსი უბრალოდ კარგი საკითხავი შეიძლება აღმოჩნდეს, ზოგი კი ადრეულ ასაკშივე გადაწყვეტს, რომ საკუთარი ცხოვრება ამ პროფესიას დაუკავშიროს.

“მინდა განვმარტო, რომ გეოგრაფია, რომელიც ბუნებრივ გარემოს შეისწავლის, ერთი დარგი არ არის. ეს არის მეცნიერებათა სისტემა, რომელიც საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიჯნაზე იმყოფება და, მათ შორის, ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ის იყოფა საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიულ და საზოგადოებრივ-გეოგრაფიულ მეცნიერებათა ქვესისტემებად თავისი მრავალი მიმართულებით (გეომოფოლოგია, კლიმატოლოგია, ჰიდროლოგია, ნიადაგმცოდნეობა, ოკეანოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გლაციოლოგია, კარსტოლოგია; მოსახლეობის, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური გეოგრაფიები და სხვ.). თითოეულ გეოგრაფიულ განხრას თავისი კონკრეტული კვლევის ობიექტი აქვს და გააჩნია თეორიული, რეგიონალური და გამოყენებითი ნაწილები. წარმოიდგინეთ, რა უნდა იყოს ამაზე ფართო კვლევის სფერო?! მეც დაინტერესებული ვიყავი ამ დარგით და მისი მრავალფეროვნება განსაკუთრებით მიზიდავდა”.

ლია მაჭავარიანი ამბობს, რომ გეოგრაფები ბევრს გადაადგილდებიან. მათ შეხვდებით აუდიტორიებში, ლაბორატორიებში, საველე ექსპედიციებში და ისევ ლაბორატორიებში. პასუხები  კითხვებზე მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ დროსა და სივრცეში მოგზაურობას ჰგავს.  საერთაშორისო ურთიერთობებს, უცხოელ მეცნიერებთან კოლაბორაციას, კონფერენციებზე ინტერესებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას აშშ-ში, ევროპისა თუ აზიის არაერთ ქვეყანაში (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, არაბთა გაერთიანებულ საამიროები, ინდოეთი და სხვ.) ლია მაჭავარიანი განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს. თუმცა, მისთვის საველე კვლევა, საქართველოზე უფრო მეტად საინტერესო, არსად ყოფილა.

„ველი გეოგრაფებისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა. ის სხვა ტიპის ურთიერთობებს აყალიბებს – მეგობრობას, სიყვარულს, მხარდაჭერას. მართალია, ჩემი ვიწრო სპეციალობა მიკროპედოლოგიაა – ნიადაგების მიკრო- და სუბმიკროდონეზე შესწავლა, მაგრამ გეოგრაფიული კვლევისას ზოგადად გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია.  რატომ ნიადაგი? –  ხშირად უკითხავთ. პასუხი, ვფიქრობ, ცალსახაა - სანამ კაცობრიობა არსებობს, ნიადაგის კვლევების საჭიროებაც მუდმივად იქნება. პედოსფერო ერთ-ერთი პლანეტარული გარსია, რომელიც გეოსფეროების (ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰისროსფერო, ბიოსფერო) კონტაქტის საზღვარზეა წარმოდგენილი. თავის მხრივ, ნიადაგი – გეოგრაფიული ლანდშაფტის ძირითადი კომპონენტია და მის თვისებებში აისახება ლანდშაფტის დანარჩენი კომპონენტების (ქანი, რელიეფი, კლიმატი, წყლები, მცენარე, ცხოველი, ადამიანი) დამახასიათებელი ნიშნები, რის გამოც “ლანდშაფტის სარკეს” უწოდებენ.

რაც შეეხება საქართველოს – ნიადაგური საფარის მხრივ უნიკალური რეგიონია. მცირე ტერიტორიაზე ნიადაგების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რაც მაფორმირებელი ფაქტორების მრავალფეროვნებითაა განპირობებული. აქ გავრცელებულია დედამიწაზე არსესებული თითქმის ყველა ძირითადი გენეტიკური ტიპი, გარდა ცხელი ტროპიკულისა. სწორედ ამიტომ უწოდეს საქართველოს – “ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ”.  უფრო მეტიც,  ვერტიკალური ზონალობა, რაც ერთ-ერთ ძირითად გეოგრაფიულ კანონს წარმოადგენს  - კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს მაგალითზე იქნა შექმნილი“.

ლია მაჭავარიანი ქართველი მეცნიერების იმ პირველ თაობას მიეკუთვნება, რომლებმაც ნიადაგების  შესწავლა მიკროდონეზე დაიწყეს. მიკრომორფოლოგიური კვლევის გამოყენებით შეძლო მნიშვნელვან კითხვებზე პასუხის გაცემა. ამბობს, რომ საქართველოს ყველა კუთხე, ნიადაგის კვლევის თვალსაზრისით, თავისებურად საინტერესოა, თუმცა, მაინც აფხაზეთს გამოარჩევს.

