საბაკალავრო პროგრამის დასახელება: სახვითი ხელოვნება / Fine Arts
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სახვითი ხელოვნების ბაკალავრი / Bachelor of Fine Arts
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლევან სილაგაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს სახვითი ხელოვნების სფეროში პრაქტიკოსი-სპეციალისტის აღზრდას, რომელსაც შეძენილი აქვს მხატვრისთვის აუცილებელი ფუნდამენტური ჩვევები, ოსტატობა და ჰუმანიტარული განათლება.
თანამედროვე მხატვარს ასეთ პირობას ხელოვნებისადმი საზოგადოების მოთხოვნა უყენებს. მხატვრის (ოსტატის) ჩამოყალიბების პროცესი ძირითადად ინდივიდუალურ-პრაქტიკული ხასიათისაა და დაოსტატების რეჟიმის საწყისი ეტაპი ხშირ შემთხვევაში ემყარება აპრობირებულ სქემას ”ოსტატი - შეგირდი”, მაგრამ თანამედროვე მხატვრობის ამოცანები ამ სქემის გარკვეული ცალმხრივობისა და შეზღუდულობის გადალახვას მოითხოვს. სწორედ აქედან გამომდინარეობს პროგრამის მიზანი - სტუდენტმა უნდა შეიძინოს ცოდნა და კვალიფიკაცია, რომელიც საკუთარი ინდივიდუალური შემოქმედებით საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის გამოადგება. ამ მიზნისათვის კურსდამთავრებულის დარგობრივი კომპეტენცია და უნარ-ჩვევები დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, მხატვრულ კომპოზიციურ აზროვნებაში გამდიდრებული იქნება ფუნდამენტური განათლებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ამავე დროს პროგრამის მიზანია მომავალ სპეციალისტს შეუქმნას ფართო დიაპაზონის ბაზა არჩევანისათვის სახვითი ხელოვნების სახეობებში და კარგი ფუნდამენტი მაგისტრატურის დონეზე სწავლების გასაგრძელებლად. ამ მიზანს ემსახურება ხატვისა და ფერწერის აკადემიურიო პრინციპების ძირ-ფესვიანი შესწავლა სავალდებულო საგანთა ბლოკში და მისი სინთეზი კომპოზიციის არჩევით საგნებთან, რაც მხატვრული ხედვისა და აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის არის მოწოდებული.
პროგრამით გათვალისწინებული კომპლექსური სწავლება სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების შესაბამის, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ არის ორიენტირებული. ეს ყველაფერი აუცილებელია კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისათვის.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: სახვითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სახვითი ხელოვნებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარების ისტორიის ზოგადი ცოდნა. სახვითი ხელოვნების ძირითადი, ტრადიციული დარგების (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა) და გამოყენებითი ხელოვნების დარგების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების, ამოცანების და სტილისტიკის გარჩევის უნარი. კურსდამთავრებულს ესმის ზოგადად მხატვრობის სპეციფიკა და ამ სფეროში შეფასების კრიტერიუმების არაერთგვაროვნება – აცნობიერებს, რომ როგორც ხელოვნების ნიმუშის, ასევე მხატვრული და დიზაინერული იდეის ხორცშესხმას, კონკრეტულ ამოცანასა და ჩანაფიქრს უნდა ესადაგებოდეს სახეთა პლასტიკა – მხატვრული ფორმის სტრუქტურა. ფლობს ერთ-ერთ ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური/აღმოსავლური ენის საფუძვლები, აკადემური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: კურსდამთავრებულს აქვს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ესკიზებზე სამუშაოდ საჭირო მასალების, ინსტრუმენტებისა და დამხმარე ინვენტარის პრაქტიკაში სწორად და ოპტიმალურად გამოყენების უნარ-ჩვევები. ფლობს აკადემიური ხატვის ტექნიკას და ხერხებს – შეუძლია ნებისმიერი სირთულის მოდელის სწორი კონსტრუქციული გადმოტანა სასურათე სიბრტყეზე და მისი შემდგომი შუქ-ჩრდილული დამუშავება. ფლობს ზეთის ფერწერის, აკვარელის, ტემპერისა და გუაშის ტექნიკას. მას შეუძლია ამ სახეობის საღებავების მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენება დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში (სასურათე სიბრტყის მასალისა და დანიშნულების მიხედვით მათი სწორად შერჩევიდან ტექნიკური და სტილისტური ნიუანსების შეჯერებამდე) და გრაფიკაში, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ესკიზების შესაქმნელად.
