საბაკალავრო პროგრამის დასახელება: სოციოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის ბაკალავრი
დადგენილების ნომერი №90370 (დანართი №37)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი, პროფესორი ამირან ბერძენიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 240 კრედიტი
საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 50 კრედიტი (ECTS)
ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსები - 120 კრედიტი (ECTS) (მათ შორის საბაკალავრო ნაშრომი 10 კრედიტი)
თავისუფალი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი (ECTS)
დამატებითი (minor) სპეციალობის ან სხვა სასწავლო კურსები - 60 კრედიტი (ECTS).
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისად:
უზრუნველყოს სტუდენტები სოციოლოგიურ თეორიებსა და სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიაში ფართო თეორიული ცოდნით;
გააცნოს სტუდენტებს სოციოლოგიის ძირითადი ქვედისციპლინები, როგორებიცაა პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, რელიგიის, ოჯახის, გენდერის, ენის, მეცნიერების, ჯანდაცვის, სამართლის, დანაშაულის სოციოლოგია;
განუვითაროს სტუდენტებს პრაქტიკული სოციოლოგიური კვლევის განხორციელების უნარ-ჩვევები.
განუვითაროს სტუდენტს სოციოლოგიური წარმოსახვა და სოციალურ რეალობაზე კრიტიკული რეფლექსიის უნარი.
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადებში.
საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
კურსდამთავრებული:
დეტალურად აღწერს და აანალიზებს სოციოლოგიის ისტორიას და მისი განვითარების ძირითად ტენდენციებს;
სრულყოფილად განმარტავს სოციოლოგიის ძირითად ცნებებსა და ტერმინებს, თეორიულ მიდგომებსა და სოციალური კვლევის თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს.
კურსდამთავრებული:
ირჩევს სოციოლოგიური კვლევის შესაფერის მეთოდებს, რათა სიღრმისეულად შეისწავლოს სოციალური პრობლემები და მოიპოვოს სანდო მონაცემები სოციალური რეალობის შესახებ;
შეიმუშავებს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დიზაინს, კერძოდ, შეუძლია კვლევის მიზნისა და ამოცანების, აგრეთვე ჰიპოთეზების გამართულად ფორმულირება, რაოდენობრივი და თვისებრივი შერჩევის განხორციელება, მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის მეთოდების ადეკვატურად შერჩევა, აგრეთვე ემპირიული კვლევის განხორციელება ეთიკური სტანდარტების დაცვით, სათანადო ზედამხედველობის ქვეშ;
პირველადი სოციოლოგიური ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, ადეკვატური დასკვნები გამოაქვს შესასწავლი პრობლემის არსის შესახებ და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს მის გადასაჭრელად;
კომუნიკაციას ამყარებს ქართულ და უცხო ენაზე (ინგლისური ენა, B2) როგორც კვლევის მონაწილეებთან/რესპონდენტებთან, ისე დარგის წარმომადგენლებთან, რათა კვლევის მონაცემები გააცნოს და პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს.
კურსდამთავრებული:
აცნობიერებს პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობას სოციოლოგიური კვლევის ჩატარებისას და ამ მიზნით იცავს კვლევის ობიექტის (ადამიანი, ჯგუფები) უფლებებს (პირველ რიგში, მათ კონფიდენციალურობას და ანონიმურობას); ასევე, აღიარებს კულტურული მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის პრინციპებს;
ავტონომიურია გადაწყვეტილებების მიღებაში და უარს ამბობს მიკერძოებული კვლევების ჩატარებაზე, კერძო პირებისა თუ ლობისტური ჯგუფების კარნახით;
იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და თავს არიდებს პლაგიატს.
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი საქმიანობის დაწყება ყველა იმ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ზოგადი კვალიფიკაციის სოციოლოგს საჭიროებს. ასეთი კვალიფიკაცია კი პრინციპულად ყველა სფეროში არსებულ ორგანიზაციას შეიძლება დასჭირდეს.
კუსდამთავრებულს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაზე.