საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით სვანაძე: „მეცნიერება გაძლევს საშუალებას იპოვო საკუთარი თავი ამა თუ იმ დარგში და იყო თავისუფალი...“

თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  მეცნიერ-თანამშრომელ დავით სვანაძესთვის  გარემოს შემსწავლელ მეცნიერების დარგში მოღვაწეობა, პირველ რიგში, სასარგებლო საქმის კეთების შესაძლებლობაა.

ახალგაზრდა მეცნიერმა  საკუთარი პროფესია ცხოვრების წესად  ოცი წლიდან აქცია და უკვე 12 წელია კვლევით საქმიანობასთან ერთად, კომპიუტერულ მოდელირების, დისტანციური ზონდირებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების მიმართულებით ლექციებს კითხულობს. მიწისძვრებისა და მეწყერების მიმართულებით  სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვის შესაძლებლობას აძლევს.

თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში ამბობენ, რომ  დავით სვანაძეს ყველა იცნობს, დღის განმავლობაში მისი ნახვა ერთდროულად ინსტიტუტის სხვადასხვა სამეცნიერო სექტორსა და ლაბორატორიაში არის შესაძლებელი.

კავკასიონის სისტემების გამყინვარების კლევა, ძველი და თანამედროვე გამყინვარების დინამიკა, გამოყენებითი და ექსპერიმენტული გეოფიზიკა,  სეისმოლოგია, სეისმური საშიშროების და კატასტროფების რისკების შესწავლა და პრევენცია მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს.

„მეცნიერება გაძლევს საშუალებას იპოვო საკუთარი თავი ამა თუ იმ დარგში და იყო თავისუფალი საკუთარ პროფესიაში. იამაყო და  იცოდე, რომ ემსახურები სასიკეთო საქმეს. კვლევის და სწავლის პროცესში, პროფესიასთან ერთად, თანდათან ჰობსაც იძენ. ჩემთვის ნამდვილად ასეა. წლებია სამეცნიერო სფეროში ვმოღვაწეობ და ეს დარგი ჩემი ცხოვრების წესი, პრიორიტეტი და ჰობიც კი გახდა.“

დავით სვანაძე ინსტიტუტის სხვადასხვა საერთაშორისო პროექტშია ჩართული და  იკვლევს მყინვარებს, ტექტონიკურ პროცესებს და იმ გარემო პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ  ადამიანის სიცოცხლეს და  ინფრასტრუქტურაზე.

„გერმანიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად მნიშვნელოვან კვლევებს ვაწარმოებთ ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გლობალური პოზიციონირების სისტემების გამოყენებით, ტექტონიკური მოძრაობების შეფასება ხდება. ვაკვირდებით დამბის სხეულს, მის მოძრაობას და ვიბრირებას სხვადასხვა გარემო პირობებში, მათ შორის, ტემპერატურის, წყლის დონის ცვალებადობისას“.

საველე სამუშაოებში იგი გლობალური პოზიციონირების სისტემების (GPS) მონტაჟსა და გამართვაზეა პასუხისმგებელი. ამუშავებს მიღებულ მონაცემებს და შემდგომ ადარებს მათ სხვა ტიპის მონაცემებთან. უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერი ასევე აქტიურად თანამშრომლობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეროლოგიისა და გეოლოგიის დეპარტამენტთან. ამ თანამშრომლობისა და რამდენიმე საგრანტო პროექტის ფარგლებში ხდება მეწყერსაშიში ტერიტორიების მოდელირება, რადარებისა და სატელიტური მონაცემების დამუშავება/შედარება.

„ამ კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ.   მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით,  მეწყრული სხეულების ზედაპირის დინამიკას ვსწავლობთ. სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით ჩამოვიტანეთ საქართველოში.  ისინი საშუალებას იძლევა მივიღოთ წონადი ინფორმაცია. გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები საინტერესო და საჭიროა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. კვლევები ამ სფეროში  იძლევა იმის საფუძველს, რომ გავარკვიოთ, რა ტიპის საფრთხეს უქმნის კონკრეტული მეწყრული სხეული ინფრასტრუქტურას, ან ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავიცვათ კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტი, მოვახდინოთ მეწყრის წარმოქმნის პრევენცია და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე“.

ბუნების სიყვარულმა დავით სვანაძის პროფესიული არჩევანი განაპირობა, სამეცნიერო კვლევების დიდი ნაწილი ველზე მიმდინარეობს, რითიც ახალგაზრდა მეცნიერი ბუნებასთან კავშირს არ წყვეტს. მიუხედავად ამისა,   თავისუფალ დროს ისევ გარეთ - ბუნებაში ატარებს.

„დრო როცა გამომიჩნდება ბუნებაში მივდივარ. ყოველთვის  ვცდილობ მთაში სიარულს, იქნება ეს ველოსიპედით, ფეხით, კარვით, თუ სხვა საშუალებებით. ეს აქტივობები ძალიან მეხმარება კარგად შევიმეცნო გარემო პირობები, რაც ჩემი სამეცნიერო მიმართულების და ინტერესების დამსახურებაცაა. მეცნიერების ეს დარგი ბუნებასთან და გარემო პირობებთან თავისუფლად თანაცხოვრების შესაძლებლობას მაძლევს“ - გვიმხელს იგი.

თარიღი: 11/01/2021