საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერი - “ეს დიდი სამყაროა, სადაც ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი ხარ”

„ვფიქრობ, როდესაც ლიტერატურაზე ვიწყებთ საუბარს, მთავარია, წაკითხული ტექსტის ან რომელიმე პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობა გაგვიჩნდეს,“ – ბავშვობაში კითხვის დროს გაჩენილმა თანაგრძნობის უნარმა ზურაბ ოქროპირიძის მომავალი პროფესია განსაზღვრა. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერს ნოდარ დუმბაძის რომანმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ლიტერატურა პატარა ასაკიდანვე შეაყვარა, მისი გატაცება მოგვიანებით პროფესიად აქცია და ალბათ მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

ზურაბ ოქროპირიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტია. ფილოლოგიის მიმართ ინტერესი ლიტერატურისადმი მისმა სიყვარულმა განაპირობა. უნივერსიტეტში ჩაბარებისთვანავე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბავშვების მომზადება დაიწყო და ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება შეიძინა. თავდაპირველად ლიტერატორობა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე, მის ცნობიერებაში ერთგვარი გადატრიალება მოხდა და ლინგვისტიკამ გაიტაცა, რადგან მიაჩნია, რომ ლიტერატურა ენის გარეშე არ არსებობს და სწორედ ეს ენა ხდის მას საინტერესოს.ენათმეცნიერების მიმართ ინტერესმა კი ახალი წარმატებები მოუტანა.

„ენისა და ადამიანის კავშირმა დამაინტერესა და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურა მოვიძიე. „ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს“ ასეთი ინიციატივა ჰქონდა - თავისუფლების მიღმა, სადაც ახალგაზრდა მკვლევრებს მონაწილეობის მიღება და ლექციის ჩატარება შეეძლოთ. მეც ჩავატარე ლექცია სახელად - ენა, როგორც ყოფიერების სახლი და ვისაუბრე ენაზე, მის მნიშვნელობაზე, ენასა და აზროვნებაზე და ასევე, როგორ ცხოვრობს ადამიანი ენის ოჯახში. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა მივიღე მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, სადაც დავინახე, ენათმეცნიერის განვითარების შესაძლებლობები ციფრულ სამყაროში.“ - იხსენებს ზურაბ ოქროპირიძე.

ახალგაზრდა ენათმეცნიერმა ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან დაიწყო. 19 წლის იყო, როდესაც სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილებაშითანამშრომლად ხელშეკრულებით აიყვანეს. თვლიდა, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობა წიგნებთან ურთიერთობისთვის უამრავ დროსა და საშუალებას მისცემდა. გარკვეულწილად მართალიც აღმოჩნდა -  დღეს ზურაბ ოქროპირიძე დიჯიტალიზაციის ჯგუფში მუშაობს და მკითხველისთვის ელექტრონულ წიგნებს ქმნის. როგორც თავად ამბობს, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, აუცილებელია ყველანაირი ინფორმაციის ციფრულ ფორმატში არსებობა, რაც ნებისმიერ ადამიანს ბევრად ნაკლები ძალისხმევით ბევრად დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენს ბიბლიოთეკას ორი ღია ბაზა აქვს, სადაც ატვირთულია ელექტრონული წიგნები და ელექტრონული დისერტაციები. თუ მკითხველს დააინტერესებს, ბიბლიოთეკაში მოსვლის გარეშე შეუძლია უპრობლემოდ შემოვიდეს ჩვენს ბაზაში, მოიძიოს ნებისმიერი წიგნი იქნება ეს თუ დისერტაცია, ჩამოტვირთოს საკუთარ კომპიუტერში და თავისთვის კომფორტულ დროსა და გარემოში, რამდენი ხნის გამავლობაშიც დასჭირდება, გაეცნოს მას. ეს ძალიან ამარტივებს სამეცნიერო მუშაობას და, ზოგადად, ხელს უწყობს მეცნიერების განვითარებას,“- ამბობს ზურაბ ოქროპირიძე.

ქართული მეცნიერების მეტად განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევს - ქართული ენა უფრო მეტად გასაგები უნდა იყოს ციფრული სამყაროსთვის. ამ მიზნის მისაღწევად თავად ენერგიას არ იშურებს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას ენათმეცნიერების მიმართულებით, ჯერ მაგისტრატურაში, მოგვიანებით კი უკვე დოქტორანტურაში გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ ეს დიდი სამყაროა, სადაც ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი ხარ. ლიტერატურის საშუალებით, შენ შეგიძლია სამყაროს უყუროისე, როგორც გინდა. აქ არ არსებობს აქსიომები და წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვა,“- აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი.

თარიღი: 25/12/2020