საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევა ცელულოზაშემცველი ნარჩენებიდან - მიღებული ადსორბენტები წყლის გასაწმენდად

წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. წყალში არსებული სხვადასხვა დამაბინძურებლები საფრთხეს უქმნის ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას.

 

სწორედ ამან განაპირობა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დოქტორანტის ნინო  გიორგაძის დაინტერესება საკვლევი თემით. „წყლის გაწმენდა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის გასასუფთავებლად ახალი, იაფი და ეფექტური მასალების შექმნა, განსაკუთრებით ნარჩენების ბაზაზე“. - ამბობს იგი. კვლევამ შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერ ფონდის მხარდაჭერა მოიპოვა.

კვლევის მიზნის მისაღწევად შემუშავებულია ახალი ტექნოლოგია, რომელზეც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულია პატენტი და ამ ტექნოლოგიით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ,  ხდება ცელულოზაშემცველი ნარჩენებიდან ნახშირბადოვანი მასალების მიღება, ასევე, ამ ტექნოლოგიით, ხორციელდება მათი ფიზიკური და ქიმიური მახასითებლების შესწავლა და ადსორბციული შესაძლებლობების დადგენა მძიმე მეტალების მიმართ, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით, ზოგჯერ კი რადიოაქტიურობითაც.

„პოპულარულ ენაზე“ მკვლევარმა სამუშაოს მნიშნელობა ასე განგვიმარტა: სიახლე შეეხება ცელულოზაშემცველი ნარჩენებიდან მიღებულ განვითარებული ზედაპირის მქონე ნახშირბადოვან მასალებს, რომლებიც გააქტივების გარეშე შეიძლება წარმატებით გამოყენებულ იქნას წყლიდან სხვადასხვა დამაბინძურებლის ამოღების მიზნით. მიღებული მასალები ხასითდებიან დაბალი თვითღირებულებით, რაც მიიღწევა იმით, რომ პროცესი არის ერთსტადიური და არ საჭიროებს ნედლეულის წინასწარ დამუშავებას. ამასთანავე, პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა საწვავი აირი გამოიყენება ამ პროცესშივე, როგორც ენერგეტიკული წყარო“.

ცხადია კვლევას კონკრეტული პრაქტიკული ღირებულება შეიძლება ქონდეს - ცელულოზაშემცველი ნარჩენებიდან მიღებული ნახშირბადოვანი მასალისაგან შეიძლება დამზადდეს კონტაქტური ფილტრი, რომელიც უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლებიდან მავნე ნივთიერებების მოცილებას. ასეთი ნახშირბადოვანი მასალისაგან დამზადებული ფილტრები წარმატებით შეიძლება ჩაინერგოს სამედიცინო, ასევე ქიმიური და მეტალურგიული კომბინატებისა და ქარხნების და სხვა საწარმოების წყლის გამწმენდ სისტემებში.

როგორც მკვლევარი ამბობს, ბიზნესის დაინტერესება და შემდგომ კომერციალიზაცია სხვა ეტაპია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლევების დასრულების შემდეგ განიხილება.

 

თარიღი: 28/12/2021