საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

12 საათში შექმნილი "ლეგენდა"

უკვე 16 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს. როგორც  კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, იგი იმ სტუდენტებისთვისაა, ვისაც ლიტერატურა უყვარს, საკუთარი თავის  მწერლის  სტატუსით გამოცდა სურს, ან  საამისოდ უნარების დახვეწა უნდა.

 

 კონკურსი ორ ეტაპად ტარდება.  მეორე, იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობას პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 10 ფინალისტი იღებს და ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში, ახალ, პროზაულ ნაშრომებს ქმნის. ყოველ წელს სპეციალურად შერჩეულ ახალ გარემოში და ახალ თემაზე.  2024 წლის ლეგენდის მონაწილეებისთვის ჟიურიმ  ორი თემა შეარჩია: 1. "გთხოვთ, გაიაროთ ვერიფიკაცია", 2. "არავის უნდა დაიჯეროს, რომ ბაღი კვდება." ამ ორიდან თითოეულ მონაწილეს  მისთვის სასურველი უნდა აერჩია. ცნობისათვის,  წელს შატო მუხრანში (სადაც კოკურსანტებს სამი დღის გატარების საშაულება ჰქონდათ) შექმნილი ნაწარმოებებიც, ტრადიციისამებრ  ყოველწლიური კრებულის სახით დაიბეჭდება.

 

ფართო საზოგადოებისთვის „შემოდგომის ლეგენდის“ სახელით  ცნობილი კონკურსი,  წელს უკვე „ლეგენდის“  სახელს ატარებს.  წლევანდელი „ლეგენდის“ პირველ ტურზე 236 ნაშრომი იყო შემოსული, რომელიც დაშიფრული სახით გადაეცათ შიდა ჟიურის წევრებს. ლეგენდის შიდა შესარჩევი ჟიურის შემადგენლობაში უკვე წლებია მწერლები: სალომე ბენიძე, სალომე მხეიძე და ბექა ადამაშვილი არიან.

 

 „ლეგენდა 2024-ის“ ჟიური 5 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: სამი მუდმივი წევრი, მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი, ახალი წევრი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე და „ლეგენდის“ შარშანდელი გამარჯვებული თორნიკე ლელაშვილი.

 

 „ძალიან  დადებითი შთაბეჭდილება მაქვს, რადგან მართლაც მშვენიერი ბავშვები არიან.  მიხარია, რომ   მონაწილეების ასეთი მრავალფეროვნებაა, რადგან ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები (თსუ, ილიაუნი, აკწუ და ჯიპა) მონაწილეობენ. ნიჭიერები რომ არიან,  იქიდანაც ჩანს, რომ  200-ზე მეტი კაციდან საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. თუმცა, ამავე დროს ალბათ ბევრი აქვთ სასწავლი. შეთავაზებული თემები იმდენად საინტერესოა, რომ თავადაც დავწერდი. ამავე დროს, მაინტერესებს როგორ შეიძლება დაწერო ასეთ სიტუაციაში, როდესაც გარშემო ასეთი მწერისთვის თითქოს ხმაურია. მონაწილეებს რომ ვკითხე,  ხელი არ გვეშლებაო, მიპასუხეს. ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკურსი უკვე მე-16 წელია ტარდება და ორგანიზატორებს ეს საკითხი არ გამორჩებოდათ.  ჟიურიში ხომ თავად არიან კონკურსანტები, რომლებმაც ეს ყველაფერი უკვე გამოიარეს.  გარდა ამისა,  ძალზე მიხარია, რომ ჟიურის შემადგენლობაში თსუ-დან  გიორგი ლობჟანიძეა, რომელიც არა მხოლოდ როგორც პიროვნება იმსახურებს უმაღლეს შეფასებას, არამედ როგორც  თავის საქმის პროფესიონალიც, რედაქტორი“, - ასე შეაფასა კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

„ჟიურის წევრის სტატუსით მონაწილეობის პატივი წელს პირველად მერგო,  მაგრამ ფაქტობრივად დაარსების შესახებ ვიცი ამ კონკურსის შესახებ და იმდროიდანვე  ვგულშემატკივრობდი, რადგან თავიდანვე დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი  მწერლების ლიტერატურულ დაოსტატებას და ჩამოყალიბებას. თუკი,  საქართველოს მომავალი  ექნება, იგი ჩვენი ლიტერატურის მომავლითაც უნდა იყოს განსაზღვრული. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი თაობა მოდის. ჯერ არ ვიცი როგორი შედეგები იქნება, მაგრამ დღეს გავიცანი ბავშვები და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამრჩა. ისინი თუნდაც ჩემი თაობისაგან ძალიან განსხვავებულები არიან და  ძალიან მაინტერესებს, რას და როგორ ფიქრობენ, რა აინტერესებთ და რა აწუხებთ. და ის კი, რომ ნიჭიერები არიან აშკარაა“, - ასე უკვე ჟიურის წევრი  მწერალი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე თვლის.

 

 ჟიურის წევრის გარდა კიდევ ერთი სიახლე  კონკურსის გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული გაზრდილი საპრიზო ფონდია.

 

პირველი ადგილისთვის 1500 ლარი და კონკურსის სიმბოლო, მეორე ადგილისთვის- 1000 ლარი, მესამე ადგილისთვის კი- 700 ლარი.  შეგახსენებთ, გარდა ამისა,  პირველი ადგილის პრიზიორი შემდგომი წლის ჟიურის შემადგენლობაშია.