დასკვნის უნარი: სახვითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სახვითი ხელოვნების სფეროში შეფასების კრიტერიუმების არაერთგვაროვნების გაცნობიერებაზე დაყრდნობით, როგორც ხელოვნების ნიმუშის, ასევე მხატვრული იდეის, კონკრეტული ამოცანის და გარემოსთვის მისადაგების შეფასებისას საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზის უნარი. კარგად ერკვევა პლასტიკური ფორმის სტილურობაში, რაც ცდათა და შეცდომათა მეთოდის ნაყოფია და დასკვნის უნარს ეფუძნება, პროდუქტიული დასკვნა აქ მხოლოდ გარკვეული სინთეზის შედეგად აღმოცენდება. აქვს მხატვრობაში სტილიზაციისადმი ინდივიდუალური, შემოქმედებითი მიდგომის უნარი, რაც სახვითი ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი აქტიურობის აუცილებელი პირობაა.
კომუნიკაციის უნარი: ბაკალავრს აქვს სახვით ხელოვნებაში კომპოზიციური და დარგობრივი, სტილისტური თუ ტექნოლოგიური იდეების და პრობლემების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისთვის ქართულ და უცხოურ ენებზე ზეპირად გადაცემის უნარი.
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლების პროცესის დაგეგმვა, სახვითი ხელოვნების სფეროში ფუნდამენტური ცოდნის ბაზაზე შედარებით ვიწრო დარგობრივ-შემოქმედებითი ინტერესების განსაზღვრა. სწავლის და პრაქტიკული მუშაობის სტრატეგიისა და დროის ორგანიზება სწავლების პერიოდში ბუნებრივად შეძენილი უნარია, რადგან მხატვრობის შესწავლა პროგრამის მიხედვით შედგება არაერთგვაროვანი მეთოდიკისგან (თეორიული ცოდნის მიღება, სახელოვნებო ტექნიკისა და უნარ-ჩვევების განვითარება, მხატვრულ-კომპოზიციური აზროვნება) და ხარისხიანი მხატვრული პროდუქტის მიღებაც მხოლოდ სწორად გაწერილი ციკლების შესრულების შედეგად შეიძლება.
ღირებულებები: კურსდამთავრებულს შეუძლია თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მაღალმხატვრული, გემოვნებაზე და კომპოზიციურ აზროვნებაზე, დარგობრივი და სტილისტური ამოცანების ცოდნაზე დაფუძნებული ღირებულებების ფორმირებაში მონაწილეობა და სწრაფვა მათი დამკვიდრებისათვის. კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების შესაბამის, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები.
დასაქმების სფეროები
პროგრამაში გათვალისწინებული ძირითადი სპეციალობის საგნები ისეთი თანმიმდევრობით და ურთიერთშეფარდებით არის სტრუქტურირებული, რომ კურსდამთავრებული მხატვრის მუშაობის სფეროებისთვის კარგად იქნება მომზადებული. პირველ რიგში ეს არის ინდივიდუიალურ-შემოქმედებითი სფერო; ამავე დროს იგი თავისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას შეძლებს საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორშიც: მასმედიაში, კულტურულ დაწესებულებაში, წარმოებაში, ყველგან სადაც ვიზუალური ფაქტორის ესთეტიზაცია და დახვეწა- ჩამოყალიბებაა საჭირო.
სასწავლო პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ სტუდენტს ექნება საკმარისი ცოდნა, კვალიფიკაცია და პრაქტიკული ჩვევები 1) დაზგური მხატვრობის (ფერწერა, გრაფიკა) დარგებში ინდივიდუალური შემოქმედებითი მუშაობისთვის; 2) საგამომცემლო სფეროში; 3) ნებისმიერ სფეროში, სადაც პროდუქციის, ობიექტის და პერფორმანსის მხატვრული და დიზაინერული გაფორმება არის საჭირო.