საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Times Higher Education თსუ არქეოლოგების შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ გრაკლიანი გორაზე გაკეთებული აღმოჩენების შესახებ ბრიტანული გამოცემა Times Higher Education წერს.

 

„თსუ პროფესორებისა და სტუდენტების არქეოლოგიური აღმოჩენები გასული ათწლეულების მთავარ არქეოლოგიურ ძეგლებად იქცა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია გრაკლიანი გორის აღმოჩენების შესახებ, რომელიც ქვის ხანიდან მოყოლებული ადრეულ ბიზანტიურ პერიოდამდე კაცობრიობის განვითარების 11 პერიოდს მოიცავს. აქვე საუბარი ეხება, თსუ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ უნიკალურ ნაქალაქარს, რომელიც ძვ.წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება. „ამ პერიოდის ძეგლები, აღმოსავლეთ საქართველოში, აქამდე არ აღმოუჩენიათ,“ - აღნიშნულია სტატიაში.

 

ბრიტანული გამოცემა ასევე ხაზს უსვამს გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილ უნიკალურ დამწერლობას, რომელიც მნიშვნელოვანია დამწერლობის თვალსაზრისით მთელ რეგიონში.

 

"თსუ პროფესორი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი განმარტავს, რომ გრაკლიანი გორაზე ორი სხვადასხვა ტიპის დამწერლობა აღმოჩნდა. ერთი იყო სალოცავის დასავლეთ ნაწილში, ხოლო მეორე, ცენტრალურ ნაწილში აღმოჩენილ წარწერას, ჰქონდა ისეთივე გრაფიკული გამოსახულება, როგორიც არამეულ ანბანს. ეს არის უძველესი წარწერა, რომელიც აღმოჩენილია კავკასიაში და ერთ-ერთი უძველესი იმავე გამოსახულებით, როგორიც არამეული ანბანია.

 

მაიამის ლაბორატორიამ, გრონინგენისა და ციურიხის უნივერსიტეტებმა დაადასტურეს, რომ თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი უნიკალური წარწერა ძვ. წ. XI-X საუკუნეებს მიეკუთვნება,“ - ნათქვამია სტატიაში.


ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ გრაკლიანი გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და საველე-სასწავლო ბაზა ღიაა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

 

ბრიტანული გამოცემა „თაიმსი“ (Times Higher Education) 2500 ინსტიტუციას აერთიანებს მსოფლიოს 93 ქვეყნიდან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს. „თაიმსის“ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირების სისტემაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც ზედიზედ 6 წლის განმავლობაში შედის „თაიმსის“ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში. თსუ N1 უნივერსიტეტია კავკასიასა და რეგიონში: არის  მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში. (U.S. News&World Report);   პირველია რეგიონში შემდეგი მაჩვენებლებითაც: QS University Ranking Eastern Europe and Central Asia;  Round University Ranking; Shanghai Academic Ranking of the World Universities  (თსუ ფიზიკის მიმართულება N151-200).

თარიღი: 31/03/2022