საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა მაჭავარიანი: „აფხაზური ენისადმი ჩემი ინტერესი და სიყვარული ამ ენის სირთულეს უკავშირდება...“

„თავი არასდროს დამიზოგავს... ჩემი ძალებით, რაც შემეძლო, ყოველთვის ვცდილობდი, რაღაც ისეთი შემექმნა, რაც ჩემს ხალხსა და ქვეყანას გამოადგებოდა,“– ქართველი ენათმეცნიერი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი - ნანა მაჭავარიანი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 8 წიგნის ავტორია. დასაწყისიდან დღემდე, პროფესიულ გზაზე მისთვის ყველაზე ღირებული სტუდენტებისთვის ცოდნის გაზიარება და მათთან ურთიერთობაა, რაც მუდმივად ახალი ენერგიით ავსებს.

ნანა მაჭავარიანი ყველასთვის ცნობილი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა, დედა - ლამარა ბოკერია, ასევე ფილოლოგი იყო. მისი ინტერესიც ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართ სათავეს გარკვეულწილად ოჯახიდან იღებს. ქართული ენითა და ლიტერატურით, უფრო კონკრეტულად - ქართული გრამატიკით გატაცება კი, წესრიგისადმი მის სიყვარულს უკავშირდება. თვლის, რომ გრამატიკას ენის გარკვეული საკითხები სისტემატიზაციაში მოჰყავს.ქართული ენისადმი ინტერესმა კი ნანა მაჭავარიანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელება გადააწყვეტინა.

„ქართული ენა და ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარდა. მამაჩემის რჩევით, ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომი „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“ წავიკითხე, რის შემდეგაც გადავწყვიტე ფილოლოგიის მიმართულებაზე, კერძოდ კი, კავკასიურ ენათა განყოფილებაზე ჩამებარებინა. –„ქართულში კარგ ნიშანს მივიღებდი, ამბობდნენ მამამ დაუწერაო, უნივერსიტეტში ჩავაბარე, მამამ მოაწყოო, დისერტაცია დავიცავი და ისევ მამის გავლენააო. ასეთი რაღაცები მუდმივად თან მსდევდა, თუმცა ჩემთვის  მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იყო. დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა მუხრან მაჭავარიანის შვილობა.“ - ამბობს ნანა მაჭავარიანი.

კავკასიურ ენათა განყოფილების დასრულების შემდეგ, ასპირანტურაში აფხაზური ენის მიმართულებით ჩააბარა, შემდეგ იყო ჯერ საკანდიდატო, მოგვიანებით კი, სადოქტორო დისერტაციების დაცვა. ამას კი თანდათან სამეცნიერო ზრდაც მოჰყვა. 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს. დღეს ქართულ-აფხაზურ ენობრივ ურთიერთობებს იკვლევს. მისი ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა, მათ შორის „აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო“, „აფხაზურ-ქართული (7000-სიტყვიანი) ლექსიკონი“, „აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები“, „ენათმეცნიერული შტუდიები“ და სხვ. აფხაზური ენისადმი განსაკუთრებული ინტერესი, როგორც ამბობს, ენის სირთულიდან მომდინარეობს. ენის სტრუქტურის სწავლების პარალელურად კი ნანა მაჭავარიანი აფხაზ კოლეგასთან ერთად ცდილობს სტუდენტებს აფხაზური ენაც შეასწავლოს.

„აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელოს“ თანაავტორი აფხაზიქალბატონი - რიტა ამიჭბა-მარღანიაა, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. ჩვენ დღემდე ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის სტუდენტებთანაც. ერთ-ერთიმნიშვნელოვანი, რითაც აფხაზური ენა ქართულისგან განსხვავდება ისაა, რომ ამ ენას ბრუნება არ გააჩნია. საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ მარტივად ასათვისებელია აფხაზური ენა, პირიქით, ერთ-ერთიყველაზე რთული ენაა და ამით არის გამორჩეული. ზოგადად, ენაში რაც მეტი სირთულეა, მით უფრო საინტერესოა. რაც მარტივია, მარტივად სწავლობ და მარტივადაც გავიწყდება,“ - აღნიშნავს ნანა მაჭავარიანი.

პროფესიული არჩევანით კმაყოფილია, თუმცა თითქმის ყოველთვის უკმაყოფილოა საკუთარი თავით, რაც, როგორც ამბობს, განვითარებაში ყველაზე მეტად ეხმარება. იმ ადამიანებს კი, ვინც პროფესიულ არჩევანს დღეს აკეთებს, ეტყოდა, რომ: „ძალიან უნდა გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ და ემსახურებით. მთავარია, გიყვარდეს და გულით ემსახურო...“

თარიღი: 11/03/2021