საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლალი შარვაძე: „ექიმებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ საჭიროა სწორი, აკადემიურად გამართული კომუნიკაცია...“

ლალი შარვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. იგი პრაქტიკოს ექიმობასთან ერთად მეცნიერი და მკვლევარია. ფიქრობს, რომ თანამედროვე ექიმისათვის მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობა არ არის საკმარისი და ყოველთვის უნდა გამოიძებნოს დრო კვლევებისათვის. მისი მოღვაწეობის სფერო სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადია ამიტომ, პროფესიული ზრდისათვის საჭიროა “მუდმივად ვეცნობოდეთ სიახლეებს და გარკვეული წვლილი ჩვენც შეგვქონდეს ამ სიახლეების შექმნაში”.

მეცნიერი ყოველთვის ჩართულია ამ სიახლეებში და ცდილობს არ ჩამორჩეს მათ. სისტემატურად  მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ხშირად საკუთარი მოხსენებებით. მართალია, ეს დიდ ენერგიას, დროსა და ძალიასხმევას მოითხოვს, მაგრამ ამავდროულად საიტერესო და სასიამოვნოა პროცესია.   

კარიერის განმავლობაში არა ერთ სირთულეს გადააწყდა, თუმცა, დროთა განმავლობაში იზრდება პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა, ყალიბდება ახალი საერთაშორისო კონტაქტები კოლეგებთან. მისი ინტერესების სფერს წარმოადგენს აივ ინფექცია/შიდსი, ასევე, ღვიძლის დაავადებები, განსაკუთრებით ვირუსული ჰეპატიტები და ამ მიმართულებით აპირებს მომავალშიც მუგშაობის გაგრძელებას.  რა თქმა უნდა, პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთან, რომლის გარეშეც, ექიმი კლინიცისტის მოღვაწეობა წარმოუდგენელია.    

ლალი შარვაძე პროფესიონალი ჰეპატოლოგია და ამ საკითხზე რამდენიმე რჩევასაც გვაძლევს: “ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ჯანმრთელი და დაუზიანებელია ჩვენი ღვიძლი. არ არის სწორი ის მოსაზრება, რომ   ღვიძლის ნებისმიერი დაავადება განუკურნებელია. მაგ. C ჰეპატიტი ანტივირუსული მკურნალობის ფონზე სრულად განკურნებადია, ხოლო ქრ. B ჰეპატიტის სამკურნალოდ არსებობს ძალზედ ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტები, რომელთა ფონზე მდგომარეობა დარეგულირებადია. ასევე, ღვიძლის სხვა დაავადებების შემთხვევაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სერიოზული გართულებები, ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ამიტომ ღვიძლის დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა  თავიდან იქნას  აცილებული არასასურველი გართულებები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება.“

ყველაზე დიდი გამოცდილება, როგორც თვითონ ამბობს, პარაქტიკული და  ასევე თეორიული აივ ინფექცია/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში დაუგროვდა. “თუმცა მაინც გამოვყოფდი C ჰეპატიტს, კონკრეტულად მწვავე C ჰეპატიტს და ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებს. კერძოდ,  მწვავე C ჰეპატიტის კლინიკურ-ლაბორატორიული ფორმების  აღწერა და მათი გამოსავლების და შესწავლა. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ აივ ინფექცია/ შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში ჩატარებული კვლევებისთვის ჩვენს გუნდსა და პირადად მე ეროვნული პრემია გვაქვს მიღებული, რითაც ნებისმიერი იამაყებდა და, რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაშიც ასეა,”-ამბობს ქალბატონი ლალი.

ბევრი მითი და ცრუ წარმოდგენა არსებობს სხვადასხვა ინფექციის შესახებ, შიშები. მათ შორის აცრებზე და ა.შ. ექიმის აზრით ამ დროს აუცილებელია არგუმენტირებული და დამაჯერებელი ინფორმაციის მიტანა ადრესატამდე. “ვაქცინაცია, რომ აუცილებელი და ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს ჩვენი კაცობრიობის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა. ცნობილია პანდემიები, რომელიც მუსრს ავლებდა კაცობრიობას. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ყვავილი. სწორედ, რომ მასიურმა ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა ამ ვერაგი დაავადებისგან და საყოველთაო ვაქცინაციით ეს დაავადება დღეს მსოფლიოში ლიკვიდირებულია. ასეთი და მსგავსი ინფორმაციის მიწოდება, დამაჯერებელი არგუმენტებით პაციენტისთვის ზოგჯერ გადამწყვეტია, რათა მან აზრი სასიკეთოდ შეიცვალოს,”-აღნიშნავს ქალბატონი ლალი. გარდა ამისა, მისი აზრით, ექიმებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ საჭიროა სწორი, აკადემიურად გამართული კომუნიკაცია, რათა პაციენტი დაარწმუნო რაიმეში. “როცა ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას ვიწყებდით, ბევრი პაციენტი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროგრამის ფარგლებში არსებულ მედიკამენტებს (რატომღაც ბევრი თვლიდა, რომ ეს ე.წ.“ ექსპერიმენტული მედიკამენტები“ იყო). მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ყველამ დაინახა და დააფასა ამ პროგრამის სიკეთე,”-აღნიშნავს მეცნიერი.

გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, ლალი შარვაძე თსუ მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის პროფესორია და აქტიურადაა დაკავებული პედაგოგიური საქმიანობით, კითხულობს ლექციებს და ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებთან.

დღეს ინფექციონისტებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. პანდემიის პირობებში ისინი ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან. ”უკვე ერთი წელია ვებრძვით კოვიდ პანდემიას. ბევრი სირთულე იყო დასაწყისში, რომელიც ვთვლი, რომ გადავლახეთ. ამჟამად მთავარია ახალი შემთხვევების რიცხვი დავიყვანოთ მინიმუმამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ვაქცინაციის პროცესის დაწყება და წარმატებით განხორციელება. აქაც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მოსახლეობის ნაწილი დავარწმუნოთ ვაქცინაციის აუცილებლობაში,”-ფიქრობს ექიმი.

თარიღი: 10/03/2021