სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ეროვნული უსაფრთხოება: დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 75 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
არჩევითი კურსები 15 ECTS კრედიტი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების – დემოგრაფიის, დემოგრაფიული პოლიტიკისა და მიგრაციების შესახებ მრავალმხრივი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ:
- ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტის –დემოგრაფიული მეცნიერების ძირითადი თეორიების, დებულებების, კანონების, ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი კონცეფციების და თეორიების სისტემური ანალიზი და მათზე დაყრდნობით სოციოლოგიური კვლევების ჩატარება, მიღებული შედეგების საფუძველზე შერჩეული კვლევითი პრობლემატიკის შესწავლა და ნაშრომის მომზადება;
- მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების თავისებურებების განსაზღვრა დინამიკაში, როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონულ და ცალკეული ქვეყნების ჭრილში;
- მიგრაციული პროცესების (როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოს და კავკასიის მასშტაბით) სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და ეროვნული უსაფრთხობის ასპექტების გამოვლენა და ანალიზი;
- დემოგრაფიული პოლიტიკისა და მიგრაციული პოლიტიკის ქვეყნის ცხოვრებაში გასატარებლად, სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებთან ურთიერთკავშირის განსაზღვრა;
- მიღებული ცოდნით აკადემიურ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანა და ცოდნის გაცვლა-გავრცელება სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილში.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაშვებია სხვადასხვა სფეროს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა მიღება, რომელთაც მოეთხოვებათ:
● საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
● წერითი გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში;
● მიმღებ კომისიასთან გასაუბრება სპეციალობასა და უცხოურ ენაში (ინგლისური ენა - B1.2 დონე).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
● მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულების გამოყვანის სტრუქტურა:
● საერთო სამაგისტრო გამოცდა - საკმარისია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ბარიერების წარმატებით გადალახვა (მინიმალური ზღვარი);
● წერითი გამოცდა სპეციალობაში (40 - % ) - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
● გასაუბრება სპეციალობაში (20 %) - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან);
● გასაუბრება უცხოურ ენაში (ინგლისური ენა B1.2) (40 %) - მინიმალური ზღვარი 51 ქულა (100 ქულიდან).
1. სისტემურად და სიღრმისეულად განმარტავს დემოგრაფიულ თეორიებს, დემოგრაფიის ფუნდამენტურ კონცეფციებს; მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს;
2. განსაზღვრავს დემოგრაფიის პოლიტიკის ამოცანებს, პარადიგმებსა და სხვა პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე;
3. დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით, ქმნის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების მოდელებს და ახდენს მათი იმპლიმენტაციისათვის საჭირო კომპლექსური მონაცემების ანალიზს;
4. იყენებს დემოგრაფიულ თეორიებს, ეროვნული უსაფრთხოების ზოგად კონცეფციებს და მათი თეორიების სხვადასხვა ასპექტს თანამედროვე დემოგრაფიულ პრობლემებთან მიმართებაში;
5. დამოუკიდებლად და კრიტიკულად ამუშავებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, აანალიზებს მონაცემებს კვლევის უახლესი მეთოდების (მათემატიკური, სტატისტიკური, სოციოლოგიური) გამოყენებით; ადგენს დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობას, მსჯელობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების დემოგრაფიული განვითარების ისტორიული, გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური შედარებითი ანალიზის შედეგებზე;
6. პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, სხვადასხვა ქვეყნების მიერ გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად წერს სამაგისტრო ნაშრომს, წარადგნეს საკუთარ მოსაზრებებს ზეპირად და/ან წერილობით ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური დემოგრაფიული პოლიტიკის შესამუშავებლად;
7. შეაქვს საკუთარი წვლილი უნივერსიტეტში მიღებული კომპეტენციების საფუძველზე როგორც პროფესიული, ასევე სამოქალაქო აქტივობით, დარგის განვითარებაში;
8. ავლენს მაღალმოქალაქეობრივ პოზიციას როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური კვლევის პროცესში; აკადემიური ეთიკის ფარგლებში მონაწილეობას იღებს დარგობრივ პოლემიკაში, იცავს საკუთარ და გუნდის პოზიციას, პატივს სცემს სხვის მოსაზრებას.
„ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციების“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ სამეცნიერო ან სხვადასხვა ორგანიზაცია/დაწესებულებებში, რომელთაც ჭირდებათ ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი კონცეფციების და თეორიების, დემოგრაფიის პოლიტიკის, განსაკუთრებით კი რეგიონული დემოგრაფიისა და მიგრაციის სპეციალისტები, რათა პროფესიულად შეისწავლონ, გააანალიზონ და დაგეგმონ მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარებისა და უსაფრთხოების, ასევე სულ უფრო მზარდი მიგრაციული პროცესები. მაგ.:
⮚ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
⮚ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
⮚ სტატისტიკის ეროვნული სამსახურები
⮚ ეროვნული უსაფრთხოების განმახორციელებელი პოლიტიკური ინსტიტუტები
⮚ არასამთავრობო ორგანიზაციები
⮚ ანალიტიკური ცენტრები და სხვა.