 

 მწერალი მაკა ლდოკონენი ფაქტობრივად, კონკურსის დაარსებიდან მისი ჟიურის წევრია.    „შემოდგომის ლეგენდას სტუდენტებთან ერთად, ჟიურის წევრებიც მოუთმენლად ველოდებით... უკვე მეთექვსმეტე წელია. გამოცხადების დღიდან ვკითხულობ: შემოდის მოთხრობები? წელს როგორი აქტივობაა? რეგიონებიდან არიან? რომელი უმაღლესი სასწავლებლიდან უფრო აქტიურობენ სტუდენტები?...

და მერე: აბა, რამდენი ფინალისტი გვეყოლება? წელს როგორი ნაკადი გვყავს?..  არანაკლებ სასიამოვნო  გამოწვევებით სავსე პროცესი თემის ასარჩევად შეკრებაა... და ბოლოს, სტუდენტებთან შეხვედრის დღეც დგება -  როდესაც ახალ სახეებზე არანაკლებ ძველი მონაწილეებიც მახარებენ. როგორც ჩანს, მართლა ერთი ოჯახი ვართ ლეგენდელები, ამიტომაც გვიბრუნდებიან; ასეთ წუთებში ვრწმუნდები, რომ მართლაც საუკეთესო კონკურსია, დროს გაუძლო და ცვლილებებსაც არ შეუშინდა“,- აცხადებს მაკა ლდოკონენი.

 

ირმა კიკაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტია. მართალია, ძირითადად, დიდი ხნის განმავლობაში ლექსებს წერდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ პროზაული ნამუშევრების წერაც დაიწყო.  ერთ-ერთი წინა წელსაც გამოგზავნა, მაგრამ გამარჯვებულებში ვერ აღმოჩნდა.“წელს არ ვიცი, ბედმა გამიღიმა თუ ნაშრომი იყო უკეთესი, ლეგენდის ფინალურ ტურში აღმოჩნდი. ყველაფერმა  საბოლოოდ კი იმაში დამარწმუნა, რომ ყველაფერი უნდა სცადო და ის ბარიერები კი, რაც თუნდაც ნაკლები თავდაჯერებულობის სახით არსებობს, უნდა გადალახო.  მომავალში, როდესაც მსგავსი კონკურსის ან პროექტის  შესახებ გავიგებ, უკვე აღარ მომერიდება და მონაწილეობას  აუცილებლად მივიღებ“. ირმასთვის ლექსების წერა, როგორც თავად აღნიშნავს,  თავისებურად სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა,  რადგან მისი წყალობით იმპროვიზაციული ტურისათვის შექმნილი ტექსტი ზოგი მონაწილისგან განსხვავებით, უფრო ლაკონიური გამოუვიდა.

 

 სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსის 10 ფინალისტს შორის წელს პირველად მოხვდა  თბილისს გარეთ მდებარე სასწავლებლის სტუდენტი. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტ მალხაზ ქორიძისთვის,  ლეგენდის იმპროვიზაციულ ტურში  მონაწილეობა გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. მანამდე, მართალია ლეგენდაში არა, მაგრამ სხვა ერთ კონკურსში მონაწილეობდა. ლეგენდის შესახებ თავისი მეგობრების და სოციალური ქსელის შესახებ შეიტყო. როგორც ამბობს,  მეორე ტურის ნაწერით „გამარჯვების იმედი საშუალოდ აქვს“.

 

გოგა გუგავა-ილიაუნის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სტუდენტია ლიტერატურათმცოდნეობის  სპეციალობით. მაინორად კინომცოდნეობა აქვს და ლიტერატურის მუზეუმში მუშაობს. მანამდე ძირითადად რეცენზიებს, წერდა რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში ქვეყნდებოდა,  შემდეგ უკვე მოთხრობებს. კონკურსის შესახებ რამდენიმე მეგობრისგან შეიტყო, რომლებიც მისი თქმით, ლეგენდის ყოფილი როგორც წარმატებული  ისე წარუმატებელი მონაწილეები არიან.

„შეიძლება კარგი მწერალი არ ვარ, მაგრამ როგორც მკითხველი ვიცი, რომ კარგი ვარ და ზუსტად ამიტომ მივხვდი, რაც საკონკურსედ პირველი ტურისთვის  გამოვგზავნე, ძალიან ცუდი არ იყო. ლეგენდის იმპროვიზაციული ტურის ნამუშევარზე მკითხველი რას იფიქრებს არ ვიცი, მაგრამ  პირადად მე, წერის პროცესისგან სიამოვნება მივიღე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სამი დღე, რადგან ახალი ხალხი გავიცანი, რომელიც ჩემი ინტერესების მქონეა“, - ამბობს გოგა.

 

ახალი და  თან მსგავსი ინტერესების  მქონე თანატოლების, თუ ჟიურის წევრების სახით უფრო გამოცდილი მწერლების გაცნობის გამო კმაყოფილებას ბევრი  კონკურსანტი გამოთქვამდა. ისევე როგორც სამი დღის სასიამოვნო გარემოში  გატარების გამო.  

 

ლეგენდა 2024-ის გამარჯვებულები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდებიან.

თარიღი: 13/11/2024