პროექტის „მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში თსუ პროფესორმა ნინო გაჩეჩილაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „მიკრობული სამყარო - თანაცხოვრება, ბრძოლა, ადაპტაცია“.
- თანაცხოვრება მიკრობულ სამყაროში - როგორ ვარსებობთ ერთად?
- მიკრობები - ჩვენი გარემოს შემქმნელები
- რომელია ინფექციების გამომწვევი მიკრობები?
- რა არის ინფექცია და რა განსხვავებაა ინფიცირებასა და ინფექციურ პროცესს შორის?
- ბრძოლა - როგორ ხდება ინფექციებისგან ჩვენი თავდაცვა? რა არის იმუნიტეტი?
- რას უპირისპირებენ მიკრობები ჩვენს იმუნურ მექანიზმებს?
იხილეთ საჯარო ლექცია
ნინო გაჩეჩილაძე - 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალობით. 1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბიოლოგიაში ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სპეციალობით და 1996 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა იმუნორეგულაციისა და იმუნობიოტექნოლოგიის ლაბორატორიას, სადაც მუშაობა ჯერ კიდევ 1988 წლიდან დაიწყო ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2006 წლიდან დღემდე იგი გახლავთ თსუ ასოცირებულ პროფესორი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრაზე.
არის ერთი მონოგრაფიისა და 28 სამეცნიერო სტატიის ავტორი რეფერირებად ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში, ჩართული იყო 6 საერთაშორისო საგანმანათლებლო (TEMPUS, ERASMUS), 7 ეროვნულ და 4 საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტში, მათ შორის Global Health Organization კვლევით პროექტებში. იგი არის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის პატენტის მფლობელი, პატენტ N7168 - „მიკრობების კულტივირების მეთოდების ვირტუალური სიმულაცია.
2015 წლიდან ნინო გაჩეჩილაძე გახლდათ საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გრანტებისა და პროგრამების ადმინისტრირების, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2017 - 2020 წწ კი გენერალური დირექტორის მოადგილე. ეროვნულ დონეზე კვლევების მართვის გარდა უძღვებოდა ადგილობრივი და ორმხრივი კონკურსების ადმინისტრირებას ევროკავშირის პარტნიორ ინსტიტუტებთან და ასევე Horizon 2020 დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის STEM კვლევებში გენდერული თანასწორების და კვლევასა და ინდუსტრიას შორის სექტორთაშორის თანამშრომლობის ინიციატივებს. ამავე წლებში იგი იყო Horizon 2020-ის ევროპული კვლევის საბჭოსა და შემდგომში Marie Skłodowska Curie Action-ის ეროვნული საკონტაქტო პირი. ხოლო, 2022-2024 წლებში კი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ადმინისტრირებული ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების (NEAR) პროგრამის წამყვანი ექსპერტი.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.