საბაკალავრო პროგრამის დასახელება: სკანდინავიური ფილოლოგია / Scandinavian Philology
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სკანდინავიური ფილოლოგიის ბაკალავრი / Bachelor of Scandinavian Philology
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სკანდინავისტიკის ცენტრი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ლორია
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტს სკანდინავიური ენები (ნორვეგიული როგორც ძირითადი და შვედური როგორც მეორე ენა) და ლიტერატურა, მისცეს ცოდნა სკანდინავიის ქვეყნების კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, გამოუმუშაოს პროგრამის განმავლობაში შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევები; ფილოლოგიის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე მოამზადოს კადრი სკანდინავიურ ფილოლოგიაში, აღჭურვილი იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რომლებიც უზრუნველყოფს მის შრომით დასაქმებას. პროგრამა კარგად იცნობს და ითვალისწინებს ზოგადად ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ფილოლოგიაში, კერძოდ კი, სკანდინავიურ ფილოლოგიაში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და მსოფლიო ფილოლოგიური და სკანდინავისტური სასწავლო თუ კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, სადაც დღითიდღე იზრდება ინტერესი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, რასაც განაპირობებს ამ ქვეყნების მზარდი და მრავალმხრივი პოტენციალი. სასწავლო პროგრამები სკანდინავიური ფილოლოგიის (ისევე როგორც, საზოგადოდ, სკანდინავისტიკის) სფეროში არსებობს მსოფლიოს მრავალ და ევროპის თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტში. სკანდინავიის მცირერიცხოვანი, გეოგრაფიულად განაპირა ევროპული ერების სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილება მრავალმხრივ საყურადღებოა ჩვენს, გეოგრაფიულად ასევე განაპირა, ევროპულ და მცირერიცხოვან ქვეყანაში თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.
პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ. სკანდინავიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს, მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სკანდინავიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ სხვა ჰუმანიტარულ და, აგრეთვე, მიმართულებათშორისი დარგების პროფილით სწავლის გაგრძელების კარგი პერსპექტივა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრს აქვს ფილოლოგიის, როგორც დარგის, ფართო აღქმის უნარი, აცნობიერებს აღნიშნული დარგის კომპლექსურ საკითხებს; ფლობს სათანადო ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენებს (ნორვეგიულს და შვედურს).
კურსდამთავრებულს აქვს შესაბამისი საბაზისო ცოდნა სკანდინავიურ ენათა სტრუქტურაზე (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი), აგრეთვე ლექსიკოლოგიის ზოგადი მახასიათებლების შესახებ; იცის სკანდინავიურ ენათა საერთო ნიშნები; სიღრმისეულად ფლობს საკითხებს გერმანიკული, და მათ შორის სკანდინავიური ენების წარმოშობისა და განვითარების შესახებ; აცნობიერებს აღნიშნული ენების ადგილს და მნიშვნელობას ინდოევროპულ და მსოფლიოს ენათა სისტემაში; იცის სკანდინავიური ენები (ნორვეგიული როგორც ძირითადი და შვედური როგორც მეორე ენა);
მას აქვს სკანდინავიური ლიტერატურის ისტორიის ცოდნა, ნორვეგიული და შვედური ლიტერატურის განვითარების მაგალითზე, საუკუნეთა სიღრმიდან მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებამდე, კურსდამთავრებულს შესაძლებლობას აძლევს გააცნობიეროს ამ რეგიონის ლიტერატურისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ხასიათის ჟანრული და ესთეტიკური თავისებურებანი და სკანდინავიური ლიტერატურის ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში.