“აფხაზეთში გავრცელებული ე.წ. სუბტროპიკული ეწერი ნიადაგის წარმოშობის მექანიზმი, პროფილის რთული აგებულებისა და შედგენილობის გამო, ათწლეულების მანძილზე, მეცნიერთა გაუთავებელი დავის საკითხს წარმოადგენდა. მრავალი მოსაზრება სახელდებოდა მისი გენეზისის შესახებ. მიკროპედოლოგიამ, რომელიც შესაძლებლობას იძლევა თვალნათლივ დაინახო მიმდინარე თანამედროვე, თუ შთენილი პროცესები, საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ საკითხს. დადგინდა, რომ კონკრეტული ნიადაგი არ ექვემდებარება ნიადაგწარმოქმნის კლასიკურ კანონზომიერებას და მისი ჰეტეროგენული და ჰეტეროქრონული პროფილი საწყისად არაერთგვაროვან ლითოლოგიურ ფონზეა ფორმირებული, რაც საბოლოოდ თანამედროვე პედოგენეზში ჩაერთო.“

თსუ პროფესორს საქართველოში ნიადაგის კვლევის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კვლევების დიდი ნაწილი აისახა მონოგრაფიაში “საქართველოს ნიადაგები”, რომელიც  გამომცემლობა Springer-მა დაუკვეთა და, ლია მაჭავარიანის რედაქტორობით, 2019 წელს შვეიცარიაში გამოსცა. აღსანიაშნავია, რომ აღნიშნული მონოგრაფია ლია მაჭავარიანმა თსუ 100 წლისთავს მიუძღვნა.

“განსაკუთრებით საამაყოა, რომ გამომცემლობა Springer-მა მონოგრაფია დამიკვეთა. რამდენიმე წელია გამოიცემა მსოფლიო ნიადაგების წიგნების სერია (World Soils Book Series). მონოგრაფია საქართველოს ნიადაგებზე “The Soils of Georgia” ამ სერიის ნაწილი უნდა ყოფილიყო. თავიდან სერიოზულად დავფიქრდი, თუმცა ბოლოს დავთანხმდი. რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესს იოლად არ ჩაუვლია. წიგნი მრავლისმომცველი და უხვად ილუსტრირებულია. აქ ასახულია საქართველოს ნიადაგური სპექტრის მრავალაფეროვნება, მიმოხილულია შესწავლილობის ისტორია და ნიადაგწარმოქმნელი პირობები, შეფასებულია ნიადაგების  მორფოლოგიური (მაკრო-, მიკრო-) და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, განხილულია მიწათსარგებლობის, ანთროპოგენური დეგრადაციისა და სხვა ასპექტები”.

ნიადაგებთან ერთად, ლია მაჭავარიანი ჩართულია წყლის რესურსების, კერძოდ წყალსაცავებთან დაკავშირებულ კვლევებშიც. პროფ. დ. კერესელიძის მიერ შექმნილ ჯგუფთან ერთად, ნიდერლანდებში, UNESCO-IHE-ს წყლის განათლების ინსტიტუტში (Institute for Water Education), დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU, Delft) თანამონაწილეობით, გაიარეს ტრენინგი წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაში (Integrated Water Resourses Management), რამაც განაპირობა ამ მიმართულებით მისი დაინტერესება და ჩართულობა საგრანტო პროექტებში. პროფესორ გიორგი მეტრეველთან ინტენსიური თანამშრომლობით, შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებენ საგრანტო პროექტებს გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების პროგრამების ფარგლებში. კვლევები ეხება ნაპირდაცვისა და ჰიდროენერგეტიკის ერთობლივი პრობლემის რეალიზაციას, ასევე გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე წყალსაცავის ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას და სხვ. იგეგმება მონოგრაფიაზე მუშაობა, სადაც აისახება წყალსაცავების დამპროექტებლებისთვის შემუშვებული რეკომენდაციები.

ლია მაჭავარიანი მრავალწლიანი კვლევის პროცესში ერთ რამეს მიხვდა: გეოგრაფია, ბევრი სხვა დარგისგან იმით განსხვავდება, რომ მას მხოლოდ წიგნებით ვერ შეიმეცნებ. გეოგრაფს ცოდნასთან ერთად, ობიექტების საკუთარი თვალით ხილვა და შეგრძნება სჭირდება. ასეთი კომბინაცია მეცნიერების იმ კარს შეგიღებს, საიდანაც გამოსვლა აღარ მოგინდება.

“გეოგრაფს უნდა ჰქონდეს მოგზაურობის შესაძლებლობა, რათა საკუთარი თვალით ნახოს, შეეხოს და შეიგრძნოს სხვადასხვა უნიკალური ობიექტი თუ ბუნებრივი ზონა. პირადად მე ძალიან მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იყო დედამიწის  ყველაზე დაბალ წერტილში (-400 მ ზ.დ.) ყოფნისას. ისრაელში საკუთარი თვალით დავინახე და გავიაზრე, რას ნიშნავდა სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, ანუ არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი განვითარება. ეს თუ არ ნახე, თუ არ შეიგრძენი, თუ არ შეეხე, მარტო წიგნებიდან სათანადოდ ვერ შეიმეცნებ. სწორედ ეს ქმნის მეცნიერებას - თეორიულ ცოდნასთან ერთად.  ჩვენ მივილტვით განვითარებისკენ, მაშასადამე, მივილტვით მეცნიერებისკენაც. ამის გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. ეს ინტერესი შინაგანი სურვილიდან გამომდინარეობს და თავს ვეღარ აღწევ, რადგან უფრო და უფრო საინტერესო ხდება...”.

თარიღი: 16/03/2021