საბაკალავრო პროგრამის დასახელება: არაბისტიკა / Arabic Studies
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არაბისტიკის ბაკალავრი / Bachelor of Arabic Studies
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი დარეჯან გარდავაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამა თავისი არსით რეგიონმცოდნეობითი პროფილის პროგრამაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის და კერძოდ, არაბული აღმოსავლეთის რეგიონს ასწავლის კომპლექსურად - ენის, ისტორიის, რელიგიის, ისლამურ-არაბული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების, ისლამური სამართლისა და მისი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემებისა და რეჟიმების, არაბული ქვეყნების თანამედროვე ყოფისა და რეალიების კუთხით. პროგრამაში აქცენტი კეთდება აგრეთვე ქართულ-არაბულ ისტორიულ, ენობრივ, კულტურულ კავშირებზე.
პროგრამის მიზანია, აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე, მოამზადოს არაბისტი, აღჭურვილი იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რომლებიც უზრუნველყოფს მის შრომით დასაქმებას.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს, სადაც, დღიდან დაარსებისა, აღმოსავლეთმცოდნეობა, როგორც კომპლექსური დარგი და არაბისტიკა, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, პრიორიტეტული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია.
ის, რომ ახლო აღმოსავლეთთან მეზობლობა და მჭიდრო ისტორიული ურთიერთობა ბუნებრივად ითხოვს ჩვენი ქვეყნისგან სათანადო პრობლემატიკისა და ცოდნის ფლობას, აღმოსავლეთმცოდნეობის და ქართველოლოგიური სკოლის სათავეებთან მდგომ დიდ ქართველ მეცნიერებს, უნივერსიტეტის ფუძემდებლებს კარგად ჰქონდათ გააზრებული. ქართული აღმოსავლეთმცოდნეობითი სკოლის ტრადიციებთან ერთად, პროგრამა კარგად იცნობს და ითვალისწინებს ზოგადად აღმოსავლეთმცოდნეობის და კერძოდ, არაბისტიკის დარგში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და მსოფლიო ორიენტალისტიკური სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, სადაც დღითიდღე მატულობს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ, რასაც განაპირობებს ამ ქვეყნების მზარდი პოტენციალი და როლი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.
არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს, მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის მულტიდისციპლინური პროფილის გამო არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ აღმოსავლეთმცოდნეობის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის მომზადების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზნები და ორიენტირები სრულად თანხვდება თსუ მისიას და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითად ამოცანებსა და სტრატეგიულ ხედვას - უზრუნველყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ არაბულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B 1.2 დონეზე; აქვს ისლამის როგორც რელიგიის და სოციალური ინსტიტუტის ისტორიის ზოგადი ცოდნა; იცის არაბული ქვეყნების შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიისა და კულტურის საფუძვლები, არაბული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი ეტაპები და ავტორები; არაბთა წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში; აქვს არაბ-საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ისტორიული ურთიერთობების საბაზისო ცოდნა; არაბულ-ქართული კონტაქტების ძირითად ასპექტთა (პოლიტიკური ფონი, კულტურული ურთიერთგაცვლა, ენობრივი ნასესხობანი და სხვ.) შესახებ ინფორმაცია,
ის დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან სხვა აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარგის მომიჯნავე სფეროებში გარკვევა. აქვს კარგი პრაქტიკული მომზადება, გააჩნია დარგობრივი კომპეტენციები და შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; შეუძლია სპეციალობის მაპროფილებელი ენის (არაბულის) პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციისა და საქმიანი ქაღალდების არაბულიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი; პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი.
დასკვნის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არაბისტიკის სპეციალობით შეუძლია სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო მეთოდების გამოყენება; სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების კრიტიკული შეფასება, ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება; ასევე მას აქვს შეძენილი ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის.
კომუნიკაციის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არაბისტიკის სპეციალობით აქვს მინიმალური დახმარების პირობებში ინფორმაციის ეფექტურად მოპოვების უნარი, მათ შორის, სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით; ჯგუფური მუშაობის, დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის, პროფესიული კამათის უნარ-ჩვევები. არაბულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა; პროფესიულ საქმიანობაში სპეციალობის ენის (არაბულის) საკომუნიკაციო ფუნქციით ეფექტურად გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არაბისტიკის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია პრიორიტეტების გამოყოფა მუშაობის პროცესში; შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს არაბისტიკის სპეციალობით აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. მას კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული, სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას.
დასაქმების სფეროები
არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში სათარჯიმნო, საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული, საარქივო-სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობისათვის. თავისი დარგობრივი ცოდნით, მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარით და ზოგად ტრანსფერული უნარებით შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, ტურისტულ ფირმებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის და სადაც თავის ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში დამატებითი სპეციალობის კომპეტენციებსაც ეფექტურად გამოიყენებს. ის შეიძლება დასაქმდეს პედაგოგიურ სექტორში (პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის გავლისა და მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში); ასევე თარჯიმნად, რისი მოთხოვნილებაც დღევანდელი საქართველოს შრომით ბაზარზე არსებობს.