კურსდამთავრებულმა იცის ერთ-ერთი ევროპული ენა და რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: კურსდამთავრებულს შეუძლია: ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ფილოსოფიური ცნებებით ოპერირება; ჰუმანიტარულ სფეროში სხვადასხვა პრობლემატიკის ირგვლივ საკუთარი აზრის დამაჯერებლად ჩამოყალიბება/არგუმენტირება, მიზნის ადეკვატური ენობრივი ერთეულების შერჩევა და აკადემიურ გარემოში საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების შექმნა; საშუალო ან საშუალოზე მაღალი სირთულის ტექსტის წაკითხვა და შექმნა ნორვეგიულ და შვედურ ენებზე. ერთ–ერთი სხვა ევროპული ენის ცოდნის გამოყენება აკადემიური მიზნებისთვის; ერთ–ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ენის (არჩევით) ცოდნის გამოყენება აკადემიური და სამეცნიერო მიზნებისთვის; ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
სკანდინავიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს გამომუშავებული აქვს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ფილოლოგიური საქმიანობისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევები. კურსდამთავრებულს ათვისებული აქვს არამარტო ნორვეგიული და შვედურ ენები (რომელთა მეტ-ნაკლებად პარალელურ რეჟიმში შესწავლაც უაღრესად ავსებს და ამყარებს თითოეული მათგანის პრაქტიკულ ცოდნას, გამომდინარე ამ ენათა უახლოესი ნათესაობიდან), არამედ, გერმანიკული ენების საერთო ლინგვისტური ნიშნების ცოდნა სხვადასხვა ენობრივ დონეზე მას (ბაკალავრს), სურვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად უადვილებს სხვა გერმანიკული ენების პრაქტიკულ შესწავლასაც. კურსდამთავრებულს განვითარებული აქვს ურთიერთმონათესავე ენებისა და ეროვნული ლიტერატურების ფაქტებსა თუ პროცესებზე დაკვირვების უნარი; შეუძლია პრაქტიკული მთარგმნელობითი ამოცანის გადაჭრაც.
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთების უნარი; შეუძლია ტექსტის ენობრივი და ლიტერატურული ინტერპრეტირება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა; აგრეთვე, ხელეწიფება სკანდინავიური ლიტერატურის, ისევე როგორც სკანდინავიური და ცალკეულ შემთხვევებში, საზოგადოდ, გერმანიკული ენების შესახებ მონაცემების შეგროვება და განმარტება, მათი ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით და შესაბამისი დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება.
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთვარებულს აქვს ინფორმაციის კონცეპტუალური სახით ჩამოყალიბებისა და გადაცემის უნარი; შეუძლია სკანდინავიური ფილოლოგიისა და, ცალკეულ შემთხვევებში, აგრეთვე გერმანიკულ ენებთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბება ან/და მისი ზეპირად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ქართულ, ინგლისურ და პროგრამით შესწავლილ სკანდინავიურ ენებზე, მათ შორის თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებით. ეფექტურად ურთიერთობს სამუშაო /სასწავლო/ პროფესიულ ჯგუფში, შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში მონაწილეობა. შეუძლია ანგარიშის და ესეს დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს შესაბამისი პროფესიული ლიტერატურიდან კონკრეტული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკული შეფასების უნარი; შეუძლია ახალი ინფორმაციის ანალიზი დარგის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა; შეუძლია დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით, შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებით გარკვეული ცოდნის მიღება ან განახლება; შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: კურსდამთავრებულს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა; ხელეწიფება განსხვავებული ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება; შეუძლია, სკანდინავიური სინამდვილის მაგალითზე, განსხვავებული კულტურისა და აზროვნების პატივისცემა; იგი არამარტო მატარებელია ტოლერანტული და დემოკრატიული ღირებულებებისა, რომლითაც ცნობილია სკანდინავიური კულტურა და სინამდვილე, არამედ, შეძენილი ცოდნიდან გამომდინარე, შეუძლია, თავისი პროფესიული საქმიანობის დროს ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მათ ფორმირებასა და დამკვიდრებას. კურსდამთავრებული ჯგუფური მუშაობისას გამოხატავს სოციალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას; იცავს ინტერპერსონალური და აკადემიური ეთიკის ნორმებს.
დასაქმების სფეროები
მხატვრულ-კრიტიკული და მხატვრულ-მთარგმნელობითი საქმიანობა; სათარჯიმნო საქმიანობა ბიზნეს-ფირმებში; სხვადასხვა სახის საქმიანობა დიპლომატიურ სამსახურში და არასამთავრობო სექტორში; საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული საქმიანობა; პედაგოგიური საქმიანობა (შესაბამისი ერთწლიანი პედაგოგიური პროგრამის გავლისა და მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში); საქმიანობა გამომცემლობებში, ბიბლიოთეკებში. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მასმედიის სფეროში, მუზეუმებსა და ტურისტულ ფირმებში; სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის.